საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მაღალია. დღეს კი კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა და 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ფონზე, ბევრ მშობელს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ იგეგმება ბაღების სრული დახურვა. ამ შეკითხვით
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს და ჯერჯერობით, პროცესთან დაკავშირებით ცვლილება არ აქვთ:
"საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე, პერიოდულად, ინდივიდუალურად ხდება წერტილოვანი ან სრული დაკეტვა." - გვითხრეს სააგენტოში.
ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს აქტიურად მოუწოდებენ, რომ თუ მათ შვილს აქვს რაიმე სიმპტომი, აღენიშნება ტემპერატურა, გრიპისა და გაციების ნიშნები, არ გაუშვან სკოლასა და ბაღში და სახლში დატოვონ.
თამარ იაკობაშვილი
გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე - თამარ გაბუნიას პასუხი