რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში ომიკრონი: "აუცილებელი არ არის, ამ სიმპტომებით ყველა ტესტის გასაკეთებლად გავუშვათ" - მშობლები

რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში ომიკრონი: "აუცილებელი არ არის, ამ სიმპტომებით ყველა ტესტის გასაკეთებლად გავუშვათ"

2022-01-11 06:26:23+04:00

რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი და ზოგადად, რა გართულებების გამოწვევა შეუძლია კოვიდ-19-ს, თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება:

- არა მხოლოდ მშობელს, სპეციალისტსაც კი, რომელსაც ვირუსულ ინფექციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ომიკრონის იდენტიფიცირება არ შეუძლია, რადგანაც ეს ნიშნები სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების იდენტურია, როგორებიცაა: გრიპი, გაციება. თუმცა, ძირითადად, გაციება ჰგავს და სიმპტომები ყველასათვის კარგად ნაცნობია: ყელის ტკივილი, ყელში ჩაფხაჭნის შეგრძნება, მსუბუქი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, დაბალი ტემპერატურა - ესაა ის ნიშნები, რომლებიც ომიკრონით ინფიცირებულ პაციენტებს ხშირად ახასიათებთ. როგორც აღვნიშნე, ძალიან ჰგავს გაციების კლინიკურ სიმპტომატიკას. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, პაციენტებს განსხვავებული ჩივილებიც ჰქონდეთ, როგორებიცაა: წელის ტკივილი, ღამის ოფლიანობა, გულის რევის შეგრძნება. ეს ნიშნები სხვა ვარიანტებისთან შედარებით, განსხვავებულია. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იანვარში, როცა ძალიან ბევრი რესპირაციული ვირუსული ინფექციაა, რომელსაც გაციების გამოწვევა შეუძლია, ვერც ერთი მშობელი და სპეციალისტი ტესტის გარეშე, მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მსგავსი სიმპტომები აქვს, აუცილებლად ტესტის გასაკეთებლად უნდა გავუშვათ. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით, ზოგადი მდგომარეობა, რისკის ჯგუფების არსებობა, კონტაქტი და სხვა.

- როგორია დაავადების სიმძიმე ომიკრონის შემთხვევაში?

- მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. როდესაც შედარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მხედველობაში კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტი გვაქვს, რომელიც დღემდე არსებულ მუტაციებს შორის ყველაზე მძიმე დაავადების გამომწვევად განიხილება. სწორედ ე.წ. დელტა შტამი ყველაზე ხშირად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციას და გარკვეულ წილად, ლეტალობის მაჩვენებელზეც ამ ვარიანტის დომინანტობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. ასე, რომ ე.წ. დელტა შტამთან შედარებით, ომიკრონის მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით, არც დაავადების ხანგრძლივობით. პირიქით, შემთხვევების უმრავლესობაში, დაავადების ხანგრძლივობა 3-4 დღეა.

- მშობლები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბავშვს ჩამოუყალიბდა დიაბეტი, შეექმნა გულის პრობლემები. რამდენად ახასიათებს ზოგადად კოვიდ-19-სა და ახალ შტამს მსგავსი გართულებები?

- კორონავირუსის ერთ-ერთ ძირითად საფრთხეს იმ დაავადებების გაჩენა წარმოადგენს, რომლებიც ადრე არ არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი სწორედ დიაბეტია. ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიაბეტის ალბათობა ძალიან მაღალია. ასევე, შესაძლებელია კორონავირუსის მსუბუქმა ფორმამაც კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დატოვოს ცხოვრების ხარისხზე მოქმედი ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ძილის დარღვევა, დეპრესია, მახსოვრობის პრობლემა, ხასიათის ცვლილება, ქრონიკული ხველა, ძლიერი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, თმის ცვენა. მსგავსი სიმტპმების ჩამონათვალი ძალიან ბევრია და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ბავშვებში ვაქცინაცია აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დავიცვათ, არამედ იმიტომ, რომ დავიცვათ ხანგრძლივი კოვიდისგანაც, რომელიც შეიძლება ძალიან შემაწუხებელი იყოს. აღწერილია შემთხვევები, როდესაც პაციენტს კორონავირუსის გადატანის შემდეგ 7-8 თვის განმავლობაში არ დაუბრუნდა ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება. კორონავირუსმა შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული დაავადება დაამძიმოს, ასევე შეიძლება გულის მწვავე დაზიანება გამოიწვიოს, განსაკუთრებით საყურადღებოა კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის, რომელიც ბავშვებში ვითარდება და მას გულის დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

- ორშაბათიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი უნდა განახლდეს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია დასწრებით ფორმატში სწავლის აღდგენა?

- თუ სკოლაში დაიცავენ ისეთ რეკომენდაციებს, როგორებიცაა: ნიღბის ტარება, საკლასო ოთახების განიავება, მოსწავლეების დისტანცირება, სასადილოების ფუნქციონირების შეჩერება, თუ სკოლა ბავშვებს ვაქცინირებულ პედაგოგებს დაახვედრებს, მაშინ ეს პროცესი უსაფრთხო იქნება. არც ერთი ეპიზოდი, რომ სკოლა აფეთქების წყარო გახდა, დაფიქსირებული არ არის. მთავარია, ბავშვები მომზადებულები გავუშვათ, პირველ რიგში, ნიღბის სწორ ტარებას ვგულისხმობს, სასწავლო პროცესი კი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესაბამისად წარიმართოს. მაშინ ეს რისკები ნამდვილად მინიმალური იქნება.

თამარ იაკობაშვილი