როცა ქალი აცნობიერებს, რომ ვერ დაორსულდება, ეს ბევრისთვის ძალიან დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ზოგისთვის შვილად აყვანა ხსნაა, ზოგი კი სუროგაციას მიმართავს. როგორც წესი, სუროგატი დედები სრულიად უცნობი ქალები არიან. თუმცა, არის ისეთი ისტორიები, როცა ქალებს საკუთარი დედები ეხმარებიან შვილის გაჩენაში, იღებენ ძალიან რთულ გადაწყვეტილებას და ისინი ხდებიან სუროგატი დედები. სწორედ მათზე გიამბობთ დღეს.
ჯული ლავინგი - 51 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

ჯული ლოვინგი ილინოისიდანაა და უსაზღვროდ უყვარს საკუთარი შვილები. ეს მოღიმარი ქალი დიდხანს უყურებდა, როგორ უშედეგოდ ცდილობდა მისი ქალიშვილი დაორსულებას და ძალიან იტანჯებოდა. 29 წლის ბრიანამ დედობის გზაზე ყველა სირთულე გაიარა და, ფაქტობრივად, ყველაფერი სცადა, თუმცა უშედეგოდ. ქალი მზად იყო დანებებოდა, მაგრამ ექიმმა ურჩია, სუროგაციისთვის მიემართა და შესთავაზა, დახმარება ნათესავისთვის ან ოჯახის ახლობლისთვის ეთხოვა. ამ გზით ათასობით დოლარს დაზოგავდა, რაც სუროგაციისთვისაა აუცილებელი.

ბრიანა ყოყმანობდა. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, დედამისმა გამოიჩინა ინიციატივა. "დავიწყე მასთან ამაზე საუბარი. თავიდან არ დაუჭირა მხარი ჩემს იდეას და ფოქრობდა, რომ გავგიჟდი, მაგრამ მე არ დავნებდი", - თქვა ლოვინგმა Good Morning America-სთან ინტერვიუში. თავს შესანიშნავ კანდიდატურად თვლიდა, არც ასაკი აბრკოლებდა და არც ფიზიკური მზაობა, რადგან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა.
ბრიანამ მაინც ვერ გაუძლო დედის შეთავაზებას და მასთან ერთად ექიმთან წავიდა. მთელი რიგი წარმატებული ტესტებისა და გამოკვლევების შემდეგ, მას ჩაუტარდა ემბრიონის გადანერგვა და რამდენიმე თვის შემდეგ ჯულიმ დაინახა ტესტზე ორი დიდი ხნის ნანატრი ზოლი. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ქალიშვილი სამედიცინო კონსულტაციებს ერთად ესწრებოდა. ჯულიმ გოგონა გააჩინა.
ზოგიერთ ოჯახს უჩნდება დილემა, უთხრას თუ არა ბავშვს, როცა გაიზრდება, როგორ მოევლინა სამყაროს. ჯული ამბობს, რომ ამ თემაზე ტაბუ არ ექნებათ და თუ გოგონა ამ ფაქტით დაინტერესდება, დაუფარავად ეტყვიან სიმართლეს.
ჯული ბრედფორდი - 49 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

ჩვენი შემდეგი გმირი ჯულია ნისლიანი ალბიონიდან. მისი ქალიშვილი ჯესიკა მხოლოდ 18 წლის იყო, როცა საშვილოსნოს ყელის კიბო დაუდგინეს. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ჯესიკა სასოწარკვეთილი იყო, რადგან ოცნებობდა დედა გამხდარიყო. გოგონა ნაადრევად დაქორწინდა რიზ ჯენკინსზე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა და იმ ამბავმა, რომ ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის გამო ბუნებრივად ვერ დაორსულდებოდა, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა.
ჯესიკამ ექიმებს მკურნალობის დაწყების ერთი კვირით გადადება სთხოვა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედების გაყინვა მოახერხა. მას ჰქონდა ხანგრძლივი და გაჭიანურებული ბრძოლა კიბოსთან, რომელშიც, საბედნიეროდ, გაიმარჯვა.

როდესაც დაავადების პროგრესირება შეწყდა, წყვილი კვლავ ფიქრობდა მშობლობაზე. გოგონას დედამ შესთავაზა, რომ თავად გახდებოდა მისთვის სუროგატი. თავიდან ყველას უცნაურად ეჩვენებოდა ეს წინადადება, მაგრამ 2016 წელს ბიჭი დაიბადა, რომელსაც ჯეკი დაარქვეს. რიზმა Daily Mail-ს განუცხადა, რომ არასოდეს დაივიწყებს იმ ბედნიერებას, რომელიც მეუღლის სახეზე ნახა. ატირდა და დედას მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჯესიკას კიბოს თავიდან აცილება, მაგრამ მე მაინც მოვახერხე, მისთვის რაიმე კარგი გამეკეთებინა", - ამბობს ჯული. ბიჭი იზრდება, ნორმალურად ვითარდება და ძალიან ბევრი რამ აინტერესებს.
სესილი ელეჯი - 61 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

სესილი ელეჯის სახელი გაზეთებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალი მზად იყო თავისი ვაჟისთვის, მეთიუსთვის შვილი გაეჩინა. 32 წლის მამაკაცი შვილზე ოცნებობდა. კვერცხუჯრედის დონორად მეთიუს პარტნიორის და გამოიყენეს, ხოლო 61 წლის ასაკში სესილიმ შეძლო, რომ შვილისთვის ოცნება აესრულებინა. ექიმები გაოცებულები იყვნენ, რომ ამ ასაკში ქალს ძალიან ახალგაზრდა და ჯანსაღი ორგანიზმი ჰქონდა, რასაც მუდმივი ვარჯიშით მიაღწია.
"მას 40 წლის სხეული აქვს და უკეთეს ფორმაშია, ვიდრე 20 წლის გოგო. როგორც წესი, საკმაოდ კონსერვატიული ვარ მსგავს მომენტებში. მაგრამ, სესილი საუკეთესო კანდიდატი იყო", - უთხრა გამოცემა People-ს ექიმმა.
სესილის მშობიარობა 18 საათს გაგრძელდა და ამ დროს მისი შვილი მასთან ერთად იყო. გოგონა დაიბადა და იმის გამო, რომ ნებრასკაში სუროგაცია არ არის აღიარებული, სესილი გოგონას დაბადების მოწმობაში დედადაა ჩაწერილი, ხოლო მისი ვაჟი, მეთიუ - მამად.
ემა მაილსი - 55 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

ბრიტანელმა ემა მაილსმა ბევრი არც იფიქრა, როდესაც მისი შვილი სუროგაციაზე საუბრობდა. ტრეისი სმიტს უჩვეულო პათოლოგია ჰქონდა: საშვილოსნო არ ჰქონდა, საკვერცხეები და ფალოპის მილები კი ჩვეულებრივად ფუნქციონირებდნენ.
"ტრეისის ვუთხარი, რომ თუ რაიმეს გაკეთება შემეძლო მისთვის, გავაკეთებდი. ექიმებმა დიდი რისკის შესახებ გამაფრთხილეს, მაგრამ მე მათ ვუთხარი, რომ სიკვდილის რისკი ყველას აქვს. მათ შორის მათ, ვინც ქუჩას გადაკვეთს",- განუცხადა ემამ This Morning-ს.
პირველივე მცდელობაზე ხელოვნური განაყოფიერება წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, ამისათვის ემას ჯერ 38 კგ-ის დაკლება მოუწია, მაგრამ მან ამოცანას თავი კარგად გაართვა. მაილსმა ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. ტრეისი და მისი ქმარი, ადამი ძალიან ბედნიერები იყვნენ. ემას თქმით, ის გოგონას, როგორც შვილიშვილს, ისე აღიქვამს და ქალიშვილს მის აღზრდაში დაეხმარება.
"ტრეისი ჩემი ქალიშვილია და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დედა გამხდარიყო. ახლა ჩემი ცხოვრება ნორმალურ დინებას დაბრუნდა. მაგრამ, მზად ვარ კიდევ ერთხელ გავიარო ეს ყველაფერი, თუ ტრეისის და ადამს მოუნდებათ", - თქვა ემამ.
ტრეის ტომპსონი - 54 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

"ჩემმა ძვირფასმა დედამ მაჩუქა ყველაზე წარმოუდგენელი საჩუქარი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი", - თქვა 28 წლის კელი მაკისაკმა. ის მრავალი წლის განმავლობაში უშვილობას ებრძოდა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც დედამ შესთავაზა, რომ თავად გახდებოდა სუროგატი დედა. მისი ორსულობა რთულად წარიმართა, თუმცა ქალი გადაწყვეტილებას საერთოდ არ ნანობდა. მან 2016 წლის იანვარში ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, რომელსაც კელსი დაარქვე. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს სიმართლეს არ დაუმალავენ, თუკი შეკითხვები გაუჩნდება.
ანასტასია ონტუ - 67 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

ბერძენი ანასტასია ონტუ სამჯერ გახდა დედა: 23 წლის ასაკში ქალიშვილი შეეძინა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ - ვაჟი. მრავალი წლის შემდეგ კი კვლავ მიაკითხა სამშობიაროს. 67 წლის ასაკში ანასტასია მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული სუროგატი დედა გახდა. მისი ქალიშვილი კონსტანტინა ხუთი წლის განმავლობაში ვერ ორსულდებოდა. ხელოვნურმა განაყოფიერებამ შედეგი არ გამოიღო. ხოლო 42 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც საშვილოსნოს ამოღება დასჭირდა. ამის შემდეგ ანასტასიამ ძალიან სარისკო გადაწყვეტილება მიიღო - გახდა სუროგატი დედა საკუთარი შვილისთვის. ორსულობა შეუფერხებლად წარიმართა. თუმცა, მხოლოდ შვიდ თვემდე. ქალს გულის პრობლემები შეექმნა, ამიტომ, საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. 2016 წლის 20 დეკემბერს გოგონა დაიბადა, რომელსაც მარია ანასტასია დაარქვეს. დაბადებისას ის მხოლოდ 1200 გრამს იწონიდა, ბავშვმა საავადმყოფოში ორი თვე გაატარა, მაგრამ შემდეგ სახლში ბედნიერ მშობლებთან წავიდა.
ტინინა კეიდი - 55 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

ტინინა კეიდიმ, კამილის დედამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ორსულდებოდა, რთული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ასაკისა და მასთან დაკავშირებული ყველანაირი რისკისა, დათანხმდა, რომ მისი ქალიშვილის სუროგატი დედა გამხდარიყო. 2005 წელს ექიმებმა სამი ემბრიონი გადაუნერგეს და ყველას გასაკვირად, სამივე შემთხვევამ გაამართლა.

ორსულობა ტინინასთვის რთული გამოცდა აღმოჩნდა. ბოლო თვეებში ეტლში იჯდა და კიბეებზე დამოუკიდებლად ასვლაც არ შეეძლო, თუმცა სამი ტყუპი გააჩინა. Mirror-თან ინტერვიუში ტინინამ თქვა, რომ მათ ისევე ექცევა, როგორც სხვა შვილიშვილებს. სხვათა შორის, კამილამ დედის პატივსაცემად არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა, რომელსაც დღემდე მართავს. ის ეხმარება წყვილებს, რომლებსაც უშვილობა აწუხებთ.
კრისტინ კეისი - 61 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

კრისტინ კეისი განადგურებული იყო, როდესაც გაიგო, რომ მისმა ქალიშვილმა ორსულობის 22-ე კვირაში ტყუპი დაკარგა. მან ყველაფერი სცადა ალტერნატიული მედიცინიდან დაწყებული, ინვიტრო განაყოფიერებით დამთავრებული, თუმცა ყოველი მომდევნო მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ამიტომაც, დედამისმა აიღო საკუთარ თავზე შვილისთვის ამ ბედნიერების მინიჭება.
ექიმებს არ სჯეროდათ წარმატების, ქალი უკვე 60 წლის იყო, თუმცა ემბრიონი გადაუნერგეს და 2011 წელს საკეისრო კვეთით ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა, რომელსაც ფინი დაარქვეს. სხვათა შორის, ქალი წარმატებული მწერალი და ტრენერი გახდა და მისი უჩვეულო დედობის ისტორია ბესტსელერად იქცა.
შეილა გამპი - 42 წლის ასაკში გახდა სუროგატი დედა

23 წლის მიქაელა საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო და 3 წლის შვილს ზრდიდა, როცა ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - მას საშვილოსნოს ყელის კიბო ჰქონდა. ქალი მეორე შვილზე ოცნებობდა. ძალიან განიცდიდა და ტიროდა, რადგან სუროგატი დედისთვის შესაბამისი თანხის მოგროვებას ვერასოდეს შეძლებდა. ამიტომაც, შვილის ოცნების ასრულება დედამ გადაწყვიტა და 42 წლისამ ტყუპი გააჩინა. საბედნიეროდ, მიქაელამ სიმსივნე დაამარცხა და ახლა აქტიურად უჭერს მხარს იმ ქალებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ და მძიმე სენს ებრძვიან.