"უამრავჯერ უთქვამთ აღსარებაში, თუ როგორ ტრაგიკულად უმოქმედია ბევრზე ბავშვობის მეტსახელს... შემოკლებული ფორმითაც ხშირად წმინდანების სახელებს ვაკნინებთ..." ჩვილობის ასაკიდან მოყოლებული, მშობლები და არამარტო მშობლები ბავშვებს მოფერებით თუ ხანდახან დამცინავ მეტსახელებსაც ეძახიან. წლების შემდეგ ხდება ისე, რომ ხანდახან ბავშვის მეტსახელი უფრო ახსოვთ და მისი ნამდვილი სახელი ბევრისთვის უცხოც ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობისთვის სასიამოვნო და თბილ ემოციებთან არის დაკავშირებული შვილებისთვის მოფერებით შერჩეული სახელების დაძახება, ჩვენ მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებულმა პატარა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშობლების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია:
,,მე ნია მყავს და მიას ეძახიან, რაც ძალიან მაღეზიანებს, მაგრამ ვერ გავაგებინე ზოგიერთს.”
,,ხალხს ის ვერ გავაგებინე, რომ ჩემს შვილს დემეტრე ჰქვია და არა დემე. რა ზედმეტსახელზეა საუბარი”.
,,არ მიყვარს მოფერებითი სახელები. ორივეს ისეთი დავარქვი, რომ მაქსიმალურად ვერ შეძლონ გადაკეთება და დამახინჯება”.
’’ ვეძახი პეპელას, პრინცესას, ბაჭიას, ფისოს, პეპა გოჭს... გააჩნია რა მულტფილმია აქტუალური”.
’’მოფერებით ვეძახი ბუთქუნას, წიწილას, ფუნთუშას, გოდორს, მუთაქას, ზღარბუნას და ყველაფერს რაც ენაზე მომადგება. პატარაა ჯერ და სანამ გამდის, ყველაფერს ვეძახი’’.
’’წრუწუნას ვეძახი შვილსაც და მეუღლესაც”.
"ჩემს დედამთილს ბავშვობაში უმცროსი ძმა "გოგოს" ნაცვლად "დოდოს" ეძახდა და ეს სახელი შერჩა აქამდე. მისი ნამდვილი სახელი ლამის თვითონაც აღარ ახსოვს".
"მე ძალიან მაღიზიანებს, მით უმეტეს, დამცინავი მეტსახელები, რაც ხანდახან ბულინგის თემაც ხდება".
იმის გასარკვევად, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგების გამომწვევი შეიძლება იყოს თვითონ ბავშვის ფსიქიკისთვის მასთან მეტსახელით ურთიერთობის დამყარება, mshoblebi.ge - ბავშვთა ფსიქოლოგ ეკა ნინოშვილს დაუკავშირდა.
- მეტსახელის შერჩევა ბავშვისთვის ზოგადად ხდება იმის მიხედვით, თუ რას ან ვის ამსგავსებენ ბავშვს. ამ დროს ყურადღების გამახვილება ხდება ფიზიკურ მონაცემებზე. თანატოლები ხშირად გვარებიდან გამომდინარე არჩევენ მეტსახელს. ზოგადად, ბავშვისთვის მეტსახელის შერჩევისას სტიგმატიზირება ხდება და ერთ გამორჩეულ ნიშანზე კეთდება აქცენტი. არ არის დიდად რეკომენდებული, ბავშვებს მეტსახელებით მივმართოთ, მით უმეტეს, როცა სახელს აქვს რაღაც საკრალური მნიშვნელობა. კონკრეტულად, როცა რაღაც სახელს არქმევ ბავშვს, ამით ხდება ბავშვის იდენტიფიცირება. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სახელი ჰქვია ადამიანს და როცა ამ სახელის ჩანაცვლება ხდება სხვა კნინობითი, მოფერებითი სახელით, ეს ხშირად პირდაპირ აისახება ბავშვის თავმოყვარეობაზე (სახელებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ იხილეთ ვრცლად). აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, თანატოლებთან ურთიერთობისას ბავშვის მიმართ მეტსახელის გამოყენება არ არის დიდად სასურველი. ამიტომ უმჯობესია, ბავშვს მიმართონ იმ სახელით, რას მას რეალურად ჰქვია. არის შემთხვევები, როცა მეტსახელად იყენებენ დადებითი პერსონაჟების სახელებს, ეს კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ, როცა ჩანაცვლება ხდება ნამდვილი სახელის რომელიღაც კონკრეტული გმირის სახელით, ეს არასასურველია.
ხშირად არის შემთხვევები, როცა მეტსახელები ბავშვის თვითშეფასებაზე უარყოფითად მოქმედებს და უკვე ქმნის საფუძველს, წარმოიქმნას მასში კომპლექსები საკუთარი გარეგნობის მიმართ. თუნდაც ხუმრობით რომ დავუძახოთ ბავშვს, ჩემი ყურპარტყუნა. ეს პირდაპირი მესიჯია იმისა, რომ ბავშვში ჩამოყალიბდეს კომპლექსები. გამომდინარე იქიდან, რომ მშობლები არიან პირველები, რომლებიც ზრუნავენ ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე, ნებისმიერი ასეთი მიმართვა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და კარგი იქნება, თუ პირიქით ბავშვის დადებით მხარეებზე გავმახვილებთ ყურადღებას მეტსახელის შერჩევისას. მაგალითად, ჩემო ლამაზთვალება. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ მიერ შერჩეული მეტსახელის გამო შეიძლება ბავშვი გახდეს ჩაგვრის ობიექტი, ეს ასეც რომ არ მოხდეს, თვითონ ბავშის შინაგანი განწყობა იქნება დამძიმებული და შეწუხებული.
- არის მშობელთა კატეგორია, რომელიც ცდილობს შვილის ’’დაცვას’’ მეტსახელისგან, რას ურჩევთ მათ?
- თუ ოჯახის წევრია ის ადამიანი, ვინც ბავშვს მეტსახელს ეძახის, თუნდაც ბებია ან ბაბუა, მშობელმა გულწრფელად უნდა აუხსნას და დაელაპარაკოს, რომ ეს არ არის კარგი ბავშვისთვის. რაც შეეხება თანატოლების მიერ მეტსახელის შერქმევას, მშობელმა მათთან სათითაოდ საუბარი შეიძლება ვერ შეძლოს, ამიტომ საჭიროა საკუთარ შვილთან საუბარი, რომ მან თავად შეძლოს თავის დაცვა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალური ხასიათის არის. ზოგადი რეკომენდაცია რომ მივცეთ მშობლებს, ეს არის ბავშვს ასწავლონ იგნორი, მაშინ როცა მის გამოწვევას ცდილობენ თანატოლები მეტსახელის გამოყენებით. მეორე მომენტია, თუ ბავშვს მეტსახელს ფიზიკური ნაკლის გამო ეძახიან, მაგალითად, ეძახიან "ყურშას’’, "აჩკარიკს" - შვილს უნდა მოვუყვანოთ ისეთი მაგალითები, საიდან ჩანს, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი იყო ისეთი, რომელიც სათვალეს ატარებდა, ან დიდი ყური, დიდი ცხვირი ჰქონდა და ა.შ., და ეს სულაც არ არის დასაცინი. ხშირად მთელი ცხოვრება გაჰყვება ადამიანს შინაგანი კომპლექსის სახით ის, რომ მაგალითად, ბავშვს ბავშვობაში ეძახდნენ მოფერებით გლობუსას მრგვალი თავის გამო.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ, რას ამბობს ამ თემაზე მამა პეტრე კოლხი
{{ArticleSplitCont}}
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მამა პეტრე კოლხსაც გავესაუბრეთ.
- პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დამოკიდებულება ასეთია, რომ ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა. მით უმეტეს ისეთ ასაკში, როდესაც ფსიქიკა ყალიბდება, მისი პიროვნების ფორმირება ხდება და მეტსახელებით მიმართავენ არა მხოლოდ ოჯახის წევრები, გარშემო მყოფი სხვა ადამიანებიც. შეიძლება მოზარდმა პროტესტი გარეგნულად ვერ გამოხატოს, მაგრამ შინაგანად ამაზე იფიქროს და იმდენად დაზიანდეს, დაზარალდეს, რომ დაიჯეროს, ეს მეტსახელი მას ეკუთვნის ნამდვილად. სინამდვილეში კი ეს არყევს ფსიქიკას და გადაჭარბებული თუ არ იქნება ჩემი მხრიდან, ვიტყვი, რომ შეიძლება საერთოდ ცხოვრების წესიც და სტილიც კი შეუცვალოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად მივმართავთ მოფერებით-კნინობითი ფორმით ბავშვებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მტკივნეული და არ უნდა გამოიწვიოს გარეშე რეაქციები, რადგან თვითონ ბავშვები სწავლობენ ჩვენგან, რომ თვითონაც გამოიგონონ მეტსახელები და ასე ტკივილი მიაყენონ და დააზარალონ ერთმანეთის სულიერი მდგომარეობა.
საეკლესიო გამოცდილებით რომ ავხსნათ, საეკლესიო ტრადიციების თანახმად პირდაპირ მიგვითითებენ წმინდა მამები, რომ არავითარი მეტსახელის შერქმევა და დაძახება ადამიანისთვის არ შეიძლება და მით უმეტეს მოზარდისთვის. ის კი არა, შემოკლებული ფორმით რომ ეძახიან შვილებს - მარი, გიო, - ასეთი ფორმით სახელის ხსენებისას ჩვენ წმინდანების სახელს ჩრდილს ვაყენებთ, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან. შეიძლება ეს ზოგიერთ ადამიანს პრაქტიკაში ფანატიკურ გადაჭარბებად მოეჩვენოს, მაგრამ ვინც საეკლესიო ტრადიციას, სწავლებას ემორჩილება და ეთანხმება, მას უნდა ახსოვდეს, რომ ამ ტიპის მიმართვები არის ძალიან არასწორი, არაჯანსაღი და ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილები, მოზომილები. მე უამრავი აღსარება მაქვს მოსმენილი და უამრავჯერ უთქვამთ ჩემთვის აღსარებაში, აი, მეტსახელებს რომ მეძახდნენ, ხან მოფერებით, ხან ხუმრობით, ხან დაცინვით, ეს იმდენად მტკივნეული და ტრაგიკული აღმოჩნდა ჩემთვის, ბოლო-ბოლო იმ სახელს დავემსგავსე და ამით ცხოვრება დამენგრა. ძალიან ბევრჯერ მომისმენია მსგავსი ტიპის გულისწყრომა.
- მშობლების და საზოგადოების ნაწილი ხუმრობით ეკიდება ამ საკითხს ...
- ეს თემა ხუმრობის ნაწილი ნამდვილად არ არის. მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ძალიან გამხდარი და მაღალი ვიყავი ასაკთან შედარებით და კაკლის საბერტყ ჯოხს მეძახდნენ. ხომ არაფერს ნიშნავს, ვიცინოდი კიდეც, ცხადია, ოღონდ ღამე საბანს რომ გადავიხურავდი, მთელი ღამე ვჯავრობდი, ვნერვიულობდი, ვფიქრობდი ეს სახელი მთელი ცხოვრება არ შემრჩენოდა. თითქოს არაფერი შავდებოდა ამით, მაგრამ ბიცოლა თუ დამიძახებდა და ოჯახის წევრები, იმდენად არ ვბრაზდებოდი, ვიღაც უცხოს ეს რომ დაეძახა, ძალიან მტკივნეული იქნებოდა.
- თქვენი შეხედულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, შვილებს მეტსახელებით არ მიმართავთ. როგორია თქვენი რეაქცია, როცა თქვენს შვილებს მეტსახელებს ეძახიან?
- რა თქმა უნდა, ხშირად ხდება, რომ ეძახიან მეტსახელებს. თუ ეს არ არის ბავშვისთვის დამანგრეველი და ეს მისთვის მტკივნეული არ არის, შეიძლება აიტანო, მაგრამ თუ ამის გამო ბავშვს ფსიქიკა შეერყა და მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია, ჩავერევი ზომიერების ფარგლებში. ეს ჩარევაც ისე უნდა მოხდეს, რომ ამით ბავშვი არ დაინტერესდეს, მან არ იფიქროს, თითქოს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და საერთოდ ყველა პრობლემა, რაც ოჯახში ტრიალებს, ბავშვებს მიღმა უნდა წყდებოდეს. ბავშვებს სილაღე არ უნდა წავართვათ, ბავშვობა არ უნდა წავართვათ, რადგან ისინი ყველაზე მეტად განიცდიან და ნერვიულობენ. რასაც ბავშვობის ასაკში გამოცდი, გაიგებ და ჩაიბეჭდავ, ეს არის უკვე საძირკველი ცხოვრების, სხვა დანარჩენი არის ზედნაშენი და ამ საძირკველს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გავექცევით. შეიძლება ცხოვრების წესი გავიუმჯობესოთ, ბევრს მივაღწიოთ, მაგრამ ბავშვობაში მიღებული და განცდილი სტრესი მთელი ცხოვრება მოგვყვება, ჩვენგან დამოუკიდებლად. მუდმივი მელანქოლია, მოწყენილობა, დეპრესია, ჩაკეტილობა და შემდგომ, ასეთი ბავშვი იმდენად აგრესიული შეიძლება გახდეს, რომ საზოგადოებისთვის საშიში იყოს. მსოფლიოს ცნობილი დიქტატორების უმრავლესობას დიქტატორული ქცევები დიდ ასაკში კი არ შეუძენიათ, ბავშვობის ასაკშია საძიებელი ამ ყველაფრის ფესვები, რადგან ბავშვობის ასაკში დასცინოდნენ მათ, ბავშვობის ასაკში ეძახდნენ მეტსახელებს და ასეთი სახელები მარტო მოფერებითი და კნინობითი არ ყოფილა, ეს იყო დასაცინი მეტსახელები, აბუჩად ასაგდები მეტსახელები. ამიტომ, ჩემი სუბიექტური აზრია, ბევრად უფრო ფრთხილები და მოზომილები ვიყოთ, რომ ჩვენ მიერ მოფიქრებული მეტსახელებით ბავშვების ფსიქიკა არ დავაზიანოთ.
რუსკა კილასონია