ბავშვის სახელის შერჩევისას მშობლები ხშირად ბევრს ფიქრობენ. ხანდახან სურთ, რომ განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული სახელი მოიფიქრონ. ზოგიერთი ბებია-ბაბუის სახელს ითვალისწინებს და ამით ცდილობს უფროსი თაობისთვის პატივისცემის გამოხატვას. სინამდვილეში, რა პრინციპით უნდა შეარჩიონ მშობლებმა შვილების სახელები და რა უნდა გააკეთონ, თუ ამის გამო ბავშვს დასცინიან და აბულინგებენ, თემაზე ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:
- ადამიანისთვის სახელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მისი საშუალებით ვამყარებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას. სწორედ ამიტომ, სახელის შერჩევისას ყურადღებით უნდა ვიყოთ, ბავშვს უნდა მოსწონდეს ის, რაც ჰქვია და ამაზე პატარაობიდანვე უნდა ვესაუბროთ. შვილებისთვის უცნაური სახელების დარქმევით ხშირად მშობლები საკუთარი სტატუსის განმტკიცებას ცდილობენ, მაგრამ ბავშვებისთვის ზოგჯერ უცნაური სახელები ცოტა რთული ასატანია იმიტომ, რომ როდესაც მცირე ასაკში არიან ან უკვე მოზარდობის პერიოდში გადადიან, ყველასთან გათანაბრება სჭირდებათ. განცალკევება და განსხვავება კი ურთიერთობის დეფიციტს ჰქმნის. რაც უფრო მარტივად წარმოსათქმელია სახელი, მით უფრო ადვილია ადამიანთან კომუნიკაცია. საწყისი ნაბიჯები ზუსტად აქედან იწყება. როდესაც ბავშვს განსხვავებული სახელი აქვს, ეს ხშირად პრობლემას უქმნის, რადგან ხან არასწორად გამოთქვამენ და ითრგუნება ამის გამო, ხან სწორად გამოთქვამენ, მაგრამ რადგან უცნაურია, სასაცილო ხდება. მაგრამ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე მხარეცაა - როდესაც ბავშვს საკმაოდ კარგი თვითშეფასება აქვს, განსხვავებული სახელი განსაკუთრებულად მოსწონს და ამით თავადაც აკეთებს განაცხადს იმიტომ, რომ მშობლებმა მცირე ასაკიდან ინფორმაცია სწორად მიაწოდეს. მისთვის მისაღებიცაა და მარტივიც. ბავშვს საკუთარი სახელის გამო არასდროს უნდა ჰქონდეს დისკომფორტი. თუკი ის ამის გამო ნერვიულობს, სასურველია, რომ როგორც მას მოსწონს, შევუცვალოთ და დავუძახოთ ის, რაც სურს.
- თითოული ადამიანი ინდივიდუალური და განსხვავებულია. ერთისთვის ეს შეიძლება იყოს სტრესული და ჩათვალოს, რომ დასცინიან. ხოლო, მეორე მხრივ, ძალიან კარგი განაცხადიც იყოს იმისა, რომ განსხვავებულია და სხვა ადამიანები ყურადღებას აქცევენ. ამიტომ, შაბლონურად დასკვნას ვერ გავაკეთებთ, რომ სახელი შეიძლება ბულინგისა და ურთიერთობების გაფუჭების მიზეზი გახდეს, ან ამის გამო თვითშეფასება დაუქვეითდეთ. მქონია ისეთ ბავშვებთანაც და მოზარდებთანაც შეხება, რომლებსაც განსხვავებული სახელი ჰქვიათ და როცა თავიანთი სახელი დაუსახელებიათ, დაუკონკრეტებიათ, დაუმარცვლავთ, რომ კარგად გამეგო. ეტყობოდათ, რომ უცდიდნენ, რამდენად სწორად წარმოვთქვამდი მათ სახელს. ასეთ შემთხვევაში ძალიან საფრთხილოა, ვიწერ ხოლმე და ყურადღებით ვაკვირდები იმიტომ, რომ თუნდაც ერთი ასოს შეცვლა პიროვნების უპატივცემულობაა, კონტაქტი წყდება და კავშირი იბლოკება. მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც სიცილით ცვლიან თავიანთ სახელს, მოსწონთ და უხარიათ, ასე რომ ჰქვიათ. ამიტომ, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.
- უპირველეს ყოვლისა, სულ მცირე ასაკიდან, თავისი შვილის თვითშეფასებაზე უნდა ზრუნავდეს და ხშირად აჩვენებდეს ძლიერ მხარეებს. ძალიან კარგია, თუ პოზიტიური აღზრდის მეთოდს გამოვიყენებთ, შევეცდებით, შენიშვნებისგან თავი შევიკავოთ და მისი კარგი ქცევები განვამტკიცოთ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვს თვითშეფასება მაღალი ექნება და თუკი დასცინებენ, თავადვე დააიგნორებს, გაიცინებს და ძალიან მარტივად აიცილებს ბულინგს თავიდან. მაგრამ თუ ამით ბავშვი ითრგუნება, გარკვეულ სტრესს განიცდის, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ სახელი შევუცვალოთ, ან მოფერებითი სახელი დავარქვათ ისეთი, რომ ხშირად ასე მოიხსენიონ და ის, რაც რეალურად ჰქვია, ნელ-ნელა დავიწყებას მიეცეს.
- დიახ, მართლაც ხშირია მსგავსი შემთხვევები და ზოგჯერ ოჯახში უთანხმოების მიზეზიც კი ხდება, შვილს ბებიის ან ბაბუის სახელს თუ არ დაარქმევენ. მაგრამ, როდესაც ბავშვს სახელს ვარქმევთ, გარკვეულ ცხოვრებისეულ გზას ვუკაფავთ და მიმართულებას ვაძლევთ, რადგან მისი სახელი მისივე კუთვნილება უნდა იყოს. არის შემთხვევები, როდესაც ბებია-ბაბუების სახელები ჰქვიათ და ამით ძალიან ამაყობენ იმიტომ, რომ საამაყო, გამორჩეული წინაპრები ჰყავთ. ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ და ეს მშობლების დამსახურებაა, რომ ინფორმაციას სწორად აწვდიან. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამის გამო დისკომფორტი არ შევუქმნათ, მაგალითად, არ ვუთხრათ შვილებს: "შენ ძალიან საამაყო ადამიანის სახელი გქვია და არ შეარცხვინო.“ ეს ყოვლად მიუღებელია იმიტომ, რომ ჩვენ ბავშვის პიროვნებას ვაკნინებთ და ვიღაცის ჩრდილში ვამყოფებთ. საკუთარი განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას ვუბლოკავთ.
პარალელურად, კიდევ ერთ თემაზე ვისაუბრებ. ძალიან ხშირია, გარდაცვლილი ოჯახის წევრების სახელების დარქმევა. ფსიქოლოგიურად ეს ყოვლად გაუმართლებელია იმიტომ, რომ როდესაც ოჯახში ადამიანი ვიღაცის ჩამნაცვლებლად გრძნობს საკუთარ თავს, მისთვის ხშირად მიუღებელი ხდება და საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა უწევს. შეიძლება მუდმივად გამოხატავდეს პროტესტს, რომ არის პიროვნება და არა ვიღაცის კოპირება. ყველას ვურჩევდი და ვთხოვდი, რომ ბავშვს საკუთარი სახელი შეურჩიონ და ამით მის პიროვნებას პატივი სცენ, გარდაცვლილებს კი სხვაგვარად მივაგოთ პატივი. ამისთვის უამრავი ტრადიცია გვაქვს.
გარდა ამისა, დავაკვირდეთ, როგორ წარადგენს ბავშვი საკუთარ სახელს სხვა ბავშვებთან. თუ დაიმორცხვებს, აუცილებლად დაცინვის ობიექტი გახდება. თუ თამამად წარადგენს, შეიძლება პირიქით, ძალიან მისაღები იყოს და მოეწონოს კიდეც, რომ განსხვავებულია. როცა ბავშვი ჩნდება, მუცლიდანვე თუ მის პიროვნებას ვაღიარებთ, მაშინ სხვანაირად მივუდგებით ყველაფერს. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოზარდობის პერიოდში მშობლებსა და შვილებს შორის ხშირად კავშირი ზუსტად იმის გამო წყდება, რომ მოზარდი საკუთარ სახელს აპროტესტებს, მაგრამ მშობელი ამას არ აღიარებს და იმის ნაცვლად, რომ გადადგას ნაბიჯი და თუნდაც მისი მოწონებული სახელი დაუძახოს, დაეხმაროს კავშირის დამყარებაში, ეწინააღმდეგება. აქედან სერიოზული დაპირისპირება იწყება, რომლის თავიდან არიდებაც შეგვიძლია.
თამარ იაკობაშვილი
იხილეთ სახელების საძიებელი და შეარჩიეთ ბავშვისთვის სახელი
რატომ არ უნდა დაარქვათ ბავშვს მეტისმეტად უცნაური სახელი – ფსიქოლოგების პასუხი
რა სხვაობაა ნათლობისა და ოფიციალურ სახელებს შორის - როგორ შევურჩიოთ ბავშვს სახელი
"სიტყვას, და მით უფრო სახელს, აქვს საოცრად დიდი ძალა" - ილია მეორის მოგონება და შეგონება მშობლებს