რომელ ასაკში რისთვის არის ბავშვის ტვინი მზად და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს.
- ბავშვს 10 წლის ასაკისთვის დამოუკიდებლობის ასპექტები უნდა ჰქონდეს, რისთვისაც მზადებას უფრო ადრე ვიწყებთ. ეს იქნება თვითმოვლა, პირდი სივრცისა და გეგმების მოწესრიგება თუ სხვა. ბავშვი მზად უნდა იყოს, რომ მოზარდობის პერიოდში თვითდამკვიდრების დიდ ფუნქციას შეეჭიდოს. თუ ის 10 წლამდე ოჯახის ნაწილია, თანდათან დამოუკიდებელი პიროვნება ხდება, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და იმ სივრცეში, მიკროსოციუმში, სადაც არსებობს, თავად უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლად აღიარება, წარმატებები თუ შეცდომები. ამ ყველაფრისთვის კი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვამზადოთ. ოჯახიც მზად უნდა იყოს, რომ დაეხმაროს შვილს, აღარ აკეთოს ყველაფერი მის ნაცვლად. მანამდეც მნიშვნელოვანია რჩევების მიცემა. თუმცა, განსხვავება, რაც ბრძანებასა და რჩევას შორის მოიაზრება, ინტონაციასა და ემოციაშია, რომელიც ინფორმაციას მიჰყვება. მეორეა ფორმულირების საკითხი. ხშირად ამბობენ მშობლები: "ნოტებზე ველაპარაკო ჩემს შვილს?", გარეგნულად ეს სწორედ "ნოტებზე" საუბარს ჰგავს. ამ ყველაფერს კონკრეტული ბიოლოგიური საფუძველი აქვს. დაახლოებით, 10 წლის ასაკისთვის, მომწიფების აქტიურ პერიოდს გადის და ფაქტობრივად ასრულებს ჩვენი ლიმბური სისტემა, შესაბამისად, ეს არის პერიოდი, როდესაც მოზარდის ორგანიზმს ემოციები მართავენ. მაშინ, როდესაც შუბლის წილის სიმწიფე, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა მოთოკოს, ჩარჩოებში ჩასვას, კალაპოტი მისცეს და სოციალურად მისაღები ფორმით შეფუთოს, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ე.წ. დაღვინების პროცესი ცოტა მერე, 18 წლის შემდეგ სრულდება.
უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვობის ასაკად 18 წლამდე პერიოდი მოიაზრება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების სივრცეში გარკვეული შეზრუდვები 21 წლამდეა. 18-დან 21 წლამდე ასაკი მოიხსენიება ხოლმე, როგორც გვიანი მოზარდობა. ამის საფუძველი თავის ტვინის განვითარების თავისებურებაა. თავის ტვინი პირველი წლების მანძილზე ბიოლოგიურადაც განიცდის ზრდას. პირველი ხუთი წელი განსაკუთრებით კრიტიკულია ამ თვალსაზრისით. მაგრამ, ფუნქციური, მომწიფების თვალსაზრისით, მისი მომწიფება ძალიან დიდხანს და ხანგრძლივად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ფუქციურ მომწიფებას უფრო საბაზისო სტრუქტურები გადიან, ანუ ტვინის ღერო, ლიმბური სისტემა და თანდათან სიმწიფის ხარისხი სრულყოფილდება წინა არეებისკენ. ყველაზე ბოლოს მომწიფების პროცესს შუბლის წილი ამთავრებს. ეს არის მთავარი ფილტრი, რაც ზრდასრულობაში განაპირობებს ჩვენი, როგორც სოციალური პიროვნების ქცევას. ატარებს წესების, კანონების, შესაძლებლობებისა და ღირებულებების პრიზმაში ყველა ჩვენს რეაგირებას გარემოზე. ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ყველა სტიმულზე, რომელიც გარედან მოდის, რეაგირება უნდა განახორციელოს. მაგრამ, როგორ განახორციელოს, რა ინტენსივობით, მყისიერად თუ გადავადებულად, ეს სწორედ შუბლის წილის უკიდურესი წინა ნაწილის გადასაწყვეტია.
თავის ტვინის კოგნიტური მზაობა, შემეცნებითი უნარებისთვის მზაობა, დაახლოებით, 16 წლისთვის მეტ-ნაკლებად დასრულებულია. თუმცა, ფსიქო-ემოციური, ფსიქო-სოციალური სიმწიფე კიდევ დიდხანს გრძელდება. ასე თუ ისე, ითვლება, რომ 18 წლის ასაკისთვის სექსუალური სიმწიფე დასრულებულია და გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები ორგანიზმში უკვე გადალაგებულია ისე, როგორც ის ზრდასრულისთვისაა დამახასიათებელი. რაც შეეხება ფსიქო-სოციალურ სიმწიფეს, ეს ხანგრძლივი პროცესია,რადგან წლიდან წლამდე ახალს ვიგებთ და აღმოვაჩენთ. დადგინდა, რომ 18 წელი არ არის საკმარისი სრულად ფსიქო-სოციალური სიმწიფისთვის.
ემოციური სიმწიფის პერიოდი ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს, ვიღაც ამას უფრო მძაფრად, ვიღაც კი შედარებით იოლად გადის. თუ ჩვენ ჭკვიანურად, მეგობრულად, თანმიმდევრულად მივედით 10 წლის ასაკამდე, შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენი შვილის თინეიჯერობის ასაკი მეტისმეტად მძაფრი და შემაწუხებელი. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მას ემოციურად არ უჭირს. არა მკაცრი დირექტივები, არამედ რჩევის ტონი უნდა შევარჩიოთ. ფრაზების ფორმულირება და მზაობა იმის, რომ ვიკამათოთ, დისკუსიაში ვიყოთ მნიშვნელოვანია. მოზარდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ოჯახში ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, ყველა თემა შეუძლია განიხილოს. ეს არის ის კრიტიკული მიჯნა. თავისი ეჭვების, შფოთვებისა და ფიქრების განხილვისთვის არ უნდა სჭირდებოდეს სივრცის ოჯახის გარეთ ძებნა.