დასჭირდებათ თუ არა მოსწავლეებს სამგზავრო აბონემენტი და რა უნდა გააკეთოთ, თუ აბონემენტს დაკარგავთ - მშობლები

დასჭირდებათ თუ არა მოსწავლეებს სამგზავრო აბონემენტი და რა უნდა გააკეთოთ, თუ აბონემენტს დაკარგავთ

2022-02-01 07:29:32+04:00
დღეიდან დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდა. მათ, ვინც ერთჯერადად საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50 თეთრს იხდიდა, ახლა 1 ლარის გადახდა მოუწევთ, თუმცა არაფრი იცვლება იმ ადამიანებისათვის, ვინც შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდა. გარდა ამისა, შემოთავაზებულია სხვადასხვა ულიმიტო ბარათები, რომლებსაც მოქალაქეები სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში აიღებენ. მათი შეძენა უკვე შეგიძლიათ მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში. რა უნდა გააკეთოთ, თუ შეძენილ ბარათს დაკარგავთ, შეკითხვით თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მივმართეთ:

"იმ მოქალაქემ, რომელმაც დაკარგა სამგზავრო ბარათი, ის ქვითრები, რაც შეძენისას მისცეს, უნდა წარადგინონ იმ ადგილზე, სადაც ბარათი აიღო და აღუდგენენ. თანხა სრულად გადავა. თუ ქვითარი არ ექნებათ და ბარათს დაკარგავენ, ამ შემთხვევაში, თანხა არ ანაზღაურდება." - აცხადებენ სააგენტოში.

გარდა ამისა, ვიკითხეთ, დასჭირდებათ თუ არა სკოლის მოსწავლეებს სამგზავრო აბონემენტის შეძენა და ზოგადად, შეუძლიათ თუ არა მოქალაქეებს საბანკო ბარათებისა და მეტრომანის კვლავ გამოყენება:
mshoblebi
"ზოგადად, სამგზავრო აბონემენტის შეძენა ნებაყოფლობითია. მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ მოსწავლის ბარათით უფასოდ მგზავრობა. საბანკო ბარათები და მეტრომანი კვლავ ძალაშია, არ უქმდება და ისევ შეუძლიათ მოქალაქეებს გამოყენება. როგორც აქამდე მგზავრობდით მეტრომანით და მასზე თანხას რიცხავდით, იმავე პრინციპით შეგიძლიათ, გააგრძელოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ საბანკო ბარათების ან მეტრომანის გამოყენების შემთხვევაში, 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაადგილება კვლავ შეგიძლიათ." - გვითხრეს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ უკვე დღეიდან სხვადასხვა ვადიანი სააბონემენტო სისტემა იმოქმედებს და მათ განსხვავებული ფასი ექნებათ:
  • ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი ერთი ლარი
  • ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი სამი ლარი
  • ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი 20 ლარი
  • ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი 40 ლარი
  • ულიმიტო, სამთვიანი ბარათი 100 ლარი
  • ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი 150 ლარი
  • ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი 250 ლარი
თამარ იაკობაშვილი