ვინ შეძლებს მიწების უფასოდ დაკანონებას - ახალი რეფორმის დეტალები - მშობლები

ვინ შეძლებს მიწების უფასოდ დაკანონებას - ახალი რეფორმის დეტალები

2022-04-18 10:22:21+04:00
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მოქალაქეებს შეეძლებათ, მიწის ნაკვეთები სრულიად უფასოდ დაიკანონონ. აღნიშნული ცვლილება თვითმმართველ ქალაქებს არ ეხებათ. რეფორმის შესახდებ თამარ კერძაია, ასოცირებული პროფესორი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დეტალურად საუბრობს:

- ძალიან გავრცელებული შემთხვევაა, რომ ადამიანები, მათი წინაპრები მიწას ფლობდნენ, სარგებლობენ, ზოგს სახლი აქვს აშენებული, ზოგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებს, მაგრამ არავითარი საკუთრების უფლება ამ მიწის ნაკვეთებზე არ აქვთ. ძირითადად, ორი შემთხვევაა - ან რეგისტრირებული არ არის ოფიციალურად, ან საერთოდ არ არსებობს რაიმე საბუთი ან დოკუმენტი. ოდესღაც თვითნებურად დასახლდა წინაპარი, გავიდა წლები, მაგრამ არავითარი უფლება ამ მიწის ნაკვეთზე არ აქვთ. ეს ძალიან ხშირი შემთხვევაა. ასეთი ადამიანებისათვის კარგი ინფორმაცია გვაქვს. დაიწყო სისტემური რეგისტრაცია საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს შემდეგს: საჯარო რეესტრის წარმომადგენლები გაწერილი განრიგის მიხედვით, ჩავლენ ადგილზე, აღრიცხავენ მიწებს, საკადასტრო ნახაზებს აიღებენ, დოკუმენტაციას გამოითხოვენ.

- ეს კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწებზე ვრცელდება?

- ეს კანონმქვემდებარე აქტი ასევე მოქმედებს თვითნებურად დაკავებულ მიწებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, სხვისი საკუთრება არ უნდა იყოს და სხვის საკუთრების უფლებას არ უნდა ხელყოფდეს. საუბარია, როდესაც სახნავ-სათესად იყენებდნენ წინაპრები. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც შენობა იყოს აგებული ამ მიწის ნაკვეთზე.

- თუ არის დამოკიდებული, რამდენი ხანია სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით ადამიანი?

- წლები არ არის დადგენილი, მაგრამ თუკი ადამიანს არავითარი დოკუმენტაცია არ აქვს, რომ ამ მიწას ფლობდა ან სარგებლობდა, აქ უკვე მეზობლების სანოტარო აქტით დამოწმებული თანხმობებია საჭირო, რომ აღნიშნული ადამიანი წლების განმავლობაში ნამდვილად იყენებდა და არა ამ კანონის გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაგალითად, წყნეთში კარგი ნაკვეთი აიღოს. ადრე გამგებელი გასცემდა ცნობას, თუმცა ეს პროცესი გარკვეული ხარვეზით მიმდინარეობდა. ახლა კომისია ჩავა ადგილზე. თუკი არანაირი დოკუმენტით არ დგინდება საკუთრება და მფლობელობა აღნიშნულ ნაკვეთზე, მაშინ მეზობლების ჩართვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება მოხდება, რომ ნამდვილად დადგინდეს, რომ პირი წლების განმავლობაში იყენებდა ამ მიწის ნაკვეთს.

- მიწის ფართობში თუ არის რაიმე ლიმიტი?

- თვითნებურად დაკავებული მიწების შემთხვევაში, როდესაც მათი დაკანონება ხდება, გარკვეული შეზღუდვა არსებობს. მაღალმთიან რეგიონებში ერთ ფიზიკურ პირზე ეს არის მაქსიმუმ 5 ჰექტარი, ხოლო არამაღალმთიან რეგიონებში ეს გახლავთ 1,25 ჰექტარი, რაც შეუძლია ადამიანს, რომ საკუთრებაში დაიკანონოს.

- გარკვეული განაცხადის საფუძველზე ხდება, თუ ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს რეგისტრაცია?

- სისტემატური რეგისტრაციის ფარგლებში, გაწერილი განრიგის მიხედვით, კონკრეტულ რეგიონში ჩასვლა და ყველა მიწის აღწერა მოხდება. მაგრამ, თუკი მიწის ნაკვეთის მფლობელი მანამდე მიმართავს საჯარო რეესტრს, რომ დაკანონება სურს, მას 300 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწის შემთხვევაში, 600 ლარი უნდა გადაიხადოს. ამიტომ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. შეუძლიათ, დაელოდონ და ტყუილად არ გადაიხადონ თანხა. ეს პროცესი სულ 2 წელი გრძელდება, 2024 წლის ბოლომდე დასრულდება და თუ აუცილებლობა და საჩქარო არ არის, საჯარო რეესტრის მიერ სრულიად უფასოდ ხდება ამ მომსახურების გაწევა და ადამიანებო არც 300 და 600 ლარს იხდიან.

ამავე თემაზე ისაუბრა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში:

- სისტემური რეგისტრაცია არის პროცესი, როდესაც სახელმწიფო თავისი ინიციატივით მიდის მოქალაქესთან, აზომავს მიწის ნაკვეთს, მოიძიებს ყველა შესაბამის დოკუმენტს და არეგისტრირებს. ჩვენს შემთხვევაში, ეს მოქალაქისთვის სრულიად უფასო გახლავთ. ერთადერთი, რაც მოქალაქეებმა ამ შემთხვევაში უნდა გააკეთონ, არის ის, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს დაელოდონ.

- ვინც ემიგრაციაში იმყოფება, მათთვის როგორ ხდება რეგისტრაცია?

- იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი სრულად ელექტრონულია, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ დისტაციურად და ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, მათი ოჯახის წევრების ადგილზე ყოფნა სრულიად საკმარისია, რომ ჩვენ ყველა პროცედურა შევასრულოთ.
სისტემური რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ფაზისგან შედგება. უპირველესად გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში არსებული დოკუმენტაციის მოძიებას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ისტორიული სურათი აღვადგინოთ. ამის შემდგომ მობილიზაციის, ანუ სოციალური კამპანიის პორიცესი წარიმართება, როდესაც მოქალაქეებთან ადგილზე მივდივართ და ვაცნობებთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სააგენტო უკვე ასაზომად მივა. ამას მიწის აზომვის უშუალო პროცესი მოჰყვება. მას შემდეგ, რაც აიზომება მიწის ნაკვეთი, ინფორმაცია მუშავდება და საჯაროდ ცხადდება. საჯაროდ გამოცხადების ფაზაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ნახონ რა გეოგრაფიული მოხაზულობით და რა სამართლებრივი მოცემულობით რეგისტრირდება კონკრეტული მიწის ნაკვეთი. იმ შემთხვევაში, თუ მათ საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნიათ, შეიძლება ეს იყოს მეზობელი ან სხვა პირი, შეეძლებათ დააფიქსირონ პოზიცია. ამის შემდგომ სააგენტო ამუშავებს მასალას და საბოლოოდ მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება. თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში პროცესი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განგვიცხადეს, 2024 წლამდე მუნიციპალიტეტების მიხედვით, ზუსტადაა გაწერილი ის დრო, როცა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები დაიწყება. დეტალურ განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ასევე, დამატებითი შეკითხვებისა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 405 405