უქმდება თუ არა "მეტრომანები" და ვისთვის იაფდება ან ძვირდება დედაქალაქში მგზავრობა - ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტება - მშობლები

უქმდება თუ არა "მეტრომანები" და ვისთვის იაფდება ან ძვირდება დედაქალაქში მგზავრობა - ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტება

2022-01-28 08:08:51+04:00
პირველი თებერვლიდან, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. რას გულისხმობს ეს სისტემა, ვის უძვირდება და ვის გაუიაფდება ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება, ამის შესახებ გადაცემაში "ახალი დღე" ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა:

"ეს არის იმ ადამიანების წახალისება, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუდმივი მომხმარებელია. ხშირად დაისვა შეკითხვა, როგორაა 1 ლარი 50 თეთრის საპირწონე და როგორ არ გაძვირდა მგზავრობა. მგზავრობების 50-დან 55%-მდე არის იმ კატეგორიის ადამიანების მიერ განხორციელებული, რომელიც სარგებლობს შეღავათით. 16 დასახელების კატეგორიიდან მხოლოდ სამია ის, ვინც 10 ან 20 თეთრს იხდის. შესაბამისად, მათთვის ეს ტარიფი იგივე რჩება. ანუ, მგზავრების 55%-სთვის არაფერი იცვლება. ასევე, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე გდასაადგილებლად ორი ტრანსპორტის გამოცვლა, ეს იქნება მიკროავტობუსი და ავტობუსი ან მეტრო და მიკროავტობუსი. იმ ადამიანებს სჭირდებოდათ ლარი და 30 თეთრის გადახდა, ვინაიდან მიკროავტობუსი 80 თეთრი ღირდა. ამიტომ, მათთვისაც, მათ შორის, ერთჯერადი მგზავრობის შემთხვევაშიც, გაიაფდა. ასევე, ჩვენ გვყავს ის ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ მიკროავტობუსს და შედიოდნენ შეღავათიან ჯგუფებში, მაგრამ მიკროავტობუსებში ეს შეღავათი არ ვრცელდებოდა, შესაბამისად ახლა უკვე შეეძლებათ მიკროავტობუსებშიც გამოიყენონ ის შეღავათი, რასაც იქამდე ავტობუსსა და მეტროში იყენებდნენ. იმგზავრებენ 10 თეთრად, 20 თეთრად ან უფასოდ მაშინ, როცა 80 თეთრს იყენებდნენ. გარდა ამისა, გვყავს ისეთი ადამიანები, ვინც ხშირად გამოიყენებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. შესაბამისად, დაახლოებით, 10-12 პროცენტი გვრჩება ის კონტიგენტი, ვინც მგზავრობდა იშვიათად და ამ ადამიანებისთვის გაძვირდა. ოღონდ, ამ 10-12%-შიც შედის ის ხალხი, ვინც არ არიან თბილისის მაცხოვრებლები და შესაბამისად, არ არიან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები, ასევე ტურისტებიც და გვრჩება ძალიან მცირე ნაწილი, ვისთვისაც შეიძლება, რომ ერთჯერადი მგზავრობა გაძვირდა. თუმცა, 90 პროცენტზე მეტი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირიქით, გაიაფდა და თუ ისინი ერთჯერადად გადაიხდიან მათ შორის 40 ლარს, ყოველთვიურ სააბონენტოს ან უფრო გრძელვადიან აბონემენტს შეიძენენ, მაგ შემთხვევაში, ამ ადამიანებისათვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვნად გაიაფდა. ეს საჭიროება გახდა იქედან გამომდინარე, რომ ადამიანებს აღარ გაუჩნდეთ იმისი სურვილი, რომ ერთჯერადად გადაადგილდნენ თუნდაც კერძო ავტომობილით ან ტაქსით. რადგან ეს თანხა გადახდილი ექნებათ, ძირითადად გამოიყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს იმიტომ, რომ ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში ნებისმიერი მგზავრობა მათთვის უფასო იქნება.

ვიქტორ წილოსანი მეტრომანების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა:

"სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეტრომანები უქმდება და შესაბამისად, მათზე არსებული ბალანსი ანულირდება. ეს არის ტყული. სამწუხაროა, რომ სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფი ცდილობს, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს. მეტრომანის ბარათები არ უქმდება. მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩვეულებრივ გამოიყენონ ერთჯერადი გადახდის დროს, მათ შორის, იმ 90-წუთიანი შეღავათითაც ისარგებლებენ, როგორც ადრე. დამატებით შეეძლებათ, რომ მიკროავტობუსებშიც ისარგებლონ 90-წუთიანი შეღავათით, ასევე ბაგები-მაღლივის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზეც."

რა ხდება მაშინ, თუ შეძენილ ბარათს დაკარგავთ, ვიქტორ წილოსანი ასე განმარტავს:

"ბარათი არ არის პერსონიფიცირებული, აქედან გამომდინარე, ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ის არ ანაზღაურდება. თუ გაქვთ ქვითარი შენახული, მხოლოდ მაგ შემთხვევაში იქნება ანაზღაურება შესაძლებელი. თუმცა, თუ ქვითარი არ შეინახეთ და ბარათიც დაკარგეთ, მაგ შემთხვევაში, თანხა არ ანაზღაურდება."