საახალწლო ფილმები ჯადოსნური განწყობისთვის - უყურეთ ბავშვებთან ერთად - მშობლები

საახალწლო ფილმები ჯადოსნური განწყობისთვის - უყურეთ ბავშვებთან ერთად

2021-12-20 11:40:23+04:00

წელიწადის ყველაზე ზღაპრული დღეები - საახალწლო დღესასწაულები ახლოვდება. გულის სიღრმეში სასწაულების ყველას გვჯერა. ახალ წელსაც ამ განწყობით ვეგებებით. გარეთ ხშირად თოვს, სახლები ლამაზადაა მორთული და ისღა დაგრჩენიათ, რომ ჩაითბუნოთ საბანში, მოიდგათ გვერდით ცხელი შოკოლადი ან კაკაო და უყუროთ ყველაზე კეთილ და ჯადოსნურ ფილმებს, ბავშვებთან ერთად. ჩვენ რამდენიმე ფილმს შემოგთავაზებთ, რომლებიდანაც თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შერჩევა.

"ჯეკ ფროსტი"

mshoblebi გამოშვების წელი: 1998, აშშ

რეჟისორი: ტროი მილერი

როლებში: მაიკლ კიტონი, კელი პრესტონი, ჯოზეფ კროსი

ფილმის აღწერა: ეს ფილმი შესანიშნავია იმისათვის, რომ მთელმა ოჯახმა ერთად ნახოთ. ცნობილი მომღერალი ჯეკი მუდმივად გასტროლებზე, გადაღებებზე, ჩანაწერებსა და კონცერტებზე იმყოფება. ძალიან უყვარს ოჯახი, მაგრამ იმდენად დატვირთულია, ახლობლებისთვის დრო აღარ რჩება. ერთხელ, როცა ხვდება, რომ შვილისგან შორს ყოფნა აღარ შეუძლია, მანქანაში ჯდება და სახლში მიდის. მოყინულ გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევა მის ცხოვრებას ასრულებს. მაგრამ, როგორი შობაა, თუ სასწაული არ მოხდა? ჯეკი აუცილებლად დაუბრუნდება ოჯახს, ოღონდ სხვა ფორმით - ის თოვლის კაცად გადაიქცევა და შვილისთვის ყველაზე კეთილი მეგობარი გახდება.

"როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"

mshoblebi გამოშვების წელი: 2000, აშშ, გერმანია

რეჟისორი: რონ ჰოვარდი.

როლებში: ჯიმ ქერი, ტეილორ მომსენი, ჯეფრი ტემბორი

ფილმის აღწერა: ქალაქ კტოგრადში ცხოვრობდა კაცი, სახელად გრინჩი. უჩვეულო გარეგნობით გამოირჩეოდა, მწვანე, მთლიანად თმით დაფარული, არავის უყვარდა და ეს ძალიან აწუხებდა. მის გარდა, ყველას უხაროდა შობის დღესასწაული, ამიტომაც გადაწყვიტა, ყველაზე შური ეძია და შობა მოეპარა...

"დაკარგული შობა"

mshoblebi გამოშვების წელი: 2011, დიდი ბრიტანეთი

რეჟისორი: ჯონ ჰეი

როლებში: ედი იზარდი, ჯეისონ ფლემინგი, ჯეფრი პალმერი

ფილმის აღწერა: ბიჭი მეხანძრე მამას მანქანის გასაღებს უმალავს, რომ სახლში დარჩეს. მაგრამ, შედეგად, უბედური შემთხვევა ხდება და ბიჭის მშობლები დაიღუპებიან. ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა, რომ არა ის უცნაური მამაკაცი, რომელიც მანჩესტერში შობის წინა დღეს გამოჩნდა. თვითონაც არ იცის, ვინ არის და საიდან, მაგრამ ზუსტად იცის, რომ აქვს უნარი, დაუბრუნოს ადამიანებს ის, რაც დაკარგეს.

"პრინცესას შეცვლა"

mshoblebi გამოშვების წელი: 2018, აშშ

რეჟისორი: მაიკ როლი

როლებში: ვანესა ენ ჰაჯენსი, სემ პალადიო, ნიკ საგარი

ფილმის აღწერა: კეთილი ფილმი სიყვარულსა და ბედნიერებაზე. შობამდე ერთი კვირით ადრე, მონტენაროს ჰერცოგინია, სახელად მარგარეტი და ერთი უბრალო გოგონა ჩიკაგოდან ადგილებისა და როლების შეცვლას გადაწყვეტენ. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ერთმანეთის ცხოვრებას გაცვლიან.

"საშობაო ქრონიკები"

mshoblebi გამოშვების წელი: 2018, აშშ

რეჟისორი: კლეი კეიტისი

როლებში: კურტ რასელი, კიმბერლი უილიამს-პეისლი, ოლივერ ჰადსონი

ფილმის აღწერა: მრავალი წელი პირსის ოჯახში შობა სანუკვარი ტრადიცია იყო, თუმცა 2018 წელს ოჯახის უფროსი, რომელიც მეხანძრედ მუშაობდა, სამსახურში გარდაიცვალა. შობის წინა დღეს, მისი მეუღლე, კლერი თავის კოლეგას ცვლის და შვილებს სახლში ტოვებს. ძველი სადღესასწაულო ვიდეოების ყურებისას, გოგონამ ბუხარში ხელი შეამჩნია. თავის პატარა ძმას არწმუნებს, რომ სანტაა და სურვილები უნდა ჩაიფიქრონ. ამის შემდეგ კი იწყება თავგადასავალი.

"ბეთჰოვენის საშობაო თავგადასავალი"

mshoblebi

გამოშვების წელი - 2011, აშშ.

რეჟისორი: ჯონ პუტჩი.

როლებში: ჯონ კლიზი, მანრო ჩემბერსი, კიმ როდსი.

ფილმის აღწერა: ელფი ჰენრი, სანტას თანაშემწის პოზიციაზე მუშაობს და შეცდომას უშვებს. ის შემთხვევით სანტას მარხილზე ჯდება და უცნობ ადგილზე მიფრინავს. მთელი უბედურება ისაა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ საჩუქრების ტომარასაც დაკარგავს. სამაგიეროდ, მასთან ყველაზე ჭკვიანი ძაღლი - ბეთჰოვენი მიდის დასახმარებლად.

"ელფი"

mshoblebi გამოშვების წელი- 2003, აშშ.

რეჟისორი: ჯონ ფავრო.

როლებში: ჯონ ფავრო, უილ ფერელი, ჯეიმს ქაანი.

ფილმის აღწერა: ცნობისმოყვარე ბავშვი ბავშვთა სახლიდან სანტა კლაუსის ტომარაში ჩაძვრება და ჯადოსნურ ქვეყანაში აღმოჩნდება, სადაც ელფები მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის ამზადებენ საჩუქრებსა და სიურპრიზებს. სწორედ აქედან იწყება თავგადასავლები...

"საშობაო მოგზაურობა"

mshoblebi გამოშვების წელი - 2015, კანადა.

რეჟისორი: რონ ოლივერი.

როლებში: კენდეს კამერონ ბიური, პოლ გრინი, სარა სტრეინჯი.

ფილმის აღწერა: ბედის ირონიით, ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდება. ქარბუქის გამო თვითმფრინავი სასურველ ქალაქამდე ვერ მიდის და ბუფალოს აეროპორტში დაეშვება. თავგადასავალიც სწორედ მაშინ იწყება.

"ბოიფრენდი შობისთვის"

mshoblebi გამოშვების წელი - 2004, აშშ.

რეჟისორი: კევინ კონორი.

როლებში: კელი უილიამსი, პატრიკ მალდუნი, ჩარლზ დერნინგი.

ფილმის აღწერა: 13 წლის გოგონა პირველად გადაწყვეტს, რომ შობის წინ თავისი ნამდვილი სიყვარული იპოვოს. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა, მაგრამ ჰოლი გრანტმა ვერ იპოვა ცხოვრების თანამგზავრი. მარტოსული და იმედგაცრუებულია, თუმცა ამ დროს ქალაქში მისი ყოფილი შეყვარებული ბრუნდება და ყველაფერი იცვლება.

"საშობაო ვაჭრობა"

mshoblebi გამოშვების წელი: 2015, აშშ.

რეჟისორი: ჯოელ სოუზა.

როლებში: უილიამ ბოლდუინი, დენის რიჩარდსი, მაიკლ კემპიონი.

ფილმის აღწერა: რობი ტეილორი თერთმეტი წლისაა, მაგრამ მან უკვე გაიგო, რა არის მწუხარება - დედა გარდაეცვალა. ლოს-ანჯელესში, მამასთან, უძრავი ქონების ადვოკატთან ერთად ცხოვრობს. რობის მამა დარწმუნებულია, რომ ბედნიერება ფინანსურ კეთილდღეობაშია და ამიტომ ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავისა და შვილის სარჩენად. ბიჭს ბევრი ოცნება აქვს, შობა კი სურვილების ასასრულებლად საუკეთესო პერიოდია.

"სანტა და კომპანია"

mshoblebi გამოშვების წელი: 2017, საფრანგეთი, ბელგია.

რეჟისორი: ალენ შაბა.

როლებში: ალენ შაბა, გოლშიფტე ფარაჰანი, პიო მარმეი.

ფილმის აღწერა: შობის წინ, 92 ათასი ელფი, რომლებიც ბავშვებისთვის საჩუქრების მომზადებაზე არიან პასუხისმგებელნი, გაურკვეველი დაავადებით დაავადდებიან. დედლაინი ახლოვდება, სანტას კი მოუწევს თავისი ელფებისთვის წამლის მოსატანად დაადგეს გზას.

"მაკნატუნა და ოთხი სამეფო"

mshoblebi გამოშვების თარიღი: 2018 წელი, აშშ.

რეჟისორი: ლას ჰალსტრომი, ჯო ჯონსტონი.

როლებში: მაკენზი ფოი, ჯეიდენ ფავორა-ნაითი, კირა ნაითლი.

ფილმის აღწერა: ახალგაზრდა კლარა შობის წინ იდუმალ ყუთს მიიღებს, რომელიც გარდაცვლილი დედისგან ერგო მემკვიდრეობით. გასაღების ძიებაში კი გოგონა ოთხი სამეფოს ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდება, მოუწევს სირთულეების გადალახვა და სიკეთე მაინც გაიმარჯვებს.

"ჩემი მეგობარი თოვლის ბაბუა"

mshoblebi გამოშვების წელი: 2014, საფრანგეთი

რეჟისორი: ალექსანდრ კოფრე

როლებში: ტაჰარ რაჰიმი, ვიქტორ კაბალი, ანელის ესმე.

ფილმის აღწერა: სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ქურდი სახლში შეიპარება და ყველაფერი მიაქვს, კარგიც და ცუდიც. ერთ-ერთ სახლში ის ხვდება ბიჭს ანტუანს, რომელიც თოვლის ბაბუასთან შეხვედრაზე ოცნებობს და სიხარულისგან გაგიჟდება მას რომ დაინახავს. ანტუანს არც კი უფიქრია, რომ სახლში თოვლის ბაბუა კი არა, ქურდი იყო შეპარული.

"შეიყვარე კუპერები"

mshoblebi გამოშვების წელი: 2015, აშშ.

რეჟისორი: ჯესი ნელსონი.

როლებში: ამანდა სეიფრიდი, ოლივია უაილდი, ჯონ გუდმენი.

ფილმის აღწერა: კუპერები თავს ბედნიერად არ გრძნობენ, მთელი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თითოეულს თავისი პრობლემები და საზრუნავი აქვს. წელიწადში ერთხელ - შობას, უნდათ იყვნენ განსხვავებულები, იმაზე უკეთესი, ვიდრე სინამდვილეში არიან. შარლოტა და სემი ორმოცი წლის ქორწინების შემდეგ განქორწინების პირას არიან, მაგრამ სურთ, შვილებსა და შვილიშვილებს საუკეთესო შობა მოუწყონ.

"სანტას მეგობრები"

mshoblebi გამოშვების წელი: 2009, კანადა.

რეჟისორი: რობერტ ვინსი.

როლებში: რიზ ალექსანდრი, დიდრიხ ბადერი, საჰარ ბინიაზი.

ფილმის აღწერა: სანტა ნიუ-იორკიდან წერილს იღებს. სამწუხარო ამბავს იგებს: სათამაშოების მაღაზიის მფლობელი, მისი მეგობრი, მისტერ ჰაკლ-ბაკლი გარდაიცვალა. იმდენადაა დამწუხრებული, რომ ელფები ცდილობენ, გაამხიარულონ და კვლავ დაუბრუნონ დღესასწაულების ხალისი.

"საშობაო საჩუქარი"

mshoblebi გამოშვების წელი: 1996, აშშ.

რეჟისორი: ბრაიან ლევანტი.

როლებში: არნოლდ შვარცენეგერი, სინბადი, ფილ ჰარტმანი.

ფილმის აღწერა: ლეიბების გამყიდველი ჰოვარდ ლენგსტონი ცოტა დროს უთმობს თავის შვილს, ის მუდმივად სამსახურშია. ამიტომაც გადაწყვეტს, ჯადოსნური საჩუქარი მოუწყოს და ტურბომენი აჩუქოს. თუმცა, სურვილების ასრულება ასე მარტივი არაა...

"რეალური სიყვარული"

mshoblebi გამოშვების წელი: 2003, დიდი ბრიტანეთი.

რეჟისორი: რიჩარდ კერტისი.

როლებში: ჰიუ გრანტი, ბილ ნაიი, კირა ნაითლი.

ფილმის აღწერა: ფილმში კონკრეტული მთავარი გმირები არ არიან. ყველა მთავარია და თითოეულის ამბავი მეორესთანაა გადაჯაჭვული. პრემიერ-მინისტრს მოულოდნელად შეუყვარდება თავისი თანამშრომელი და ამბავიც სწორედ აქედან დაიწყება.

"მარტო სახლში", "მარტო სახლში-2"

mshoblebi გამოშვების წელი: 1990, აშშ.

რეჟისორი: კრის კოლამბუსი.

როლებში: მაკოლეი კალკინი, ჯო პეში, დენიელ სტერნი.

ფილმის აღწერა: ფარული ხაფანგები, ტკივილი, დამცირება და ტანჯვა ელის მძარცველებს, რომლებიც გადაწყვეტენ მაკკალისტერების სახლში შეღწევას და გაქურდვას. მთელი ოჯახი პარიზში გაემგზავრა, კევინს კი ბევრ შვილს შორის ვერ შეამჩნევენ და სახლში დარჩებათ. ამის შემდეგ კი საშობაო თავგადასავალი იწყება.

ცელქი ბავშვები - ოპერაცია ახალი წელი

mshoblebi

გამოშვების წელი: 2012. საქართველო

რეჟისორი: ზურაბ მენთეშაშვილი

აღწერა: მსოფლიოში ყველაზე მოუსვენარი და ცელქი და-ძმა მშობლებთან ერთად საახალწლო მოგზაურობაში წასვლას აპირებენ, თუმცა ტურისტულ სააგენტოში მოწყობილი მორიგი აურზაურის გამო მათ მშობლები დასჯიან და საახალწლო მოგზაურობის მაგივრად არქეოლოგ ბაბუასთან ახალი წლის გასატარებლად დატოვებენ.

altფილმები ბავშვებზე, რომლებსაც შეგიძლიათ მათთან ერთად უყუროთ - სია მშობლებისთვის