"ვარ სამი შვილის დედა, ვეძებ სამსახურს... ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბედნიერები იყვნენ. ჩემი შვილები ქვეყანას მირჩევნია..." - რას წერდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რუსუდან ზაალიშვილი - მშობლები
გუშინ გლდანში დატრიალებულმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად შანიძეების ოჯახი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები - 6 წლის მარიამ შანიძე, 5 წლის დარეჯან შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი. როგორც ახლობლები ამბობენ, ოჯახი სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს. ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ისინი სულ რაღაც სამი დღის გადასულები იყვნენ. არსებული იფორმაციით, ქირის ნაწილი, 300 ლარი მთავრობას უნდა გადაეხადა მათთვის, 200 ლარი კი თავად უნდა დაეფარათ. როგორც ჩანს, ოჯახს საკმაოდ უჭირდა და არსებობისთვის ბრძოლა უწევდათ. ფეისბუქ ჯგუფებში რუსუდანის რამდენიმე პოსტს წავაწყდით, სადაც ახალგაზრდა ქალი სამსახურს სთხოვს მოქალაქეებს. „გოგოებო, ვარ სამი შვილის დედა, ვეძებ სამსახურს, 2 საათით დალაგებაზე თუ ვინმეს უნდა. დაუთოვებაც შემიძლია. ბოდიში, ახლა ძალიან მჭირდება ადამიანების გვერდში დგომა“. „გამარჯობა. ვარ ლაზეროთერაპევტი, ვეძებ სამსახურს. გთხოვთ, გამომეხმაურეთ“. „მყავს 3 შვილი, მარტო ვზრდი. 11-5-3 წლისები. განვიცდი, ვნერვიულობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბედნიერები იყვნენ. ჩემი შვილები ქვეყანას მირჩევნია“, - წერდა სახვადასხვა ჯგუფებში რუსუდანი.
ოჯახს საქველმოქმედო მიზნით სხვადასხვა ადამიანები უკავშირდებოდნენ. მწერალი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში მათ შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ეს პატარები, გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად რომ დაიღუპნენ, ახლა გავიგე ჩვენი პრინცესები აღმოჩნდნენ… ნეტავ სულ არ მენახა მაშინ ეს პატარები… ნეტავ სულ არ მოვსულიყავი ასე არ მეტკინებოდა გული. მაგრამ ალბათ მიუსვლელობას არც მაშინ და არც ახლა ჩემს თავსაც არ ვაპატიებდი. ეს ფოტოებიც იმ დღეს გადავუღე. ცისფერთვალება ანგალეზები. როგორ მეწვის გული. ამ ზაფხულს ვიყავი მათთან. პატარა ანგელოზის დაბადების დღე ახლოვდებოდა, „ბასანოჩკები” უნდაო ძალიან მისმა დედიკომ და შოკოლადები… ღმერთოოოოო… მათ თვალებში რაღაც უძირო სევდა არის მეთქი ვფიქრობდი მაში. პატარებს დავპირდი ისევ მოვალ თქვენთან მეთქი მაგრააააააამ. ეს რა გავიგე… ღმერთო, რატომ?“, - წერს სალაყაია.
ამ საზარელ ალბავს ეხმაურება ქველმოქმედი სალო სამუშია, რომელმაც ახალ წელს ოჯახი მოინახულა და საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. „რუსკა, როგორი თბილი ტკბილი და მორიდებული იყავი სულ და როგორ გერიდებოდა თხოვნა, თუ უკიდურესად არ გიჭირდა არასდროს მაწუხებდი. გამანადგურა ამ ყველაფერმა, როგორი ანგელოზები, როგორი ოჯახი. ობლობაში გაზრდილი ვარ და არაფერი არ მაქ ცხოვრებაში ნანახი და იმედი მაქ ჩემი შვილებისთვის მაინც შევძლებ რამის გაკეთებასო მიყვებოდი სულ. გავნადგურდი ღმერთო. უფალმა გაგანათლოთ. ეს დიდი უსამართლობაა“, - წერს სამუშია სოციალურ ქსელში. მერი ბლიაძე