ქმარი საყვედურობდა: ნუ წააღებინე სახლი ქარსა და წყალსაო ვაჟა–ფშაველას დედა გულქანი არაჩვეულებრივად გულისხმიერი ადამიანი ყოფილა. ერთხელ ჩარგალში ბოშებმა ჩამოიარეს სამათხოვროდ. ვაჟას დედას მანამდე ასე ჩამოძენძილი, შიშველ-ტიტველი ხალხი არ ენახა. უყურებდა თურმე ბოშების ფეხშიშველა ბავშვებს და იძახდა: ღმერთო, ეს რა საცოდაობა ვიხილეო. გაუტანა თავისი ახალი კაბები "ბეჩავებს" და ჩამოურიგა. სანამ ის ამ საცოდავებს თავზე დასტრიალებდა, მანამ ერთი ბოშა სახლში შეიპარა, სკივრში გადანახულ ფულს მიაგნო და მოიპარა...
ჩარგალში რაზიკაშვილების სახლის წინ ჩავლილ მგზავრს ისე არ გაუშვებდა, რომ არ დაეპურებინა. დაჯე, შვილო, დაისვენე, დაღლილი იქნები, პური გეშიებაო - ეს იყო გულქანის პირველი სიტყვები უცხოსთან თუ შინაურთან შეხვედრის დროს. ასეთი საქციელის გამო ქმარი საყვედურობდა: ნუ წააღებინე სახლი ქარსა და წყალსაო.
რა გასაკვირია, რომ ასეთი დედის გაზრდილმა კაცმა დაწერა "შვლის ნუკრის ნაამბობი" და ბევრი სხვა სიკეთით სავსე, გულისშემძვრელი ნაწარმოები.