2004 წლის 1 სექტემბერი ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის მცხოვრებლებისთვის სისხლიან ტრაგედიად იქცა. ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფმა ტერორისტული აქტი განახორციელა, რომელსაც პუტინის მთავრობის მკაცრი რეაგირება მოჰყვა და საბოლოოდ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. 2000 წლის თებერვალში ჩეჩნეთის მეორე ომი ოფიციალურად დასრულდა. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ რუსული არმიის მხარეს მუფთი ახმატ კადიროვის ჯარი გადავიდა, რომელმაც ვაჰაბიზმი დაგმო და მასხადოვის მებრძოლების წინააღმდეგ გამოვიდა. 1999 წლის ნოემბერში ფედერალური ჯარები გროზნოს მიუახლოვდნენ. 6 თებერვალს, ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, გროზნო რუსეთის ხელისუფლების მომხრეთა ხელში გადავიდა, მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა: ზოგიერთმა მებრძოლმა ქალაქიდან გაქცევა მოახერხა და პარტიზანული ომი წამოიწყო. თუმცა, ნელ-ნელა მათი ატიურობა და შედეგები მცირდებოდ. ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერები მიხვდნენ, რომ თუ კიდევ ცოტა დრო გავიდოდა, მათი ფორმირებები მთლიანად დამარცხდებოდა. ამ პირობებში დაიწყეს არა მხოლოდ ტაქტიკის, არამედ ომის სტილის შეცვლა. საომარი მოქმედებების გადატანა მეზობელ ტერიტორიებზეც, მათ შორის, დაღესტანში, ინგუშეთში და ყაბარდო-ბალყარეთში სურდათ. ყველაზე აქტიური 2004 წელი იყო, ტერორისტული აქტების სახით. მოსკოვის მეტროში ორჯერ მოხდა თავდასხმა, შემდეგ კი ორი სამგზავრო თვითმფრინავი ააფეთქეს. მაგრამ უფრო მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა იყო საჭირო იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა შეძრწუნებულიყო და რუსეთის ფედერაციას მათი ძალები ეღიარებინა და მათი მოთხოვნები გაეთვალისწინებინა. გადაწყვიტეს, რომ სკოლა შესანიშნავი არჩევანი იყო, რადგანაც ბავშვები წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდნენ და თან ყველაზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ეფექტსაც მოახდენდა. თან სჯეროდათ, რომ ბავშვების წინააღმდეგ მთავრობა არ წავიდოდა და შტურმით აღებას არ გარისკავდა...როგორც ცნობილია, ხელისუფლებას ტერორისტული აქტის გეგმის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. თავდამსხმელთა გაერთიანებაში გამოცდილი მებრძოლები შედიოდნენ. ლიდერად რუსლან ხუჩბაროვი აირჩიეს, რომელსაც მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ. დაჯგუფებაში სულ 32 ადამიანი შედიოდა, მათ შორის, ქალები.
დილით, სკოლის ეზოში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოულოდნელად შეიარაღებული ადამიანები გადმოხტნენ მანქანიდან და შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნეს. სრული პანიკა და არეულობა იყო. ზოგიერთმა ადამიანმა ამ დროს გაქცევა მოახერხა, თუმცა, უმრავლესობა მძევლად აიყვანეს. მძევლების რაოდენობა, პირველადი მონაცემებით, 354 ადამიანს შეადგენდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გაცილებით მეტი, 1128 ადამიანი იყო. დატყვევებულთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ, მათ შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც. მძევლად აიყვანეს მშობლები და მასწავლებლებიც.მძევლების გარკვეული ნაწილი პირველი შტურმის დროს გარდაიცვალა. მძევლების უმეტესობა კი ტერორისტებმასკოლის სპორტულ დარბაზში შეიყვანეს, რომელიც დანაღმული იყო. სკოლა ციხედ გადაიქცა, ხოლო გარდაცვლილთა ცხედრები ფანჯრებიდან გადააგდეს, რომ საკუთარი განზრახვის სერიოზულობის შესახებ ყველა დაერწმუნებინათ. დანაღმული იყო ასევე სკოლის შენობის შემოგარენი. ტერორისტები ამბობდნენ, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ. სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს.მძევლების გასათავისუფლებლად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები დაუყოვნებლივ გაგზავნეს ბესლანში, რის შემდეგადაც ოპერატიული შტაბი შეიქმნა. სპეცოპერაციის ტერიტორია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების ნაწილებმა გადაკეტა, სკოლის ირგვლივ შეიქმნა კორდონის ორი ხაზი და ახლომდებარე სახლებიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
თავდაპირველად ტერორისტებს არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებიათ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ გამოაცხადეს სურვილი, ჩეჩნეთიდან გამოეყვანათ რუსული ჯარები, ეხილათ ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი, ინგუშეთის პრეზიდენტი მურატ ზიაზიკოვი და კატასტროფების მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი ლეონიდ როშალი. ისინი შეხვედრას სკოლის შენობაში ითხოვდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა. 1-3 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი ასლამბეკ ასლახანოვი, პედიატრი ლეონიდ როშალი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ტერორისტებთან დაკავშირებას ცდილობდნენ. სამივე დღის განმავლობაში მათ უარი თქვეს მძევლებისთვის წამლების, წყლისა და საკვების მიცემაზე, ასევე მძევლების გათავისუფლებაზე ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ. მათ არ აძლევდნენ ტუალეტში გასვლის უფლებას.
ერთადერთი, ვისზეც გამტაცებლები სკოლის შენობაში შეშვებას 2 სექტემბერს დასთანხმდნენ, ინგუშეთის ექს-პრეზიდენტი რუსლან აუშევი იყო. მან მოახერხა ტერორისტების დარწმუნება, რომ მასთან ერთად 26 მძევალი გაეთავისუფლებინათ. მათ შორის იყვნენ ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. მესამე დღეს ოპერატიული შტაბის წევრებმა შეძლეს შეთანხმება, რომ შენობიდან პირველ დღეებში მოკლული ადამიანების ცხედრებს გამოიტანდნენ. სკოლაში დატყვევებულ ადამიანთა ამბავს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დიდხანს დუმდა. თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მძევლების სიცოცხლის გადარჩენა იყო. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ბრძანება იყო გაცემული, ნებისმიერ ფასად აეყვანათ და გაენადგურებინათ ტერორისტები, სამაგალითოდ დაესაჯათ ისე, რომ მეორედ არავის აღარ გაებედა მსგავსი მეთოდებით ბრძოლა. სწორედ ამისათვის,ჩრდილოეთ ოსეთში უკვე გადასროლილი იყო რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალების ნაწილი, რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმები...3 სექტემბერს დროებითმა სიმშვიდემ დაისადგურა და ყველას ეგონა, რომ მოლაპარაკებები დაიწყებოდა და გაჩნდა შანსი მშვიდობიანი გამოსავლის, თუმცა... დაპირისპირება 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც სკოლის შენობასთან საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოთხი თანამშრომელი მივიდა. ამ დროს სკოლის დარბაზში ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რომელიც სპეცოპერაციის პროვოცირებას ჰგავდა. რუსეთის სპეცრაზმი სკოლაში შევიდა. დაიწყო ორმხრივი სროლა, ქალები და ბავშვები ფანჯრებიდან ხტებოდნენ. მძევლებს შორის თუ რომელიმე მამაკაცი იყო, ტერორისტებმა 2 დღის განმავლობაში დახვრიტეს. იმ დროისათვის 200-ზე მეტი მძევალი კვლავ ტერორისტების ხელში იყო. რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა სპორტული დარბაზი დაიკავეს, ამავე დროს ტერორისტებთან ბრძოლა საღამომდე გრძელდებოდა, რის გამოც სკოლის შენობა ნაწილობრივ დაინგრა. ჩვეულებრივი სასაკლაო დატრიალდა ტერორისტებსა და სპეცრაზმელებს შორის, შუაში მშვიდობიანი მოქალაქეებით და რაც მთავარია - ბავშვებით.
4 სექტემბერს ტერიტორიის გაწმენდა და ნანგრევებიდან დაღუპულების ამოყვანა დაიწყო... ტერორისტულ აქტს 334 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან, 318 მძევალი იყო, მათ შორის - 186 ბავშვი. დაშავდა 810 ადამიანი. სკოლის შენობის შტურმის დროს მიღებულ დაზიანებებთან ერთად, მძევლებს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმაც ჰქონდათ. მათ ორი დღის განმავლობაში არაფერს აჭმევდნენ, არც წყალსა და საჭირო მედიკამენტებს აწვდიდნენ. ბესლანში სკოლაზე თავდასხმის მსხვერპლად 1315 ადამიანი აღიარეს. სკოლაში შეჭრილი ადამიანებიდან 2 თვითმკვლელი იყო, რომლებმაც დაპირისპირების დროს თავი აიფეთქეს. სპეცოპერაციისას ერთი მებრძოლი ნურფაში კულაევი დააკავეს, დანარჩენი კი გაანადგურეს შტურმის დროს. კულაევის სასამართლო პროცესი 2005 წლის მაისში დაიწყო და მას ბრალი არაერთი მუხლით, მათ შორის, ტერორიზმის, ბანდიტიზმის, მკვლელობის, მძევლების აყვანის, იარაღის უკანონოდ შეძენისა და ტარების, საბრძოლო და ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენის მუხლით წარუდგინეს, რის გამოც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ტერორისტული მიწისქვეშეთის ლიდერები, მათ შორის ასლან მასხადოვი და შამილ ბასაევი, აბუ ძეიტი და მაგომედ ხაშიევი დახოცეს. სკოლა აღარ აღუდგენიათ და იმ ადგილზე მემორიალური კომპლექსი გაიხსნა. აღიმართა დაფები, რომლებზეც დაღუპულთა შესახებ განთავსდა ინფორმაცია. მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 360 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს თითოეულ მოკლულზე 10 000 ევრო უნდა მიეღოთ რუსეთის ფედერაციისგან, ხოლო ტერაქტის მსხვერპლებს - 5000-დან 7000 ევრომდე, დაზიანების სიმძიმის მიხედვით.2017 წელს ევროპის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ბესლანის ტერაქტის საქმის ფარგლებში 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამ თანხებიდან 2,955 მილიონი ევრო განკუთვნილი იყო დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებისთვის, 88 ათასი ევრო იყო იურიდიული ხარჯების კომპენსაციისათვის.ბესლანში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 409 ადამიანისგან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სულ 7 სარჩელი შევიდა. საჩივრებში მოსარჩელეები აკრიტიკებდნენ რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს ტერორისტული თავდასხმის პროვოცირებისა და მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის გამო. ასევე, ამბობდნენ, რომ მძევლების გადარჩენის ოპერაცია ცუდად დაიგეგმა, იარაღს იყენებდნენ ყველა მიმართულებით, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გამოძიებაც არაობიექტურად აწარმოეს...