"თუ ბავშვმა დილით დროულად არ ისაუზმა, ირღვევა ჰორმონული ბალანსი... მშიერი ბავშვის დასწავლის უნარი დაქვეითდება..." - რამდენი საათია დასაშვები, რომ მოსწავლე მშიერი იყოს - მშობლები

"თუ ბავშვმა დილით დროულად არ ისაუზმა, ირღვევა ჰორმონული ბალანსი... მშიერი ბავშვის დასწავლის უნარი დაქვეითდება..." - რამდენი საათია დასაშვები, რომ მოსწავლე მშიერი იყოს

2021-11-01 05:54:01+04:00

ბავშვთა კვება ხშირად მშობლების ნერვიულობის მიზეზი ხდება. პრობლემა კი უფრო მეტად დილით, საუზმეზე იქმნება, რადგან ბევრ ბავშვს სკოლაში წასვლამდე უჭირს საკვების მიღება და ცოტა მოგვიანებით, 11-12 საათისთვის სკოლაში მიირთმევენ სახლიდან წაღებულ პროდუქტებს. მისაღებია ეს ქცევა, თუ ჯობს, მშობელმა ძალდატანებით, თუნდაც რამდენიმე ლუკმა შეაჭამოს ბავშვს დილით და ზოგადად, რატომაა აუცილებელი საუზმე ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, თემაზე პედიატრი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე გვესაუბრება;

- ძალდატანება არასოდესაა კარგი გამოსავალი. თუ ბავშვს სხვანაირად ვერ დავარწმუნებთ, რომ სკოლაში წასვლამდე ისაუზმოს, ის მაინც უნდა ვუთხრათ, რომ როცა უკვე სკოლაში მიირთმევს, ხარისხიანი საკვები მიიღოს და არა ტკბილეული და სწრაფი კვების პროდუქტები.

- რა დროა ოპტიმალური საუზმისთვის? გაღვიძებიდან, რამდენ ხანში უნდა ისაუზმოს ბავშვმა?

- გაღვიძებიდან 2 საათის ინტერვალში, 7- დან 9 საათამდე.

- ის ბავშვები, რომლებიც არ საუზმობენ, რას კარგავენ ამით და რა არის ხოლმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჭამა არ სურთ?

- მიზეზი არასწორად ჩამოყალიბებული ჩვევა და დღის რეჟიმია. ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ "საწვავი" სწრაფი ზრდისა და განვითარებისათვის. ამავე დროს, ენერგიის მარაგი მათ ბევრად მწირი აქვთ. დილით თუ დროულად არ მიიღეს საკვები, ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, მათი სხეული სტრესულ რეჟიმშია, რაც გაღიზიანებით და კონცენტრაციის დაქვეითებით გამოვლინდება.

- იქნებ, ჩამოგვითვალოთ კონკრეტული პროდუქტები, რომლებიც საუზმის რაციონში უნდა შედიოდეს?

- საუზმე მართალაც დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. ის ბალანსირებული უნდა იყოს, სასურველია მოიცავდეს ბურღულეულს, ჯანსაღ ცხიმს, ცილას, ხილს. მაგალითად, რძით დამზადებული შვრიის ფაფა ცოცხალი ხილით, ომლეტი რუხი პურით, ხაჭოს კვერები, ხილის სალათი და აშ.

- ახლა სკოლებში კოვიდპანდემიის გამო ბუფეტები არ ფუნქციონირებს და ბავშვს შეიძლება დიდი ხნით მოუწიოს მშიერი ყოფნა. რამდენ საათი შეიძლება მოსწავლე მშიერი იყოს ხოლმე სისტემატურად, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს?

- სკოლის ასაკის ბავშვი დღეში 3-ჯერ უნდა მიირთმევდეს და ხემსი 1-2- ჯერ ჰქონდეს. 4 საათზე მეტი პერიოდის განმავლობაში შიმშილი არაა სასურველი. პირველ რიგში, ეს კონცენტირების უნარზე იმოქმედებს. მშიერი ბავშვის დასწავლის უნარი მნიშვნელოვნად დაქვეითდება.

- სკოლის პერიოდში ბევრი ბავშვი მიირთმევს ცომეულს, ფუნთუშებს, ჰოთ-დოგსა და მსგავს პროდუქტებს, ეს რამდენად დასაშვებია?

- ბევრი რამ პროდუქტის ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა სისტემატურად ასეთი ტიპის კვება წონის მატების მნიშვნელოვან რისკს შეიცავს.

- ხორცეული ბავშვებს დიდად არ უყვართ და ძირითადად შემწვარი სახით მიირთმევენ (მწვადი, შემწვარი ქათამი, კატლეტი). რამდენად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს ასე მომზადებული ხორცი?

- ხორცი ცილის, რკინის, კალციუმის, ბ ჯგუფის ვიტამინების ძალინ კარგი წყაროა. სასურველია, კვრაში 2-ჯერ მაინც მიიღოს ბავშვმა მუქი ფერის ხორცი. შესაძლებელია ღუმელში შეწვა, ნაკლები ცხიმის დანამატით.

- დასაშვებია, ვეგეტარიანელმა მშობელმა ბავშვიც ვეგეტარიანულად კვებოს?

- მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის და შესაბამისი დანამატების მიღების პირობებშია დასაშვები.

- არიან ბავშვები, რომლებიც თვეობით არ მიირთმევენ ხორცს, წვნიანს, ბოსტნეულს. ეს სახიფათოა?

- დიახ, მათ აქვთ რკინის, ცილის და ვიტამინების დეფიციტის მაღალი რისკი, რაც ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენის მიზეზი შეიძლება იყოს.

- მიეცით რამდენიმე რჩევა მშობლებს, რა პროდუქტები შესთავაზონ შვილებს ახლა, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში?

- ყოველთვის უპირატესობა მიანიჭონ სეზონურ და არა შენახულ პროდუქტს. მაქსიმალურად აარიდონ თავი კონსერვანტებით, ტრანს ცხიმებით და შაქრით გაჯერებულ საკვებს. თუ საკვებს შენახვის ვადა თვეები და წლები აქვს, შეეცადეთ, თქვენი შვილების რაციონში ნაკლებად გამოიყენოთ. ჯანსაღი სახამებელი ბურღულეულის სახით, ცილა , ჯანსაღი ცხიმი, რძის პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული ყოველდღე უნდა იყოს ბავშვის რაციონში.

თამარ იაკობაშვილი