რა მნიშვნელობა აქვს კარგ და ცუდ სიზმარს და როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ძილში კრთის ან საუბრობს - მშობლები

რა მნიშვნელობა აქვს კარგ და ცუდ სიზმარს და როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ძილში კრთის ან საუბრობს

2022-01-18 06:27:09+04:00

როცა ბავშვი ცუდ სიზმრებს ხედავს და ეშინია - რისი ბრალია და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, ასევე რამდენად საყურადღებოა ძილში საუბარი, ტირილი თუ შეკრთომა და რას უნდა მიაქციონ მშობლება განსაკუთრებული ყურადღება - აქტუალურ თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გვესაუბრება:

- ცუდი სიზმრები, ანუ ღამის კოშმარები გავრცელებული პრობლემაა ადრეული ასაკის ბავშვებში. დაახლოებით 3 წლიდან, როდესაც ბავშვი იწყებს გარემოს დამოუკიდებლად გამოკვლევას და დასკვნების გაკეთებას, მისი მხრიდან ხდება საფრთხეების უფრო დაკვირვებით და ზოგჯერ გადაჭარბებით გაცნობიერება. ძილის დროს ორგანიზმი გადაამუშავებს დღის მანძილზე მიღებულ ინფორმაციას, ემოციებს, მათ შორის შიშებს. ბავშვები თავისთავად მიდრეკილნი არიან გაზვიადებისკენ. ადვილად კარგავენ ზღვარს რეალობასა და წარმოსახვას შორის. აქედან გამომდინარე, სიზმარში ნანახი არასასურველი ეპიზოდი მათთვის ისეთივე რეალურია, როგორც ცხადში განცდილი. ზღაპრული პერსონაჟები, მათ შორის, ზომბები და მონსტრები ისეთივე რეალურია, როგორც ნამდვილი ჩიტები და ცხოველები. თუ გავითვალისწინებთ, რომ შიში ჩვენი ერთ-ერთი ბაზისური და უმნიშვნელოვანესი ემოციაა, სრულიად ლოგიკურია, რომ ის არსებობს ბავშვის ცხოვრებაშიც.

- როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს

- მნიშვნელოვანია, ჩვენ თვითონაც არ შეგვეშინდეს, როდესაც ბავშვს ეშინია! ამ რეკომენდაციას აქვს რამდენიმე საფუძველი. ერთი მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიში ბუნებრივი და ბაზისური ემოციაა და მასზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება. რეალურად ის „მეგობარი“ ემოციაა. შესაბამისად, შიში კი არ უნდა დავთრგუნოთ, უნდა ვისწავლოთ მისი მართვა, გადამუშავება და ვასწავლოთ ეს ბავშვებსაც. მეორე - ბავშვების ნერვული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ისინი პირველ რიგში ხედავენ ემოციას და ხედავენ ემოციით. თქვენს სიტყვიერ არგუმენტებამდე, ახსნა-განმარტებამდე, ისინი აკვირდებიან თქვენს გამომეტყველებასა და ქცევას. თუ თქვენც შფოთვით უპასუხეთ ბავშვის ემოციას, ამით უნებურად გააძლიერებთ შიშს. ანუ, „თუ დედაც და მამაც ანერვიულდნენ, ესე იგი მართლა ძალიან საშიშია“. თუ დამფრთხალი ბავშვის გვერდით ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას, სიტყვის უთქმელადაც კი ბავშვი გრძნობს, რომ რაც უნდა ცუდი და საშიში რამ ხდებოდეს, თქვენ იცით, როგორ მოაგვაროთ სიტუაცია და ყველაფერი კარგად იქნება. სიმშვიდის შენარჩუნება არ გულისხმობს გულგრილობას და ბავშვის შიშის ობიექტის იგნორირებას, გაუფასურებას - „ამან როგორ შეგაშინა?“. გაითვალისწინეთ, მისი შიში სრულიად რეალურია და პირველ რიგში, მას სჭირდება თანადგომა. გაახმოვანეთ ხმამაღლა რომ თქვენ გესმით მისი პრობლემა - „ძალიან დიდი ძაღლი იყო და შეგაშინა ხომ?“, „გეგონა დაგეწეოდა და გატკენდა, არა?“. ამის შემდეგ შეეცადეთ, აუმაღლოთ თვითშეფასება შიშის ობიექტის მიმართ - „ის სწრაფად მორბოდა, მაგრამ შენც სწრაფად დარბიხარ, ვერ დაგეწეოდა“, ამის შემდეგ დაუდასტურეთ თქვენი მხარდაჭერა და გვერდში ყოფნა - „თუ შემთხვევით ძალა გამოგეცლება, მე მაშინვე შენს გვერდით გავჩნდები. ჩვენ ერთად უკვე ვერაფრით დაგვამარცხებენ. პირიქით, სხვებსაც დავეხმარებით, ვისაც ეს მონსტრები აშინებენ“. გამოცდილი პრაქტიკაა კოშმარების გმირების დახატვა, გამოძერწვა და შემდეგ მათი დამარცხება, ან გაკეთილშობილება, დამეგობრება, იუმორში გადატანა. ვინაიდან სიზმარი უმეტესად დღის ემოციების გამოძახილი და გაგრძელებაა, კარგი იქნება დღის მანძილზევე ბევრი ვესაუბროთ ბავშვს, მეტი დრო გავატაროთ ერთად, რომ მიღებული ემოციების გადამუშავებაში და დაბალანსებაში დავეხმაროთ. მშვიდი და რეგულარული რუტინა ძილის წინ უშფოთველი ღამის საწინდარია.

- ბევრი სიზმარი მოქმედებს თუ არა ძილის ხარისხზე და ზოგადად, რა არის სიზმარი?

- სიზმარი წარმოადგენს გამოსახულების, შეგრძნებისა და ემოციების ერთობლიობას, რომელსაც ვხედავთ და განვიცდით ძილის კონკრეტულ მონაკვეთში. რამდენად იმოქმედებს ის ძილის ხარისხზე, მასთან ასოცირებულ ემოციაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე სიზმრის ხანგრძლივობასა თუ რაოდენობაზე. თუ კარგ სიზმარს ვხედავთ, ეს ზრდის ჩვენს კმაყოფილებას და არც გვინდა ის დასრულდეს. ცუდი სიზმარი ბუნებრივია იწვევს გადაჭარბებულ შფოთვას, აგზნებას და აუარესებს როგორც ძილის, ისე შემდგომ ღვიძილის ხარსხსაც.

- რამეზე მეტყველებს, როცა სიზმარს ვერასოდეს ვიმახსოვრებთ ან პირიქით, ძალიან მრავალფეროვან სიზმრებს ვხედავთ?

- უხსოვარი დროიდან სიზმარი სხვადასხვა მეცნიერისა თუ ფილოსოფოსის კვლევის ობიექტი იყო. გამონაკლისი არც პროგრესული ტექნოლოგიებით შეიარაღებული თანამედროვე მეცნიერებაა. თუმცა, სამედიცინო ან ჯანმრთელობის მხრივ პროგნოზული ღირებულება სიზმარს ნაკლებად აქვს. ზოგადად, უკეთ გვამახსოვრდება მძაფრი ემოცია, კაშკაშა მოვლენა, ან განსაკუთრებული სიუჟეტი სიზმარში. მნიშვნელოვანია თავად პიროვნების ექსპრესიულობა, შემოქმედებითობა, ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. ასეთი ადამიანები უფრო ფერად და ხატოვან სიზმრებს ხედავენ.

- ზოგი ბავშვი ან მოზრდილი სიზმარს საერთოდ არ ხედავს, ეს კარგია თუ ცუდი?

- კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სამედიცინო ან ჯანმრთელობის მხრივ პროგნოზული ღირებულება სიზმარს ნაკლებად აქვს. ითვლება, რომ ზრდასრული ადამიანი ყოველღამით ჯამში დაახლოებით 2სთ ხანგრძლივობის სიზმარს ხედავს, თუმცა კვირაში საშუალოდ მხოლოდ 2 სიზმარი შეიძლება აღიდგინოს, ან უფრო ნაკლებიც.

- როცა ვამჩნევთ, რომ ბავშვი სიზმარში საუბრობს, ტირის ან იცინის, უნდა გავაღვიძოთ ამ დროს? ასევე, ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს ძილში წამოჯდომა, რაღაცას ამბობს ამ დროს და მერე ისევ იძინებს, ეს საშიშია?

- აღწერილი ეპიზოდები შეესაბამება ძილის არაორგანული ტიპის ფენომენებს, რომელთა უმრავლესობა ასაკდამოკიდებულია და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო. თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში თავად ბავშვისთვის შემაწუხებელი არ არის, გაღვიძებას არ საჭიროებს. რაც შეეხება განმეორებით და სტერეოტიპულ, ხანმოკლე ეპიზოდებს, მათი უმრავლესობაც ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა - მაგალითად, ძილში საუბარი, ძილში სიარული, თუმცა ეს უკანასკნელი გარკვეულ თავსატეხს მაინც გვიჩენს ხოლმე ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ძილში ტირილის რამდენიმე ვარიაცია არსებობს - ღამის კოშმარები და ძილის შიშები (ტერორები). ჯანმრთელობის მხრივ ორივე უსაფრთხოა, თუმცა ოჯახის დანარჩენი წევრების ცხოვრების და ძილის ხარისხის გაფუჭება კი შეუძლია.

ამ ყველაფრის პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძილში შესაძლოა საყურადღებო და არასასურველი ეპიზოდებიც აღმოჩენდეს, მაგალითად ეპილეფსიური გულყრა, ძილის აპნოე. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, უმჯობესია, პასუხი გაგცენ სპეციალისტებმა. მშობლების მხრიდან კი გონივრული იქნება ეპიზოდების დეტალური აღწერილობის მიწოდება ექიმისთვის, ისევე როგორც შეძლებისამებრ ვიდეო-ჩანაწერის გაკეთება და მისი წარმოდგენა.

- მთვარეულობა რომელი ასაკიდან ვლინდება და აქვს მას რაიმე წინასწარი სიმპტომები?

- მთვარეულობა საკმაოდ საინტერესო ფენომენია. პირველი ეპიზოდები უკვე ძალიან ადრეულ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. რაიმე ტიპის წინაპირობა, რომელსაც პროგნოზული ღირებულება ექნებოდა, არ არსებობს. დიაგნოსტიკა ხდება დამახასიათებელი კლინიკური სურათით, ანუ უკვე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.

- ჩაძინების წინ ძლიერი კრთომა, შეხტომა ბევრს ახასიათებს, ეს საშიშია?

- აღწერით ესაა ე.წ. ძილის ფიზიოლოგიური მიოკლონიები. ისინი ადრეული ასაკის ბავშვებში მეტადაა გამოხატული, შემდეგ თანდათან მცირდება. ვლინდება ჩაძინების პროცესში და ახალჩაძინებულზე, ასევე დილით გამოღვიძების წინ. თუ ახალგაღვიძებულზე, ან დღის მანძილზე შევნიშნეთ, აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია. ასევე სასასურველია დამატებითი კონსულტაცია, თუ თუნდაც ძილის შემთხვევაში ასაკთან ერთად არის გახშირების ტენდენცია ან მასთან ერთად ვითარდება სხვა ტიპის ხანმოკლე და სტერეოტიპული ეპიზოდები. მათი ვიდეო ჩანაწერი ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად აიოლებს დიაგნოსტიკის პროცესს.

- რა არის ძილის პერიოდში ყველაზე საყურადღებო სიმპტომი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს?

-ერთ-ერთი საყურადღებო სიმპტომია უძილობა, კერძოდ ჩაძინების გაძნელება, ან შემდეგ ძილის უწყვეტობის შენარჩუნების სირთულეები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ძილის ხარისხიც - თუ სძინავს, მაგრამ ყოველდილით იღვიძებს გამოუძინებლობის განცდით, არის ლაბილური, ადვილად გაღიზიანებადი და ჭირვეული, ასვე უნდა მივმართოთ ექიმს. დღის მანძილზე ჭარბი ძილიანობაც შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდებოდეს.

სხვა ე.წ. წითელი დროში ნიშნებია სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის დარღვევა და ხანმოკლე, სტრეოტიპული მოძრაობები ან ქცევა, რომელიც ეპილეფსიური გულყრებთან შეიძლება ითხოვდეს დიფერენცირებას.

თამარ იაკობაშვილი