"რა გულგასახეთქი ამბავია... რამ გააჩერა დედა, ამდენი ხნის უნახავ შვილთან რომ არ წავიდა" - გიორგი კალანდიას მოთხრობილი ამბავი წარსულიდა, რომელმაც ადამიანები შეძრა - მშობლები

"რა გულგასახეთქი ამბავია... რამ გააჩერა დედა, ამდენი ხნის უნახავ შვილთან რომ არ წავიდა" - გიორგი კალანდიას მოთხრობილი ამბავი წარსულიდა, რომელმაც ადამიანები შეძრა

2021-12-05 06:57:35+04:00

ცნობილი ისტორიკოსი გიორგი კალანდია ქართველი მამლუქის, ერაყის უკანასკნელი გამგებლის დავით მანველიშვილის ბიოგრაფიიდან ძალზე გულსატკენ მომენტს უზიარებს ინტრნეტმომხმარებლებს. საქართველოდან გატაცებულ მამლუქს, რომელმაც ერაყში უმაღლეს თანამდებობას მიაღწია, საქართველოში დედა მოუძებნია და შუა ხნის ასაკს მიღწეულს მისი ნახვა მოუსურვებია. ეს იყო დაუდ ფაშად გარდაქმნილი დავით მანველიშვილის ყველაზე დიდი სურვილი.

"ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი დაუდ ფაშად გარდაქმნილი დავით მანველიშვილი როგორც ჩანს სამშობლოს არასოდეს ივიწყებდა, დაუდის ეროვნული ღირსების ამ სათუთ გრძნობებთან დაკავშირებით, მის ბიოგრაფებს ისტორიკოსებს დავით ჯანელიძესა და ბენიამინ სილაგაძეს მოვუსმინოთ: „დაუდი პატარაობიდანვე გამოათხოვეს საქართველოს მიწა-წყალს და ისე გარდაიცვალა შორეულ მედინაში, რომ სამშობლოში დაბრუნება არ ღირსებია, მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ ამ მხარისადმი სიყვარულის ნაპერწკალი მის გულში არასდროს არ ჩამქრალა, სამშობლოდან გატაცებული დაუდი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ყოველივე იმას, რაც მაშინ ჩვენში ხდებოდა, სწყინდა მისი ცუდი, ხოლო მის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა ამ ქვეყნის კარგ ამბავს გაიგებდა“

mshoblebi
დაუდ ფაშა ერაყელ მამლუქებთან ერთად. 1840 წლის გრავიურა.

მანველიშვილს საქართველოში მშობლები, ძმები, დები და ნათესავები დარჩა. „ბრწყინვალე ფაშა“ მათ მოძებნას დღენიადაგ ცდილობდა, ამიტომ როგორც კი აღმოსავლეთის ქვეყნებში სავაჭროდ წასული ქართველი სოვდაგრები ერაყზე გაივლიდნენ, უსათუოდ დაუდს ეწვეოდნენ. ფაშას ყველაზე ხშირი სტუმრები ძმები ზუბალაშვილები ყოფილან, ერთერთი მათგანის ანდრია ზუბალაშვილის წყალობით კი დაუდს თბილისში თავისი მშობლების ზუსტი მისამართი შეუტყვია და მათთან წერილებიც გაუგზავნია.

დაუდ ფაშას დედისადმი გაგზავნილ წერილში ამაღელვებელი სიტყვები წერია: „ბედნიერი ბაბილოვანის ხელმწიფე თქვენი ძე დაუთ ფაშა მრავალს მოკითხვას და ნახვის ნატვრას მოგიძღვნით... თუ შეიძლებდე ჩემს უნახაობას ნუ დაიშურვებ, მოდი შენი ნახვა მსურს, სხვა ფიქრი ნუ გაქვს, ერთ ხანსაც გენებოდეს იყავი, როცა ინებებთ მაშინვე კიდევ დიდის პატივით გაგიშვებთ. მერმეთ ვითხოვ თქვენი მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ. კაცი ქვეყანაზედ მოვა და ვენახს გააშენებს, რომ ნაყოფი მიიღოს, თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ, ვითხოვ თქვენი მოწყალე დედობისაგან თუ შეგეძლოს წამოსვლას ნუ დაიზარვებთ, ჩემთვის ლოცვით მოწყალე დედაო, თქვენი ძე ბაღდადის ხელმწიფე დაუდ ფაშა“.

mshoblebi
დაუდ ფაშას წერილი დედას

ამ ამბავთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმართებლის ალექსი ერმოლოვის მაშინდელი მდივანი ალექსანდრე გრიბოედოვი, 1824 წელს წერდა: „დაუდ-ფაშამ სამი წლის წინათ, თავისი რწმუნებული მოავლინა საქართველოში, რათა ნება მისცემოდა დედამისს წასულიყო მასთან ბაღდადში, მაგრამ ქალმა სასტიკი უარი თქვა მუსლიმანურ ქვეყანაში მოგზაურობაზე და მართლმადიდებლურ სამშობლოში ყოფნა ამჯობინა იმ ფუფუნებით ცხოვრებას, რაც ბაღდადში მოელოდა“

ნეტავ რას გრძნობდა „ბაღდადის ხელმწიფე“ როცა დედისაგან შორეულ მგზავრობაზე უარი მიიღო? ვინ იცის, როგორ ელოდა მოხუცებულ მარიამთან შეხედრას დაუდად ფაშად გარდაქმნილი დავით მანველაშვილი, რომელიც ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ არც ბავშობის ტკივილის და არც სამშობლოს მონატრების განელება ეღირსა... დანარჩენი ჩემს წიგნში: "ქართველები მსოფლიო ისტორიაში". ტომი 10." - ნათქვამია გიორგი კალანდიას პოსტში.

რა თქმა უნდა, ამ ემოციურ ამბავს ბევრი კომენტარიც მოჰყვა.

"ძალიან გული დამწყდა დედის გადაწყვეტილებაზე"

"დედის პოზიციას ვერ ჩავწვდი მაპატიეთ, შვილის ნახვის შანსი როგორ გაუშვა ხელიდან... მესმის, რომ შეწირა პირადი მართლმადიდებლობას, მაგრამ მაინც....

"ნახვა მხოლოდ ნახვა რა იქნებოდა"

"ლამაზად მოთხრობილი სევდიანი ისტორია და ჩვენი სვეგამწარებული ქვეყნის ტრაგიზმი!"

"რა გულგასახეთქი ამბავია"

"რამხელა სევდა და მონატრებაა,როგორი მოკრძალება და სიყვარულია მშობლისადმი".

"რამ გააჩერა დედა, ამდენი ხნის უნახავ შვილთან რომ არ წავიდა."

"ვერ ვიგებ დედის ასეთ გადაწყვეტილებას, მას დარჩენას ხომ არ თხოვდნენ , მხოლოდ ნახვას"

"მეტკინა გული, მაგრამ იმდროს ასე ფიქრობდნენ ქართველი ქალები"

"დიდი დაუდ ფაშა გულით ჯერ კიდევ ბავშვი დავითი დედის ნახვას ნატრული..." - წერენ კომენტარებში.