2024 წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება და უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნა გახდება. საქართველოს მთავრობამ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები 2017 წელს დაამტკიცა, სადაც აღნიშნული
საკითხიცაა გაწერილი.
კერძოდ, აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
- ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
- ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
- აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
ასევე, გაწერილია მისი პროფესიული მახასიათებლებიც:
- აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.
- აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელოსაგანმანათლებლო პროცესი.
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
- აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.
- აღმზრდელ-პედაგოგი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები.
- აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები, სწავლის თეორიები, თანამედროვე კვლევები, მიდგომები, არსებული პროგრამები და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისას და წარმართვისას ითვალისწინებს და ეყრდნობა მათ.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის და პრაქტიკაში იყენებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას.
- აღმზრდელ-პედაგოგი სასწავლო პროგრამის, სწავლების მეთოდების, აქტივობების შერჩევისას და სამოქმედო გეგმების შედგენისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის ასაკს, განვითარების დონეს, საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. იცავს თანაფარდობას აქტიურ და მშვიდ, მცირე და დიდ ჯგუფებში განსახორციელებელ, ბავშვებისა და უფროსის მიერ ინიციირებულ მოქმედებებს შორის.
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში აქტივობების დაგეგმვისას და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობისას იყენებს დარგობრივ ცოდნას, ირჩევს შესაბამის რესურსებს: კონსტრუქტორებსა და მათემატიკურ სამაგიდო თამაშებს, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასალებს, სხვადასხვა რესურსს, ბავშვების შესაძლებლობებისა და მზაობის გათვალისწინებით.
- აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.).
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს 12 მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.
- აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს იმგვარად წარმართავს, რომ უზრუნველყოს ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტში წარმოდგენილი ყველა სფეროს (ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის) განვითარება და შედეგების მიღწევა.
- აღმზრდელ-პედაგოგი ფლობს და, საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკაში იყენებს შერეულ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის მრავალფეროვან მეთოდებს.
- აღმზრდელ-პედაგოგი აცნობიერებს განათლების უწყვეტობის პრინციპის გააზრებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველი კლასის საგნობრივი სტანდარტების ცოდნის მნიშვნელობას.
- აღმზრდელ-პედაგოგმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.
- აღმზრდელ-პედაგოგი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.
დღეს არსებული სტანდარტით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული თანამშრომლის
საკვალიფიკაციო მოთხოვნებია გამოქვეყნებული. რომლის მიხედვითაც, აღმზრდელ-პედაგოგს უნდა ჰქონდეს ან უმაღლესი განათლება, ან კიდევ პროფესიული პედაგოგიური განათლება. საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი ფუნქციებია:
- იცავს ბალანსს აღსაზრდელებთან ურთიერთობაში;
- ზრუნავს ბავშვის დამოუკიდებელი უნარის წახალისებაზე;
- მონაწილეობს მულტიდისციპლინარული გუნდის მოშაობაში;
- ითვალისწინებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს;
- იცავს კონფიდენციალურობას აღსაზრდელსა და მისი ოჯახის შესახებ.
მინიმალური განათლება: უმაღლესი განთლება ან პროფესიული პედაგოგიური განათლება
სამუშაო გამოცდილება სასურველია - შესაბამის სფეროში 1 წელი
ამავე ინფორმაციის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელს მოეთხოვება შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:
• საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი);
• საქართველოს კანონი - "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ";
• საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
• საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - "ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე";
• მთავრობის დადგენილება №478 – "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ";
• ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა 2013);
• ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ -ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება (შესაძლო წყაროები: ლორა ბერკი -"ბავშვის განვითარება", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა 2010; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
• ადრეული განათლების ფსიქოლოგია (შესაძლო წყაროები: ანიტა ვულფოლკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი 2009; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
• ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მოსახურების მიწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ";
• გაეროს "ბავშვთა უფლებათა კონვენცია".
გარდა ამისა, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შორისაა საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
თამარ იაკობაშვილი