"მეუბნება, - ბავშვს ქუდი დაახურეო... არ გავცივდეთ, ან - არ დაგვცხეს..." - რაზე კამათობენ ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე - მშობლები

"მეუბნება, - ბავშვს ქუდი დაახურეო... არ გავცივდეთ, ან - არ დაგვცხეს..." - რაზე კამათობენ ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე

2022-04-30 07:24:19+04:00
არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა მშვენიერი ქალები საკუთარი გარეგნობით დიდად აღფრთოვანებულები არ არიან. ასეთი აღმოჩნდა მსახიობი მაიკო ვაწაძეც, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუს დროს, ერთადერთი ეპიზოდი გაიხსენა, როცა საკუთარი გარეგნობა განსაკუთრებულად მოეწონა...

- მაიკო, საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?


- ბავშვობიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, ჩემს გარეგნობაზე აქცენტი, რომ ვაიმე, რა ლამაზი და კარგი ვარ, არც მე და არც ჩემ გარშემო მყოფებს არ გაგვიკეთებია, მაგრამ ალბათ, ეს მაინც გარდატეხის ასაკის პერიოდის შემდეგ მოხდა, როცა სკოლას ვამთავრებდი: სარკეში რომ იყურები ადამიანი, უკვე გაპრანჭვას იწყებ... საერთოდ, გარდატეხის ასაკში, საკუთარ თავში რაღაცები ხომ არ მოგვწონს, არა (იღიმის)? რამე კონკრეტული, გამოკვეთილი ეპიზოდი არ ყოფილა, რომ თავი ძალიან მომწონებოდა. სხვათა შორის, ცუდია, როცა შენს თავს ვერ აფასებ: ადამიანს როგორი გარეგნობაც უნდა გქონდეს, საკუთარი თავი მაინც უნდა მოგწონდეს - შენი კარგი თვისებები და გარეგნობა უნდა აღიარო.

- გარდატეხის ასაკში საკუთარ გარეგნობასთან განსაკუთრებული პრეტენზიები გქონდათ?


- საერთოდ, ჩემს გარეგნობას კრიტიკულად ვუყურებდი. ახლაც ასე ვარ. თუმცა, მაშინ ჩემს გარეგნობას ძალიან რადიკალურად "გადავუსვი ხაზი": მაგალითად - გადმოწეული ყურები და ჩემი კისერი, რომელიც "უსასრულოა", მაკომპლექსებდა... ყველაზე მძაფრი ეს იყო, რაც მახსენდება (იცინის).

- თავის მოვლას რამდენ დროს უთმობთ?


- ბოლო დროს, მთავარია, ფეხსაცმელები ჩავიცვა. ერთხელ გარეთ ჩუსტებით გავედი და ახლა ეგ ფაქტი გამახსენდა (იცინის)... უბრალოდ, მოწესრიგებული უნდა ვიყო, მაკიაჟით იშვიათად მნახავთ. რაღაც გრანდიოზული დღე უნდა იყოს, რომ მაკიაჟის გაკეთება მომინდეს, რადგან თეატრის გამო, სახეზე თითქმის სულ გრიმი მისვია. ჩემი აზრით, მთავარია სისუფთავე - ბუნებრივად, სადად გამოიყურებოდე ადამიანი... კანის დამატენიანებელი კრემის გარდა, მართლა არაფერს ვიყენებ. ვფიქრობ, რომ ახლა მაკიაჟი მოდურიც არაა - ყველა მიხვდა, რომ სახეზე "ტონობით" რაღაცის წასმა არ ნიშნავს, რომ კარგად გამოიყურები. მთავარია, კანი სუფთა და მოვლილი გქონდეს.

- თქვენსა და თქვენს მეუღლეს - ანდრია გველესიანს შორის კამათის ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის?


- მოიცა დავფიქრდე... ისეც არ არის, რომ არაფერზე ვკამათობდეთ... ძირითადად, მეუბნება, - ბავშვს ქუდი დაახურეო, მანამდე: მაიკო, ქუდი დაიხურეო. მოკლედ, ჩაცმასთან დაკავშირებული ამბებია, რომ ან არ გავცივდეთ, ან - არ დაგვცხეს, თავს მივხედოთ, ჯანსაღად ვიკვებოთ (იღიმის). ზრუნვის დროს კამათში რომ გადადიხარ, ასეთი სიტუაციებია ხოლმე, თორემ განსაკუთრებული არაფერი მახსენდება.


- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად თუ გიგრძნიათ თავი?


- კი, რაღა თქმა უნდა (იცინის)?! ჩემი აზრით, ეს საერთოდ, ყველას უგრძნია. წარმოიდგინეთ, ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ლამის 24 საათი შრომობ, ცხოვრების აქტიური რეჟიმი გაქვს, უცებ კი სახლში ჩაჯდები (პანდემიის, ორსულობის გამო) და სახლის დალაგების მეტს არაფერს აკეთებ... ბოლოს დავფიქრდი: ვაიმე, რა მემართება, რა მჭირს, ეს არის ცხოვრება, ასე უნდა ვიყო? ახლა რა ვქნა, სად წავიდე-მეთქი (იღიმის)?! ეს განცდა, დატვირთული რეჟიმის მერე, უცებ სახლში ყოფნამ გამოიწვია. იხილეთ სრულად