"როცა ეს საქმიანობა დავიწყეთ, შემოსავალი მქონდა თვეში 150-250 ლარი... ემილიამ და მისმა ოჯახმა ამ ხნის განმავლობაში რასაც მივაღწიეთ, მხოლოდ ჩვენი შრომით..." - მშობლები

"როცა ეს საქმიანობა დავიწყეთ, შემოსავალი მქონდა თვეში 150-250 ლარი... ემილიამ და მისმა ოჯახმა ამ ხნის განმავლობაში რასაც მივაღწიეთ, მხოლოდ ჩვენი შრომით..."

2022-01-15 12:26:00+04:00

პატარა ემილიას საზოგადეობა, განსაკუთრებით კი ბავშვები კარგად იცნობენ. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ მაყურებლის თვალწინ გაიზარდა ემილია, რომლის პოპულარობაც მისი ოჯახის დამსახურებაა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ემილის მამამ ლევან ალიმბარაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გულისწყვეტით აღნიშნავდა, რომ ემილის არც ერთ კოცერტზე არ იწვევდნენ, მაშინ როცა ბავშვების დიდ ყურადღებას და სიყვარულს გრძნობს. პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, იყო პრეტენზიები, თუ რატომ გახადეს კომერციულად მომგებიანი საქმე, სადაც მთავარი გმირი ბავშვი - ანუ ემილიაა, ზოგმა პოლიტიკური იარლიყი მიაკრა ამ თემას.. საპასუხოდ კი ემილი ტვ-ის ფეისბუქ გვერდმა დღეს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თითქმის ყველა კითხვაზე სცემს პასუხს:

"მოგესალმებით, სამწუხაროდ კიდევ მიწევს განცხადების გაკეთება...

პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა მშობელს და არა მარტო მშობლებს გვერდში დგომისთვის და თქვენი აზრის გამოთქმისთვის.

როგორ იცით, წინა განცხადება მალე წავშალე იმის გამო, რომ ზოგიერთმა ინტერნეტ მედიამ სხვა სათაურით განათავსეს. ზოგმა პოლიტიკური დატვირთვაც კი მისცა, რაც არის ტყუილი! არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონია განცხადებას და ასევე არავისთვის არაფერი არ მოგვითხოვია! იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ ვითხოვთ კონცერტის ჩატარებას და ამით ფულის შოვნას, რაც ასევე არის დიდი ტყული! 1 თეთრიც კი არ მოგვითხოვია! დღესაც არის გამზადებული სცენა ორბელიანზე, სადაც რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, მივესალმებით რომ ჩატარდა, მაგრამ ემილიას ელემენტარულად მანდ რომ გამოსულიყო და ემღერა რამდენიმე თავისი სიმღერა სრულიად უფასოდ (დარწმუნებული ვარ, ბევრი მაგ სცენაზე უფასოდ არ გამოსულა) და გაგვეხარებინა ბავშვები, მაგ აზრის გამოთქმის გამო არ ვიცი, რა აღარ მიწოდეს და რა აღარ მეძახეს!

წინა განცხადება გავაკეთე მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვები გაგვეხარებინა, რომლებიც შეხვედრას დიდი ხანია ითხოვენ, ვინც ამის გამო გვაკრიტიკებს და შეურაცხყოფას გვაყენებს, აი თქვენ ნამდვილად არ გესმით ბავშვების და გამოძრავებთ მხოლოდ შური და ბოღმა!

ასევე იწერებოდნენ, ვინმეს მაინც დაეხმარეთო! როცა ადამიანს არაფრის დანახვა არ გინდა, ვერასდროს ვერაფერს ვერ დაინახავ! ემილიას 6 კონცერტი აქვს ჩატარებული - მხოლოდ საქველმოქმედო ფონდისკენ იყო თანხა მიმართული! არანაირი შემოსავალი ჩვენ მაქედან არ აგვიღია! ასევე ერთჯერადად უამრავს დავხმარებივართ, რაზეც ასევე გვაკრიტიკებდნენ! ბევრს ისე დავხმარებივართ, არსად არც გაგვიმჟღავნებია! ბავშვებთან, რომლებსაც მძიმე დაავადებები აქვთ და ჰქონიათ, მივსულვართ, რომ გაგვეხარებინა!

როცა ეს საქმიანობა დავიწყეთ, შემოსავალი მქონდა თვეში 150-250 ლარი, ემილიამ და მისმა ოჯახმა ამ ხნის განმავლობაში რასაც მივაღწიეთ, მხოლოდ ჩვენი შრომით და 9 წლის ბავშვმა რამდენი ბავშვის დახმარებაც შეძლო, ვინც პრეტენზიას გამოთქვამთ, თქვენ თუ შეძლებთ თქვენს ზრდასრულ ასაკში ამის მინიმუმის გაკეთებას მაინც, მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ გვესაუბროთ, ვინ ვის რაში ეხმარება!

იყო კომენტარები მშობლების მხრიდან, რომ ყველაზე ბედნიერები არიან, რომ ემილიას ვიდეოებს არ აყურებინებენ ბავშვებს და აყურებინებენ სხვა უცხოელ ბავშვებს, რომლებიც YouTube-ზე მოღვაწეობენ. თუ ასე გაბედნიერებთ ეგ დამოკიდებულება, იმედია სულ ასე იბედნიერებთ! მაგრამ თუ მსგავს კომენტარს წერთ იმის გამო, რომ ემილიას ან მის მშობლებს გული ატკინოთ, აი აქ უკვე ვერ გაგაბედნიერებთ...

ბევრმა მოიწერა შემეცნებით ვიდეოებთან დაკავშირებით, Emili TV-ზე და ასევე Dani TV-ზე უამრავი შემეცნებითი ვიდეო გვავქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ვისაც არ უნდა მაგას ვერ ამჩნევს, რაც არის მხოლოდ თქვენი პრობლემა! თითქმის ყველა ვიდეოში დამატებით ხაზს ვუსვამთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს, რასაც თქვენ, ვინც ვერაფერს ვერ ამჩნევთ, მაგასაც ვერ შეამჩნევთ!

რაც შეეხება ვიდეოებს, სადაც არის ინტერგრირებული პროდუქტი, როცა რაღაცას ქმნი და ასევე გინდა, რომ კონტენტი უფრო დახვეწილი იყოს, ასევე მთელი შენი დროის რესურსს გამოყოფ ამაში, რატომ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერში ფინანსები არ არის საჭირო? რატომ არ უნდა გამოიმუშაო თანხა?! რა არის ამაში არასწორი და ცუდი ამიხსნით?! პირველ რიგში ჩვენ არასდროს არ ვარეკლამებთ პროდუქტს, რასაც ჩვენ შვილებს არ მივცემთ, ასევე ბევრჯერ ყოფილა შემოთავაზება ინტერნეტ კაზიონების და ყოველთვის უარს ვამბობთ მსგავს რეკლამაზე! მთელი YouTube არის მაგათი სპონსორობით და რეკლამებით აჭრელებული! არასდროს არ მოგვიწოდებია, რომ აი, ეს იყიდეთ, საუკეთესოა, ყველაზე კარგია, იყიდეთ და ა.შ. მსგავსი მოწოდებები არასდროს არ გვქონია!

მოგონილი ჭორები წავიკითხე უამრავი, რაც არასდროს არ ყოფილა და ზოგიერთი მშობელი უბრალოდ იგონებს! რატომ? ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ იგონებთ რაღაც ისტორიებს?! რა მიზანი გაქვთ?!

მსგავსი განცხადებებით აღარ შეგაწუხებთ. კიდევ ერთხელ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და გამომწერს გიხდით დიდ მადლობას! წინა პოსტი მხოლოდ მიმართული იყო ბავშვებისთვის, რომ შევხვედრილიყავით და გაგვეხარებინა, მაგრამ არა უშავს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით!"

თეკლა ჟვანია

alt"ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ..." - ვინ და რატომ ბლოკავს ემილიას