"მინდა იმ მშობლებს გთხოვოთ ყურადღება, ვისი შვილებიც ხორცს არ ჭამენ" - მარი მალაზონიას საყურადღებო გაფრთხილება - მშობლები

"მინდა იმ მშობლებს გთხოვოთ ყურადღება, ვისი შვილებიც ხორცს არ ჭამენ" - მარი მალაზონიას საყურადღებო გაფრთხილება

2021-11-25 07:51:06+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონიასაუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინები ბავშვის განვითარებისთვის და რას იწვევს მისი ნაკლებობა:

"განსაკუთრებით მინდა იმ მოზარდების მშობლებს გთხოვოთ ყურადღება, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეს და თქვეს, რომ ხორცს აღარ ჭამენ. თუ ეს პერიოდი ხანგრძლივად გრძელდება, თუ მშობელი ამას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, დროში გახანგრძლივებული პროცესი შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. B 12 ვიტამინის ნაკლებობა უწყინარი მოვლენა არ არის. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა აისახება სმენაზე, ტვინის განვითარებაზე, ორგანოთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ცალკეული უჯრედის მუშაობის თავისებურებაზე. აღარაფერს ვამბობ ნერვული სისტემის მხრივ შეუქცევად დაზიანებებზე.

თუ ბავშვი კალოერიებს იღებს და ამბობთ, რომ მსუყედ, კარგად იკვებება, წონის თვალსაზრისითაც, საკმაოდ კარგად გამოიყურება, ეს არ არ არის საკმარისი არგუმენტი, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, იმიტომ, რომ ბავშვებს ფიზიოლოგიურად მეტი კალციუმი, რკინა, D ვიტამინი სჭირდებათ. მით უფრო, თუ ბავშვი ბეტონის შენობაში იზრდება და არ აქვს საშუალება, ღია სივრცეში გაატაროს გარკვეული დრო. ამას თუ თან დაერთვის ზედმეტად ტკბილი, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, გაზიანი, ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ზედმეტადაა დაშაქრული.

mshoblebi

თუ შემთხვევით გამოგრჩათ ბავშვისა და მისი მეგობრების ინტერესი ალკოჰოლური სასმელის მიმართ, განსაკუთრებით, თუ ამ ინტერესს ოჯახში უფროსი თაობა აღვივებს, რიტუალების დასწრებასა და სუფრასთან ბავშვების ჩართულობას წაახალისებს, ეს ძალიან ცუდია. B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი შესაძლებელია სწორედ ალკოჰოლმაც გამოიწვიოს. მსგავსი მიდგომა ხშირ შემთხვევაში ძალიან სახიფათო და ზოგიერთ შემთხვევაში შეუქცევადი დაზიანებების მქონეა, რადგანაც შეიძლება დაზიანებული ნერვული უჯრედები აღარ აღდგეს.

როდესაც ბავშვი ადექვატურად იღებს რძის ნაწარმს, კვერცხს, სხვა ცილოვან პროდუქტებს, ლობიოს, ისპანახას, მარცვლეულს, ბურღულეულს, ხილსა და ბოსტენულს, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, რა ვქნათ ისეთ ოჯახებში, სადაც ხელმოკლეობის გამო არ არის ფუფუნება, რომ ბავშვმა ყველა ეს პროდუქტი მიიღოს. შესაძლოა ფიქრობთ, რომ 1 კვერცხი ბავშვის განვითარებისთვის საკმარისი არ არის და ამაში აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. მაგრამ, თუ ხელმოკლეობაზე ვლაპარაკობთ, როცა არჩევანისათვის დიდი ასპარეზი არ გვაქვს, შეიძლება კვერცხი გამოვიყენოთ როგორც ძალიან კარგი ცილოვანი წყარო ქოლინის, B 12-ის, D, A ვიტამინის და შევუთავსოთ ბოსტნეული, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. რაც უფრო ფერადია, მით უკეთესი. განსაკუთრებით, თუ ბოსტნეული არის ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე. დავაწყვილოთ იმისათვის, რომ შევძლოთ, ბავშვის, თუნდაც ერთ ჯერზე, სრულფასოვანი უზრუნველყოფა. როდესაც ოჯახების ხელმოკლეობაზე ვსაუბრობთ, პატარები არ უნდა დაგვიზარალდნენ. რაციონში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მარცვლეულიც, ცილაც, ბოსტნეულიც, ხილიც და რძის ნაწარმიც" - ამბობს მარი მალაზონია.