13 დეკემბრიდან საჯარო ბაღები COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებზე რეაგირების ახალი რეგულაციებით იხელმძღვანელებენ. განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კოვიდინფიცირებულთა კონტაქტების კლასიფიკაცია, რისკის ჯგუფების განსაზღვრა და ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ახალი რეგულაციები წერტილოვანი დაკეტვის დაშვების შესაძლებლობას იძლევა. აქამდე, 1 შემთხვევის გამოვლენის დროს, მთლიანად ბაღი იკეტებოდა, ხოლო არსებული რეგულაციებით, ახლა უფრო დეტალურად შეისწავლება, რა შემთხვევაში დაიხუროს მთლიანად ბაღი ან მოხდეს წერტილოვანი შეზღუდვა, ანუ დაიკეტოს კონკრეტული ჯგუფი და არა მთელი ბაღი.
"ახალი რეგულაცია წერტილოვანი დაკეტვის დაშვების შესაძლებლობას აკეთებს, მაგრამ ინდივიდუალურ რეჟიმში, ყველა ბაღის შემთხვევას, როგორც აქამდე ხდებოდა, განიხილავს და სწავლობს ეპიდემიოლოგიური სამსახური. მაგრამ, არსებულ დოკუმენტში რისკის ჯგუფების დონეები უფრო დეტალურადაა გაწერილი. კონტაქტებიდან, ვადებიდან და რისკის ხარისხიდან გამომდინარე, გადაწყვტილებას არა ბაღის ადმინისტრაცია, არამედ კონკრეტული რაიონისა თუ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური იღებს. თუმცა, ის, რომ ეს შესაძლებლობა დაუშვეს, არ გამორიცხავს იმას, რომ ისევ დაიკეტოს ბაღი სრულად. უბრალოდ, ახლა უფრო დეტალურადაა გაწერილი, ვის აქვს მაღალი, დაბალი და საშუალო რისკი."- გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე); არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება.
გარდა ამისა, დაავადების გადატანის შემდეგ დაწესებულების აღსაზრდელი/მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ სხვა თანამშრომელი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანმრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ 10 ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა დაწესებულების ან სხვა პირის (მაგ. მშობლის) მიერ დაუშვებელია;
აღსაზრდელის/აღმზრდელის/ძიძის/სხვა თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის აღსაზრდელი/აღმზრდელი/ძიძა/სხვა თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე ჯგუფის სხვა აღსაზრდელებზე ან თანამშრომლებზე; აღმზრდელის/ძიძის/სხვა თანამშრომლების დაინფიცირების შემთხვევაში, მათთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის ხანგრძლივობის დაზუსტებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილზე წარსადგენად დროებითი შრომისუუნარობის ტოლფასი ცნობა გაიცემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ეპიდემიოლოგის მიერ დადასტურების შემდეგ; ინფიცირებულთან მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლის თვითიზოლაციის/კარანტინის დამადასტურებელ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის თანამშრომელი, დადგენილი წესით უგზავნის სამინისტროს; ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი (აღმზრდელი/ძიძა/თანამშრომელი), რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ დადგენილი აქვს თვითიზოლაციის/კარანტინის რეჟიმი, აგზავნის შეტყობინებას მისამართზე ‒ info@moh.gov.ge, სამინისტროს "კონტაქტის" ინტერნეტ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად და "ტექსტის" ველში უთითებს იზოლაციის დამადასტურებელი ცნობის მიღების საშუალებას (ელ-ფოსტა, საქართველოს ფოსტა, ხელზე გატანა); თვითიზოლაციაში/კარანტინში მყოფი პირი ზემოაღნიშნულ მისამართზე (info@moh.gov.ge) აგზავნის ასევე სათანადოდ შევსებულ "განაცხადის ფორმას", რომელსაც მითითებულ ელფოსტაზე მიიღებს სამინისტროდან. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. თამარ იაკობაშვილი