რას ნიშნავს კლიმაქსი და რა ნიშნებით ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში, რა უნდა გააკეთოთ წინასწარ დისკომფორტის შესამცირებლად და ყველაზე ხშირად რა იწვევს ნაადრევ კლიმაქსს - თემაზე ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკური მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ნადარეიშვილი გვესაუბრება:

- კლიმაქსი ფიზიოლოგიური პროცესია, რაც ცალკეულ სტრუქტურებში, როგორებიცაა ცენტრალური ნერვული სისტემა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა, რეპროდუქციული სისტემა, მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს. შედეგად, ქალი შვილოსნობის ფუნქციას კარგავს და დგება მენოპაუზა. ეს არის პერიოდი, როდესაც ქალს ბოლო მენსტრუაცია 12 თვის წინ ჰქონდა. ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება მიმდინარეობს. განსაკუთრებით, მკვეთრად მცირდება ესტროგენები, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ქალის ცხოვრების ხარისხის ცვლილებასა და სხვადასხვა დაავადების გამოვლინებაში. იმ შემთხვევაში თუ ხშირად აწუხებთ: ცხელება, შემცივნება, მომატებული ოფლიანობა, თავის ტკივილი, წნევის მომატება, გაღიზიანება, ძილიანობა, საერთო სისუსტე. შეიძლება ქალს ჰქონდეს შფოთვა, დაუქვეითდეს მახსოვრობისა და კონცენტრაციის უნარი. შეაწუხოს უძილობამ, შემცირებული ჰქონდეს ლიბიდო. რეპროდუქციული თვალსაზრისით, შესაძლოა საშოს სიმშრალე იყოს გამოხატული და ამის გამო სქესობრივი ცხოვრება გაჭირდეს. თან დაერთოს წვის შეგრძნება, შარდის შეუკავებლობა. ასევე, ზოგ შემთხვევაში, გამოხატულია კანის სიმშრალე, თმის ცვენა. გარდა ამისა, შესაძლოა თან დაერთოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლინება, ოსტრეოპოროზი, ართრიტი და სხვა პრობლემები, ეს კი მიუთითებს კლიმაქტერული სინდრომის ჩამოყალიბებაზე
- ძირითადად, რომელი ასაკიდან იწყება კლიმაქსი და როდის ითვლება ნაადრევად?
- ძირითადად, კლიმაქსი 50-55 წლის ასაკში იწყება. რაც შეეხება ნაადრევ კლიმაქსს, ეს შეიძლება გამოვლინდეს 33-32 წლის ასაკში ან 25 წლის ასაკშიც კი. ამ შემთხვევაში, აუცილებელია მიზეზების გარკვევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მიზეზი კი შეიძლება სხვადასხვა პათოლოგია იყოს, რომელიც მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ვითარდება, ან არსებობს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი. ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება დაიწყოს, როდესაც პაციენტი რეგულარულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება. იტარებს ქიმიო ან სხივურ თერაპიას. ნეგატური გავლენა შეიძლება ჰქონდეს სტრესულ სიტუაციას, გენეტიკურ ფაქტორს. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს, როდესაც ქალს საშვილოსნო, საკვერცხეები ამოუღეს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და როგორც აღვნიშნე, ჯერ მიზეზის გარკვევა და შემდეგ საჭირო ზომების მიღებაა აუცილებელი.
- რა შეიძლება გააკეთდეს დისკომფორტის შესამცირებლად?
- ქალის ცხოვრების ხარისხი აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს. აქტიური ცხოვრებით იცხოვროს, ისეირნოს ფეხით, ივარჯიშოს, იცურაოს, ცხარე, მჟავე საკვები ამოიღოს რაციონიდან, იკვებოს ჯანსაღი პროდუქტებით. კლიმაქტერული სინდრომი რომ არ ჩამოყალიბდეს, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალის ორგანიზმში თავად კლიმაქსი გარდაუვალი პროცესია. როგორც აღვნიშნე, ეს ფიზიოლოგიური ცვლილებებია. მაგრამ, თუ ამ პერიოდს ის ჩივილები ერთვის თან, რაც უკვე ჩამოვთვალე, მაშინ კლიმაქტერული სინდრომი ვითარდება. კლიმაქსის დროს ქალი ჩვეულებრივი ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ მთავარია არ ჩამოყალიბდეს სიმპტომოკომპლექსი, რაც მისი ცხოვრების ხარისხს გააუარესებს. ამისთვის, როგორც აღვნიშნე, საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა, რეგულარულად სექსუალური ცხოვრებით ცხოვრება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი პრობლემის დროს ექიმს არ მიმართავს. ხშირად ეწყებათ ტაქიკარდია, გულის არეში ტკივილი. კარდიოლოგებთან, ნევროპათოლოგებან მიდიან კონსულტაციაზე, მაგრამ ხშირად არ ფიქრობენ, რომ რეპროდუქტოლოგებს, გინეკოლოგებს უნდა მიმართონ, რომლებიც ამ საკითებში კარგად არიან გარკვეულნი, სწორ დიაგნოზს დასვამენ და შესაბამის რჩევებს მისცემენ.
- რა ნიშნებით ვლინდება კლიმაქსი მამაკაცებში, რომელი ასაკიდან და რა ფორმით?
- მამაკაცებში კლიმაქსს ანდროპაუზას ვუწოდებთ და მათთვის ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონის, ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას უკავშირდება. ასაკობრივად, 45-50 წლის ასაკში იწყება და ძირითადად გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მაგრამ, მაინც არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცი გაღიზიანებულია, აქვს შფოთვა და ახასიათებს იგივე ჩივილები, რაც ქალების შემთხვევაში ჩამოვთვალეთ. მამაკაცის ორგანიზმში კლიმაქსის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებამ, ახალგაზრდობასა და საშუალო ასაკში ნარკოტიკების გამოყენებამ, ისეთმა სამსახურმა, სადაც ტოქსინებისა და რადიაციის დიდი გავლენაა, ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებებმა, სიმსივნურმა წარმონაქმნებმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა, მაგალითად, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციები. აღსანიშნავია ხშირი სტრესი, არასტაბილური ფსიქოემოციური მდგომარეობა. მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ორგანოების განვითარების თანდაყოლილი ანომალიები. ასევე, ისეთი პრეპარატების ხანგრძლივი დროით მიღება, რომლებიც იწვევენ ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას. მამაკაცების შემთხვევაშიც, თუ კლიმაქსი ნაადრევად იწყება, საჭიროა გამოვიკვლიოთ მაპროვოცირებელი ფაქტორები და შესაბამისი მკურნალობა დავნიშნოთ. მამაკაცებს ხშირად აქვთ შიში, რომ სქესობრივი კავშირის დამყარებას ვეღარ შეძლებენ, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტს, ანდროლოგს, სექსოლოგს მიმართონ, რომელიც სწორი დანიშნულებით ამ პრობლემას მოაგვარებს.
- კლიმაქსის დროს და კლიმაქსის შემდგომ, რამდენად რეკომენდებულია სქესობრივი ცხოვრება და თუ არის ის სრულფასოვანი?
- ქალებსა და მამაკაცებს ფიზიოლოგიური კლიმაქსის დროს სრულფასოვნად შეუძლიათ სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება. მაგრამ, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს პათოლოგიურად და ქალის ორგანიზმში ესტროგენების დეფიციტია და სიმშრალეა გამოხატული, შეიძლება მას მამაკაცთან სქესობრივი ცხოვრება გაუძნელდეს და ეს, ცხადია, ძალიან დიდ დისომფორტს იწვევს. ამ დროს გინეკოლოგს უნდა მიმართოს, რომელიც სწორ რეკომენდაციებსა და დანიშნულებას მისცემს. შედეგად, სქესობრივი ურთიერთობის დროს პრობლემა აღარ ექნება. მამაკაცების შემთხვევშიც, თუ ტესტოსტერონის დონე დაქვეითებულია, არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მარტივად აგვარებს პრობლემას.
- რა შეცდომებს უშვებენ ხშირად ამ პერიოდში და თუ არის შესაძლებელი, წამლისა და ექიმის გარეშე ამ ეტაპის გადალახვა?
- პირველ რიგში, ყველაფერს შეხედონ პოზიტიურად. კლიმაქსის დაწყება არ არის ტრაგედია და როგორც აღვნიშნე, ეს გარდაუვალი ფიზიოლოგიური პროცესია. კლიმაქსი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად იქნება დისკომფორტის მომტანი ჩივილები. იმისათვის, რომ კლიმაქტერული სინდრომი თავიდან ავიცილოთ, კარგი იქნება, თუ ივარჯიშებთ, კვებას მიაქცევთ ყურადღებას, აქტიური ცხოვრების წესით იცხოვრებთ. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად ვერ გადალახავთ ამ პროცესს და თავს ცუდად იგრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დამიჯერეთ, ყველა ის ჩივილი თუ დისკომფორტი სწორი რეკომენდაციებისა და დანიშნულების შემთხვევაში აღმოიფხვრება.
თამარ იაკობაშვილი