როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის - შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა - მშობლები

როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის - შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

2021-11-03 09:12:53+04:00

მეორე მსოფლიო ომის დროს პამირის მთებში არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. PR-5 თვითმფრინავში ერთი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა. ავარიული დაშვების დროს ყველა მათგანი გადარჩა, თვითმფრინავი კი დაიშალა. მაგრამ, ის, რაც შემდეგ მოხდა, ადამიანური მორალის ყველანაირ ზღვარს სცდება. ამბავი ძალიან მძიმე მოსასმენია, ამიტომაც, თუ არ ხართ დარწმუნებულები, რომ ამის წაკითხვას შეძლებთ, ჯობს შეწყვიტოთ:

1942 წლის 16 თებერვალს PR-5 თვითმფრინავი დუშანბედან ხოროგის მიმართულებით გაფრინდა. ბორტზე იმყოფებოდა პილოტი ვასილი კნიაჟნიჩენკო და ექვსი მგზავრი: პამირის სასაზღვრი ჯარის მაიორი მასლოვსკი, სახალხო კომისარიატის თანამშრომელი ვიხროვი, ტაჯიკეთის სახალხო კომისარიატის თანამშრომელი ჟუკოვსკი და ანა გურეევა, ხოროგის აეროპორტის თანამშრომლის მეუღლე. ანასთან ერთად ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო: ათი წლის გერი, საშა, რომელიც მისი მეუღლის შვილი იყო პირველი ქორწინებიდან და საკუთაში შვილი ვალერა, რომელიც ერთი წლისაც არ ყოფილა. ანუ 4 მამაკაცი, 1 ქალი და 2 ბავშვი. როგორც მიხვდით, ქალს მეუღლე არ ახლდა, ის მხოლოდ დაემგზავრა ამ რეისს ბავშვებთან ერთად.

mshoblebi

აფრენიდან საათ-ნახევრის შემდეგ თვითმფრინავი უკვე პამირის (მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში. ძირითადად მდებარეობს ტაჯიკეთის რესპუბლიკაში) თავზე აღმოჩნდა. მთები იმდენად მაღალი იყო, რომ პილოტებს მწვერვალებს შორის ფრენა უჭირდათ. ამინდის გაუარესების გამო, ხილვადობა გაძნელებული იყო, ამიტომაც პილოტი ცდილობდა თვითმფრინავი სულ უფრო მაღლა აეწია. მაგრამ ამ დროს კლდეს შეეხო და კონტროლი დაკარგა. შედეგად, ის მთებში 4400 მეტრ სიმაღლეზე ჩავარდა.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი დაიშალა, ყველა მგზავრი გადარჩა და სერიოზული ტრავმა არავის მიუღია. პილოტმა ყველას უბრძანა, რომ სასწრაფოდ გამოსულიყვნენ თვითმფრინავიდან - ზღვის დონიდან ასეთ სიმაღლეზე დიდხანს გაჩერება მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო, რადგანაც ჟანგბადის დეფიციტსა და ტემპერატურის ვარდნას ადამიანის მოკვლა რამდენიმე საათში შეეძლო. გარდა ამისა, საკვები თითქმის არ ჰქონდათ.

ანა გურეევას დღიურიდან:

"თვითმფრინავში ჩასხდომისას გვქონდა: კარაქი - 600 გრამი, სოსისი - 1000 გრამი, ყველი - 1200 გრამი, 1 ქილა კონსერვი და არაყი - 3 ლიტრი. დღეში ერთხელ ვჭამდით რამდენიმე გრამს. წყალი საერთოდ არ გვქონდა და 19 თებერვლამდე თოვლს ვიღებდით. თვითმფრინავი 3 საათისთვის ჩამოვარდა. 17:00-ზე კნიაჟნიჩენკო და ვიხროვი უკვე დაიძრნენ, რომ გზა გაეგნოთ უახლოეს სოფლამდე. ცხადი იყო, თუ მალევე არ გავიდოდით მთიდან, ყველა დავიღუპებოდით. 1 საათის შემდეგ ისინი სამწუხაროდ უშედეგოდ დაბრუნდნენ, რადგან ვერ იპოვეს გზა, რომლითაც დასახლებულ პუნქტს მივაგნებდით".

მეორე დღეს, 17 თებერვალს კნიაჟნიჩენკო და ვიხროვი კვლავ წავიდნენ მდინარის საძებნელად, თუმცა უშედეგოდ. თითქოს გასასვლელი არსად იყო.

mshoblebi

"თვითმფრინავის გადარჩენილ ნაწილში ყველა ცდილობდა დაწოლილიყო და გამთბარიყო, მაგრამ ვერ ვეტეოდით. იმავე დღეს რამდენიმე თვითმფრინავმა გადაიფრინა, თუმცა ჩვენთვის ყურადღება არავის მოუქცევია. 21 თებერვალს საჭმელი თითქმის გათავდა. წყურვილიც და შიმშილიც, ფაქტობრივად, მხოლოდ მთის თოვლით უნდა მოგვეკლა, რაც შეუძლებელი იყო. 22 თებერვალს გასროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ არავინ გამოჩენილა სიახლოვეს", - წერს ანა.

22 თებერვლის დილის შვიდ საათზე პატარა ვალერა გარდაიცვალა შიმშილით. იმავე დღეს, 150 გრამი ყველი და 20 გრამი კარაქი შეჭამეს და ამით თვითმფრინავზე უკანასკნელი ლუკმაც გათავდა.

ანას დღიურში ვკითხულობთ:

"25 თებერვალი. ყველა მივხვდით, რომ თვითმფრინავის ლოდინის იმედი აღარ უნდა გვქონოდა. არც საჭმელი იყო, არც წყალი, არც სითბო. ვგრძნობდით, რომ ასე 2-3 დღე გავძლებდით. მასლოვსკი, ჟუკოვსკი, ვიხროვი და კნიაჟნიჩენკო ყოველდღე ეძებნდნენ გასასვლელს."

მამაკაცები წავიდნენ, თვითმფრინავის გადარჩენილ ნაწილში გურეევა ცოცხალ შვილთან და გარდაცვლილი შვილის გვამთან ერთად დარჩა. ისინი ქალს შეჰპირდნენ, რომ როგორც კი გზას გაიგნებდნენ, აუცილებლად დაბრუნდებოდნენ უკან და წაიყვანდნენ. დაუტოვეს 3 ასანთის ღერი და თოვლით სავსე ქილები.

28 თებერვალი

"მთელი დღეა ექსპედიციის წევრებს ველოდებით, ასანთი აღარ გვაქვს, თოვლს ვაგროვებთ და ქილებში ვაწყობთ, შემდეგ კი სხეულით ვცდილობთ გათბობას, რომ გადნეს და დავლიოთ. დღეები თოვლიანი და ქარიანია, კაბინიდან არ გამოვსულვართ. ჭამა ძალიან გვინდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ვალერა შეგვეჭამა. თავიდან ყელში არ გადაგვდიოდა, როგორ შეიძლებოდა, მე ჩემი შვილის, საშას კი - ძმის ხორცი ეჭამა, მაგრამ გვშიოდა..." - წერს ქალი დღიურში.

mshoblebi

ანა ახლობლებისთვისაც წერდა წერილებს და აღწერდა, როგორ მიატოვეს ეკიპაჟის სხვა წევრებმა, როგორ შეჭამეს ვალერა თანდათან და 17 მარტისთვის მთლიანად დაამთავრეს სხეულის ჭამა...

ვიდრე ანა საშასთან ერთად სიცოცხლისთვის იბრძოდა, ამ დროს მასლოვსკი, ვიხროვი, კნიაჟნიჩენკო სრულიად უსაფრთხოდ იყვნენ. წასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ სოფელს მიაღწიეს, სადაც ადგილობრივებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ხოროგში გააგზავნეს. ვიხროვსა და მასლოვსკის კიდურების ძლიერი მოყინვა ჰქონდათ, ამიტომაც ამპუტაცია დასჭირდათ, ჟუკოვსკი კი მათთან ერთად არ ყოფილა. ამ სამიდან არც ერთს გახსენებია ქალი, რომელიც ცოცხალი და გარდაცვლილი შვილით თვითმფრინავის ნამსხვრევებზე ელოდა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ანასა და საშას გადარჩენა შესაძლებელი იყო, მამაკაცებს რომ მათ შესახებ ეთქვათ. თუმცა, მათ არაფერი უთქვამთ.

ანა გურეევას დღიურიდან:

"23 მარტი - ამინდი ისეთივე ცუდია, როგორც გუშინ. 10 საათისთვის ჩემი საყვარელი საშაც გარდაიცვალა. დამემშვიდობა და მოკვდა... ბევრი ვიტირე, კვლავ თოვდა და მე სრულიად მარტო, როგორც მხეცი ისე აღმოვჩნდი უკაცრიელ ადგილას. დავწექი, მეშინია, თავის დახრჩობა მინდა, მაგრამ ხელები აღარ მემორჩილება.

24-25 მარტი - ამინდი კვლავ მძვინვარებს, ძლიერად თოვს. მწყურია, ჭამის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს. ზოგიერთი ცხოველის ყვირილის ხმა გავიგე და მეშინია. საშა რომ ჩემთან ერთად იყო, ვთამაშობდით, ვმღეროდით, ზღაპრებს ვუყვებოდი, ახლა კი მარტო ძალიან ცუდად ვარ.

20 აპრილი - ძლიერი ქარიშხალი იყო. მინდოდა ფანჯრიდან გამეხედა, მაგრამ თვითმფრინავის ის ნაწილი, რომელიც არ დაშლილა, სულ თოვლით დაიფარა. საშას ხორციც თავდება..."

მხოლოდ ხოროგში, პილოტს საავადმყოფოში გაახსენდა, რომ მთაში ანა და საშა დატოვეს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისინი დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ექსპედიცია მაინც გააგზავნეს. მათ ანას ქმარიც შეუერთდა.

მთისკენ მიმავალ გზაზე ჟუკოვსკის ცხედარიც იპოვეს. ის ხევში იყო ჩავარდნილი, თუმცა ამით არ მომკვდარა. ცხედრის გვერდით დაცლილი პისტოლეტი და ცარიელი ვაზნები ეყარა. მეგობრებმა ხევში ცოცხალი ჩააგდეს ან თავად ჩავარდა და არ დაეხმარნენ. ამიტომ ჟუკოვსკი ბოლო ტყვიამდე ისროდა, რომ მეგობრებისთვის ხმა მიეწვდინა...

1942 წლის 12 მაისს ექსპედიციამ თვითმფრინავის ნამსხვრევებამდე მიაღწია, სადაც ქალი იჯდა და მისი პირველი რეაქცია, როდესაც ქმარი ნახა, ასეთი იყო: "ვანია, ალბათ, უკვე დაქორწინდი..."

mshoblebi

მართლაც, ივან გურეევს მოუსწრია დაქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი და ორი შვილი 3 თვის დაკარგულნი იყვნენ. ქმრის შეკითხვაზე, სად იყო საშა, ანამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავის ქალაზე მიუთითა...

კნიაჟნიჩენკოს, ვიხროვისა და მასლოვსკის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა და მათ სხვადსხვა ვადის სასჯელი გამოუტანეს. კნიაჟნიჩენკო შემდეგ ფრონტის ხაზზე გაგზავნეს საჯარიმო ბატალიონში.

ივან გურეევმა ანა მიატოვა. ასევე სრულიად გაწყვიტა დედასთან კონტაქტი ანას უფროსმა შვილმა, რომელიც იმ დროს 20 წლის იყო...

ანა გურეევა გადაარჩინეს. მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ. საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ კი დაქორწინდა, ეყოლა შვილები და შვილიშვილები. დიდხანს იცოცხლა, 90 წლამდე. უარს აცხადებდა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე და არასდროს გაუხსენებია საჯაროდ ის საშინელი თვეები, რაც ყინვაში გაატარა და რასაც მისი შვილების სიცოცხლე ემსხვერპლა...