გოგონები დაცულები იქნებიან საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც ძალიან გავრცელებულია - პაპილომავირუსზე უფასოდ 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგონებსაც აცრიან - მშობლები

გოგონები დაცულები იქნებიან საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც ძალიან გავრცელებულია - პაპილომავირუსზე უფასოდ 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგონებსაც აცრიან

2022-01-24 08:25:24+04:00

საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-დან 18 წლამდე გოგონებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს. აქამდე ვაქცინაციით უფასოდ სარგებლობა 9-12 წლის გოგონებს შეეძლოთ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა ლიკა ჯაბაძემ განმარტა, რა შემთხვევაში, რა ინტერვალით კეთდება აცრა და ინფორმაცია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა:

"საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით:

15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე. ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა

აცრა უფასოა!"- წერს ის.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტში განგვიცხადეს, 9 წლიდან 18 წლამდე ასაკის გოგონებს შეუძლიათ მიმართონ პოლიკლინიკებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებს და სურვილის შემთხვევაში, უფასოდ ჩაიტარონ ვაქცინაცია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, როგორია პაპილომა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და რისგან იცავს გოგონებს აცრა:

ადამიანის პაპილომა ვირუსი:

ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში ძირითადად სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა და ადამიანთა უმეტესობა სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ინფიცირდება ასზე მეტი გენოტიპია ცნობილი, რომელთაგან 13 კიბოს გამომწვევია ორი გენოტიპი (16 და 18) საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს იწვევს არსებული მტკიცებულებების მიხედვით, დადებით კორელაციაშია ანუსის, ვულვისა და ვაგინის კიბოსთან.

როგორ მივყავართ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებას საშვილოსნოს ყელის კიბომდე

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება ჩვეულებრივ თავისით გაივლის და უხშირესად პრეკანცერული წყლულები სპონტანურად ალაგდება ხოლმე, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ პაპილომა ვირუსული ინფექცია გარდაიქმნება ქრონიკულ, კიბოსწინარე წყლულად და გადაგვარდება აგრესიულ დააავდებად - საშვილოსნოს ყელის კიბოდ. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში ეს პროცესი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს, ხოლო დაზიანებული იმუნური სისტემის შემთხვევაში ეს პერიოდი უფრო მოკლეა - 5-10 წელი.

HPV პერსისიტენციისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ფაქტორები

სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა თამბაქოს მოხმარება იმუნური სუპრესია (მაგალითად ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსული ინფექციის (აივ ინფექცია) მქონე პირები არიან პაპილომა ვირუსის ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ და აქვთ HPV-ს გენოტიპების ფართო სპექტრი).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან ასოცირებულ დაავადებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად მიიჩნევს და კვლავ ადასტურებს მის რეკომენდაციას აპვ-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნულ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის თაობაზე.

ჯანმო აღიარებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტია. ვაქცინაციის სახელმწიფო სტრატეგიის რენტაბელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მისი პროგრამული დანერგვა ქვეყნის და რეგიონის დონეზე.

ორივე აპვ-ს ბივალენტური და კვადრავალენტური ვაქცინა უსაფრთხოა და გამოირჩევა ეფექტურობით.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით 2020 წელს გლობალურად საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 604 000 ქალს დაესვა და დაახლოებით 342 000 ქალი გარდაიცვალა.

ჩაუტარეთ თქვენს გოგონებს აცრები, რომელიც მოზრდილობაში ჩატარებულ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგთან ერთად მათ დაიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისაგან.

პედიატრი, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის "თანადგომა" თანამშრომელი, "რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის" მენეჯერი ქეთი ჭელიძე ამბობს:

"აცრა აუცილებელი, რადგან ის საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. ძალიან კარგია, რომ უფასოდ ვაქცინაციის ასაკი გაიზარდა, რადგანაც ბევრმა თავის დროზე ვერ ჩაიტარა, არასათანადო ინფორმირებულობის გამო. იმედი გვაქვს, ახლა უფრო მეტი გოგონა ჩაიტარებს აცრას და ამით დაცულები იქნებიან საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემების კიბოებს შორის გავრცელებით მეორეა, ძუძუს კიბოს შემდეგ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აცრის ჩატარება საჭიროა მაშინ, როდესაც ადამიანი პაპილომა ვირუსით არ არის ინფიცირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გაკეთებას შედეგი არ აქვს. გარდა ამისა, ვაქცინაციისთვის არა მხოლოდ 18 წლამდე ასაკის გოგონებს, არამედ უფრო დიდი ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ მისვლა. თუმცა, ამ შემთხვევაში, წინასწარ უნდა გაიკეთონ ტექსტი, დარწმუნდნე, რომ არ აქვს პაპილომა ვირუსი და შემდეგ ჩაიტარონ აცრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 წელს ზემოთ ეს აცრა ფასიანია. მინდა მშობლებს მოვუწოდო, დავიცვათ ჩვენი გოგონები კიბოსგან და უზრუნველვყოთ მათი ჯანმრთელი მომავალი."

თამარ იაკობაშვილი