"15 წლისას მამა ჩამაკვდა ხელებში, მერე - დედა, ახლა მწოლიარე ბებიას ვუვლი... ხანდახან გათენების მეშინია... მაგრამ მაინც მჯერა, ხვალ უკეთესი დღე იქნება" - მშობლები
ცხოვრება სავსეა სირთულეებით, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება განსაკუთრებულად მძიმე გამოცდებს უგზავნის. ამ ადამიანებს მიკუთვნება მაგდა გოგებაშვილი. ის მხოლოდ 26 წლისაა და მის თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა. გაჭირვება, მშობლების უდროოდ დაკარგვა, უსახლკარობა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი დაბრკოლება გაიარა ცხოვრების ამ მოკლე მონათკვეთში. ამჟამად მაგდა სენაკში ცხოვრობს და ავადმყოფ ბებიას უვლის.
- რა არ გადავიტანე 26 წლის მანძილზე... დავიბადე მარჯვენა ხელის პარეზით. დიდი ძალისხმევის, მკურნალობის შემდეგ ჩემმა მშობლებმა შეძლეს ჩემი გამოჯანმრთელება. თავიდან თბილისში ვცხოვრობდით, ვაკეში. ჩემი ჯანმრთელობის გამო ჩემებმა სახლი გაყიდეს. ამის მერე ვეღარ ავეწყვეთ და გადმოვედით მამიდასთან, სენაკში. ჩემი მშობლები თბილისში დაბრუნებას გეგმავდნენ, თუმცა მამა გარდაიცვალა, შემდეგ - დედაც და ასე დავრჩი აქ. ჩემთვის ყოველი დღე ახალი გამოწვევა და პრობლემა იყო, თუმცა გამქონდა თავი...
15 წლისას მამა ჩამაკვდა ხელში, 22 წლისას - დედა... სკოლის მერე სწავლაზე არც კი მიოცნებია, რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ დედა ავადმყოფობდა, ბევრი წამალი სჭირდებოდა, მოვლა... მისი გარდაცვალების შემდეგ მარტო დავრჩით მე და ბებია, უსახსროდ, ერთმანეთის იმედად. უნდა მემუშავა... არც სწავლა, არც პროფესია, არც და, არც ძმა, არავინ ხელის შემშველებელი. ბებიაჩემი 89 წლისაა და მე ვუვლი. ნაბიჯს ვერ ვდგამ, ისეა მოკედლებული ჩემზე. დავიწყებ სამსახურს, გახდება ცუდად, დავტოვებ სამსახურს და ვზივარ სახლში. ახლა ამ წუთას, ორ თვეზე მეტია არ ვმუშაობ, თვეში 380 ლარია ჩემი შემოსავალი - ბებოს პენსია და 80 ლარი, სოციალური დახმარება, ამით უნდა უზრუნველვყო ყველაფერი - კვება, წამალი, გადასახადები. ხანდახან გათენების მეშინია, არ ვიცი, რა უნდა ვაჭამო ბებიას, ხან ხილი უნდა, ხან ტკბილი უნდა...
- თუ მიგიმართავთ ვინმესთვის დასაქმების სურვილით და რა პასუხით გისტუმრებენ?
- მაღაზიაში ვმუშაობდი. ასევე, წლები ვიყავი ძიძა. სამსახურს არ ვარჩევ, მთავარია გრაფიკი იყოს მისაღები, რომ ბებია მთელი დღე მარტო არ დარჩეს. თუ სადმე მომინდომებია მუშაობა, დაბრკოლება არ მქონია არასდროს. ძირითადად პრობლემა ჩემშია, რადგან დილიდან გვიანობამდე სამსახურში ვერ ვიქნები ბებიას გამო.
- რაიონში მაინც გაქვთ სახლი?
- არა, ამ ქვეყნად არაფერი მაბადია. მამიდაჩემთან ვცხოვრობ, ორი ოთახი მაქვს დაკავებული. კიბე მონგრეულია, იატაკი - ჩავარდნილი, მინების ჩარჩოები დამპალი.
- თუმცა ამ ყველაფერის მიუხედავად ძალიან პოზიტიური და მხიარული ადამიანი ხართ. მძიმე ცხოვრებამ არ შეგცვალათ...
- ყოველ დილით მადლობას ვუხდი უფალს გათენებული დღისთვის. კარს რომ ვაღებ და გავდივარ, მხოლოდ ის ფიქრი მაქვს, დაბრუნებულს ბებია მშვიდობით დამხვდეს. პრობლემები ჩემი ცხოვრების თანმხლებია და ხელგაწვდილი ვეგებები. ჩემს თავს სულ ვეუბნები, ვერ მომერევა, ვერ შემაშინებს... რა თქმა უნდა, ზოგჯერ ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, სხეული მიმძიმდება და ყველაფრის სურვილი მეკარგება, მაგრამ მაგდა არ ვარ?! რას ვერ ავიტან და გავუძლებ?
- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ახლა ძალიან მძიმე და რთულ პერიოდს გადის?
- ვინც ჩემს მდგომარეობაშია ან უფრო უკიდურესი გაჭირვება აქვს, ერთადერთი მაქვს სათქმელი - იბრძოლეთ! გაიღიმეთ! არც ის მჯერა, რომ ხვალ უკეთესი დღე იქნება, უბრალოდ ნებისმიერ პრობლემას ვეუბნები - მე მოგერევი, მე შენზე ძლიერი ვარ...