გასულმა ორმა თვემ ახალი გამოცდილება შემძინა, რომელიც უთუოდ უნდა გაგიზიაროთ, რადგან ეს საკითხი სცდება ძუძუთი კვებას, დედაშვილობას და საკმაოდ რთულ საზოგადო პრობლემად ისახება.
დედის რძე რომ შეუცვლელია ბავშვის მყარი იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ახლა მინდა სოციალური ურთიერთობების იმ მანკიერ მხარეზე ვისაუბრო, რომელიც დედასაც და შვილსაც უქმნის ლაქტაციის და მისი საოცარი, არა მხოლოდ კვებითი, არამედ ემოციური სარგებელის გარეშე დარჩენის საფრთხეს.
ყველაფერი ჯერ კიდევ სამშობიაროდან იწყება, როდესაც ახალბედა დედას უმტკიცებენ, რომ მან უნდა დაისვენოს, ამიტომ ბავშვს ღამით თვითონ გამოკვებავენ ხელოვნური რძით. ეს ფიქსირდება სამშობიაროების უმრავლესობაში. თუ ბავშვმა ღამით ხელოვნური საკვების ჭამა დაიწყო, დიდი შანსია, რომ მოეწონოს, ბოთლით კვებაზე დამოკიდებული გახდეს, შეუმცირდეს მოთხოვნილება დედის რძეზე და შედეგად, დედას შეუმცირდეს ან გაუშრეს რძე. სამშობიაროდანვე იწყება ქალის დაკომპლექსება, რომ მისი რძე არასაკმარისია. არგუმენტად მოჰყავთ ბავშვის ტირილი. არადა, ბავშვმა შეიძლება ათასი სხვა მიზეზით იტიროს. პირველ რიგში ახალ სამყაროსთან ადაპტაციის რთული პერიოდის გამო. თუ ქალი შეცდა და დაიჯერა ეს, მას მაშინვე ურეკლამებენ რომელიმე ხელოვნურ ნარევს და ე.წ. დამატება ასევე სრულდება დედის რძის ჯერ შემცირებით და შემდეგ სრულად გაშრობით. თუ ქალი მრავალწევრიან ოჯახში ცხოვრობს (ძირითადად, ქმრის ნათესავებში, თუმცა არც სისხლით ნათესავები აკლებენ ხელს), ის სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდება და მე ამ ძალადობას სს კოდექსში შევიტანდი, რადგან ის მომავალი თაობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. რაში მდგომარეობს ეს ძალადობა: რამდენჯერაც ბავშვი იტირებს, ქალს ეკითხებიან, მშიერი ხომ არაა ბავშვი, ხომ არ აკლდება რძე, ხომ არ დაუმატებს ხელოვნურ რძეს. ასევე, მოძველებული შეხედულებისამებრ, ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ და მიუთითებენ, რომ ესა თუ ის საკვები შეიძლება ბავშვისთვის მავნე იყოს, ამიტომ, პრაქტიკულად, დიეტაზე სვამენ. შედეგი კვლავ იგივეა: ქალი ყოველდღიურ სტრესშია, კომპლექსდება, იძულებული ხდება დაუმატოს ხელოვნური კვება, ხოლო არასრულფასოვანი კვების გამო რძე ისედაც მცირდება. საბოლოოდ ბავშვი რჩება დედის რძის გარეშე, თუმცა ოჯახის სხვა წევრების დიიიდი მზრუნველობის ქვეშ. პედიატრები - პირველივე გეგმიურ ვიზიტზე ბავშვი თუ სამკეცა ღაბაბით არაა წარმოდგენილი და ნამატი სულ მცირე 800 გრამი არაა, ექიმების დიდი ნაწილი დედებს ღიად უცხადებს, რომ ბავშვი მშიერია და სთავაზობენ კონტრაქტორის შეთავაზებულ ხელოვნურ რძეს. სინამდვილეში, დადგენილია ყოველთვიური ნამატის მინიმუმი, რომლის შესახებაც მათ უნდა უზრუნველყონ მშობლის ინფორმირება, თუ კომპეტენტურები არიან ან მავნე განზრახვა არ აქვთ. ფაქტია, რომ ამ კატეგორიის პედიატრების მსხვერპლი დღეს ბევრი ბავშვია.
დროა, სახელმწიფომ შექმნას ლაქტაციის შესახებ ორსულთა ინფორმირების რაიმე ეფექტიანი მექანიზმი, რადგან სამშობიაროები და პედიატრები ამას ყოველთვის არ აკეთებენ. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ქალბატონო დეიდებო, დაანებეთ თავი თქვენს რძლებს, შვილებს, დისწულებს/ძმისწულებს, დისწულის/ძმისწულის ცოლებს და მიხედეთ საკუთარ საქმეს, თუ გინდათ, რომ ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობდნენ და ჯანსაღად ჩამოყალიბდნენ.
პოსტი ინსპირირებულია სოციალურ ქსელში ასობით ქალის ნაამბობით/დაწერილით".