ბავშვების ქცევებს მშობლები ჯანმრთელობის შემდეგ, ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ქცევაა ის მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად აკითხავენ სპეციალისტს. ბავშვის ქცევის მოტივებსა და მშობლების „პრეტენზიებზე“, თუ რატომ იქცევა ბავშვი ცუდად, ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვების ქცევა უფროსების ქცევის პირდაპირი ანარეკლია და ყველაფერი იმით იწყება, რომ მშობელი თავიდანვე სწორად არ რეაგირებს ბავშვის საქციელზე.„თავადაც შევსწრებივარ, როცა ბავშვი აწვალებს ცხოველს უფროსების თანდასწრებით და მათ შენიშვნას არავინ აძლევს, ან ბავშვები ანაგვიანებენ გარემოს და მოზრდილები ამაზე არ რეაგირებენ. ძალიან ბევრი ქცევის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებზეც უფროსები არ რეაგირებენ, რადგან მიუღებლად არ მიაჩნიათ. ბავშვის მთავარი ორიენტირი ხომ მოზრდილი ადამიანია. მცირეწლოვან ასაკში ბავშვი უფროსს ბაძავს და ამით სწავლობს ქცევას. მაგალითად, ბავშვმა ავტობუსში ძირს დაყარა ნაგავი - დედა არ რეაგირებს, სხვისი ნივთი დაუკითხავად აიღო - არც ამაზე აქვს დედას რეაქცია. დღეს თუ ამ ქცევაზე რეაქცია არ გვექნება, მომავალში ბავშვი ჩათვლის, რომ რაც მოეწონება, მისი უნდა გახდეს.ჩვენს საზოგადოებას ჯერ საბჭოთა კავშირიდან მოჰყვება მორალი, რომ სახელწიფო ქონების მითვისება ქურდობა არ არის. 90-იანებში კი ჩავთვალეთ, რომ სხვისი ქონების მითვისებაც შეიძლება და ამის მერე მე მერქმევა ძლიერი, მაგარი ტიპი. დღეს კი მოჰყავთ მშობლებს სპეციალისტთან ბავშვები ჩივილით: „რა ეშველება ამ საცოდავს, ვერავის დაარტყამს, თავს ვერ იცავს, და ა.შ. ანუ გასაწვრთნელად მოჰყავთ, რადგან ფიქროვებ, ეს ბავშვი ვერ იცხვოვრებს ამ საზოგადოებაში მუშტის გარეშე და სპეციალისტისგან უნდა, რომ მუშტით გამკლავება ვასწავლოთ. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი დასაშვებია. ჩვენთან ამართლებენ ყველაფერს, რაც ადამიანს წარმატებაში, მიზნის მიღწევაში დაეხმარება. წარმატებულ ადამიანებს აღარ განსჯიან, რადგან რაკი წარმატებულია, მიაჩნიათ, რომ ის უკვე კარგია. ეს კი ასე არ არის. ვიღაც ამართლებს ქურდობას, ბილწსიტყვაობას, უპასუხისმგებლობას. ვიღაცისთვის ეს ქცევები დღესაც მისაღებია. ზნეობა და ეთიკა ჩვენი ცნობიერებიდან ამოღებულია და რატომღაც გვიკვირს, ვის დაემსგავსნენ ეს ბავშვები, რატომ იმეტებენ ერთმანეთს, რატომ არიან გულგრილები, არ უწევენ ანგარიშს სხვებს, არადა ბავშვები ჩვენი სარკეა, სწორედ ეს ვართ ჩვენც. ჩვენ ჩავდეთ ეს ინვესტიცია და რაც ჩავდეთ, სწორედ ის მივიღეთ,“ - ამბობს თამარ გაგოშიძე. იხილეთვიდეო