10 განსხვავებული გზა, თუ როგორ ვასწავლოთ შვილს ანბანი მარტივად - მშობლები

10 განსხვავებული გზა, თუ როგორ ვასწავლოთ შვილს ანბანი მარტივად

2022-04-05 08:17:10+04:00
ზოგჯერ ბავშვს კონცენტრირება უჭირს და ანბანს ვერ იმახსოვრებს. ამიტომაც, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ, შვილს ასოების სწავლა გაუმარტივოთ და სტრესი შეუმსუბუქოთ:

გამოაცხვეთ ანბანი

ბავშვების უმეტესობა საკუთარი სახელის წარმოთქმას და დაწერას სხვა სიტყვამდე უფრო ადრე სწავლობს. დაეხმარეთ თქვენს შვილს უფრო სწრაფად დაიმახსოვროს ასოების მართლწერა. ამისათვის შეგიძლიათ ცხობის პროცესი გამოიყენოთ, რაც ასე ძალიან უყვართ და ეხალისებათ ხოლმე ბავშვებს. მაგალითად, გამოჭერით ცომით ასოები, ხაზები, ერთად ააწყვეთ მარტივი სიტყვები, მოათავსეთ ტაფაზე და გამოაცხვეთ. როდესაც გამოცხვება, მიეცით ბავშვს უფლება, საკუთარი სურვილით გააფორმოს, მოაყაროს ქოქოსის ფანტელი, შაქრის ფხვნილი თუ სხვა.
mshoblebi

სასარგებლო საჭმელი

თუ თქვენს შვილს გამოცხობა, თქვენთან ერთად სამზარეულოში ყოფნა ძალიან უყვარს, მაშინ კიდევ ერთი ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, თუ კექსს, ფუნთუშას აკეთებთ, ქიშმიშით კონკრეტული ასო მოხაზეთ ზედაპირზე, გამოაცხვეთ და ერთად მიირთვით.

გააცოცხლეთ ასოები

ასოების უფრო სწრაფად დასამახსოვრებლად, ასოციაციებით ითამაშეთ თქვენს შვილთან ერთად. მაგალითად, უთხარით, თქვას სიტყვები, რომლებიც კონკრეტულ ასოზე, მაგალითად "დ"- ზე იწყება. აჩვენეთ, როგორ იწერება, რომ უკეთ დაიმახსოვროს.
mshoblebi

სწავლა თამაშით

ბავშვობაში ალბათ ბევრ ჩვენგანს ჰქონდა ისეთი ხის კუბები, რომელთა თითოეულ მხარეს ასოები ეწერა. მათი გამოყენება შესაძლებელია სუფრის გაშლის დროსაც, როცა მთელი ოჯახი იკრიბება. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება თეფშებთან მშობლების, ოჯახის წევრების სახელების მიხედვით დაალაგოს კუბები. ეს ხერხი კიდევ ერთხელ დაეხმარება, რომ კონკრეტულ ასოზე კონცენტრირდეს და უკეთ დაიმახსოვროს.

გააფერადეთ

როდესაც თქვენი შვილი ანბანის სწავლას დაიწყებს, უყიდეთ ისეთი გასაფერადებელი საშუალება, რომელშიც ანბანის ასოები იქნება. მაგალითად, თუ თქვენი შვილი ასობგერა "გ"-ს სწავლობს, გააფერადებინეთ შესაბამისი გვერდი.

ოჯახში ყველაფერი სასარგებლოა

მიეცით ბავშვს უფლება, ააწყოს ასოები, სიტყვები მაკარონით, ბურღულეულით, მარცვლეულით.

გააფორმეთ კედლები

პატარასთან ერთად ანბანის ასოების გამოყენებით გააკეთეთ ლამაზი სურათები, რომლებიც აუცილებლად დაამშვენებს ბავშვის ოთახის კედლებს. ამოჭერით ასოები ფერადი ქაღალდისა და მუყაოსგან. გააფორმეთ ლამაზად, შეგიძლიათ დახატოთ თქვენი შვილის ხელი, მისი საყვარელი ფიგურები, რომ დამატებითი მოტივაცია გაუჩნდეს.
mshoblebi

გამოიყენეთ ფერადი ძაფები

შვილთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ძაფები და უთხრათ, რომ მოხაზოს კონკრეტული ასო, ააწყოს მარტივი სიტყვები. გარდა იმისა, რომ ბავშვი ამით დაიმახსოვრებს ასოებს, ბევრ სხვადასხვა უნარსაც განივითარებს. მაგალითად, შეძლებს ფერების გარკვეული კანონზომიერების მიხედვით კლასიფიკაციას, დიდი და პატარა ფორმების გარჩევას და ასე შემდეგ.

ყველა ბავშვი განსაკუთრებულია

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია და თუ ერთის შემთხვევაში გამოცხობა და ამ ფორმით ასოების დამახსოვრება ამართლებს, მეორეს შესაძლოა ეს საერთოდაც არ მოსწონდეს. ამიტომაც, გაითვალისწინეთ მისი ინტერესები, თუ მაგნიტური დაფა მოსწონს, რომელზეც ასოებს დაამაგრებს, ის უყიდეთ. თუ "მოსაუბრე" ანბანი მოსწონს, ის შესთავაზეთ. უამრავი მუსიკალური წიგნი და შეგიძლიათ მრავალფეროვანი აქტივობით დააკავოთ.