ორგანიზებული დასვენების დროს შესაძლოა ბავშვმა ძალიან ბევრი უნარი განივითაროს, მიიღოს ახალი შთაბეჭდილებები, აღიდგინოს ძალები და განიტვირთოს. სწავლის გარდა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებს თავისუფალ დროს, როგორ ურთიერთობს თანატოლებთან და იყენებ სხვადასხვა უნარს. ხშირად კამათობენ, უნდა მიეცეს თუ არა მოსწავლეს ზაფხულში დავალებები. ბევრი ფიქრობს, რომ ეს პერიოდი დასვენებისთვისაა გამოყოფილი, ნაწილი კი შიშობს, რომ თუკი ბავშვი პერიოდულად არ იმეცადინებს, უკვე ნასწავლი მასალა დაავიწყდება. სინამდვილეში, როგორ უნდა გაატაროს ზაფხულის არდადეგები ბავშვმა, რა სახით უნდა იყოს ჩართული ამ პერიოდში შემეცნების პროცესი და რეალურად, რამდენად ეტყობათ ხოლმე მოსწავლეებს სექტემბერში საზაფხულო არდადეგების გავლენა - აქტუალურ თემაზე ბევრი ბავშვისთვის საყვარელი მასწავლებელი, რომელიც საკუთარ თავს მოსწავლებელს უწოდებს,
გიორგი ლიპარიშვილი გადაცემაში
"დილა ფორმულაზე" საუბრობს:
- გავლენა არა მარტო ბავშვებში, დიდებშიც იგრძნობა ხოლმე. თითქოს, მუშაობას გადავეჩვევით. ჩვენ, უფროსები, ერთი კვირა რომ არ მივიდეთ სამსახურში, ურთიერთობები, ქცევები გვავიწყდება, კალაპოტიდან ვვარდებით. 3 თვეში შეიძლება საკუთარ თავს, ქცევას დიდი ცვლილება ვერ შევატყოთ, მაგრამ ბავშვები სხვა ადამიანებად გარდაისახებიან. იცვლებიან, ათას აღმოჩენას ასწრებენ. შესაბამისად, ის, რომ შემოდგომით სხვანაირად იქცევიან და განსხვავებულები ხდებიან, ეს ბუნებრივი პროცესია. დასვენება არა მარტო ზაფხულში, შაბათ-კვირასაც აუცილებელია. ბავშვს იმდენი დავალება უნდა მივცეთ, რომ თავისუფალი დრო დარჩეს. საკუთარ თავებსაც რომ დავაკვირდეთ, იმდენი საქმე გვაქვს, ფიქრისთვის დრო არ გვრჩება, ქვეცნობიერად ბავშვებსაც ამ მდგომარეობაში ვაყენებთ. იმდენგან დავარბენინებთ, არც მათ რჩებათ დაფიქრების დრო. ფიქრისთვის დროის დატოვებითაც იზრდება ბავშვი. საზაფხულოდ ჩემს მოსწავლეებს რაიმეს კონკრეტულს კი არ ვაძლევ ხოლმე წასაკითხად, ვეუბნები, რომ პროცესებს დააკვირდნენ, ფოტო გადაუღონ, დაფიქრდნენ - ანუ, მკვლევარებად რომ იქცნენ და ის აკეთონ, რაც თავად მოსწონთ. როცა საკითხავების ან დავალებების გრძელ სიას ვაძლევთ ხოლმე, შეიძლება იმის წაკითხვა უფრო არ მოეწონოთ, ვიდრე თავად შეადგინონ ეს რაღაცები.
გიორგი ლიპარიშვილი ასევე გამოეხმაურა ზაფხულის არდადეგების კიდევ ერთ აქტუალურ თემას - გაჯეტებზე დამოკიდებულებას და აღნიშნა, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ზომიერება:
- ჩვენ, უფროსები, ბავშვებს ყველაზე დიდ მაგალითს ვაძლევთ. თუ ვეუბნებით, რომ ვითამაშოთ, მაშინ ჩვენც უნდა დავხუროთ ყველა მოწყობილობა და ვეთამაშოთ. ცოტახნის წინ " Gadget Free" დღე მოვიფიქრე. მერე ნელ-ნელა ამის აღსრულება დავიწყეთ. ჩემი ტელეფონიც დავმალე, რომ ერთად გვეთამაშა. ბავშვთან ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ. ჩვევის გადაჩვევას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მიჩვევას. ესეც თამაშის ნაწილი გამოდის. იგივე შეიძლება გავაკეთოთ სწრაფი კვების პროდუქტებზე, რომლებიც მავნებელია და ბავშვებს ძალიან უყვართ. მაგალითად, სკოლაში ჩიფსების ტორტი გაგვიკეთებია. ეს, რა თქმა უნდა, ყოველ დღე არ ხდებოდა. უბრალოდ, იყო ერთი ნაწილი, რომელიც მათ ყველაზე მეტად უყვართ. ამისთვისაც რაღაც დღე უნდა იყოს გამოყოფილი. გარკვეული წესები უნდა არსებობდეს. მაგალითად, ძილის წინ ელექტრონული მოწყობილობები არ უნდა გამოიყენონ, რომ ზედმეტი ემოციები ძილში არ გაჰყვეთ. ასაკობრივადაც, 2 წლამდე მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ საერთოდ მოვაშოროთ ეკრანს. რამდენიმე წლის წინ, მოსწავლებლობის პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ერთი ბავშვი გავიცანი და ამ ბავშვმა არ იცოდა, რა იყო დინოზავრი. მისთვის სულ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი. ტოტიტან ტოტზე ისე გემრიელად გადადიოდა, ნებისმიერ მაიმუნს შეშურდებოდა. კიდევ ბევრ რამეს აკეთებდა და საერთოდ არ ჰქონდა ტექნიკასთან წვდომა. ჩვენ გვგონია ხოლმე, ახლა თუ არ აიღებს ხელში მოწყობილობას, ვერაფერს ისწავლის, რაც არასწორია.

მან აღნიშნა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა და რა უნდა გააკეთოს ოჯახმა, თუ ბევრი წიგნის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს:
- ყველას ადამიანს აქვს ფანტაზია. მშობლები, ბებია, ბაბუა, ვიღაც იქნება ისეთი, ვისაც ბავშვისთვის ჯადოსნური ამბების მოყოლა შეეძლება. მერე შეიძლება თავად ბავშვმა დახატოს ეს ჯადოსნურობა და მხატვრად იქცეს, დაწეროს, რაც დაამახსოვრდება. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ყიდვამდე მივიდეთ. ჩემი შვილისთვისაც რომ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, კითხვისთვის პატარა კუნძული მოვუწყვე. კარადის თავი, სადაც ჩემი წიგნები ეწყო, გავუთავისუფლე. ეგონა, რომ სიმაღლეზე ადიოდა და სულ მოსწონდა, იქ რაც ხდებოდა. აიტანდა თავის წიგნს და დაჯდებოდა. თუმცა, კარადის თავზე ბავშვის ასვლისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ იქედან არ ჩამოვარდეს. ან რაიმე სხვა ადგილი მოვუწყოთ, თუნდაც მაგიდის ქვეშ. წიგნის არჩევა მარტივი არ არის. მშობლები ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩავერთოთ, მაგრამ პირდაპირ კი არ უნდა ვუთხრათ, რომ მაინცდამაინც ჩვენი შერჩეული წიგნი წაიკითხოს, არამედ მივცეთ არჩევანის უფლება და ავარჩევინოთ, რომელიც მოსწონს. წავიყვანოთ წიგნის ფესტივალებზე, მაღაზიებში. ჩემი მეგობრისგან გავიგე, მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, წიგნი მომიძებნე, სად დევს და მეც ვეძებდიო. მეგობრის რჩევას მეც ვიყენებ ხოლმე. ჩემმა შვილმა ჩემი წიგნების ყდები იცის. 9 წლისაა, თუ კარგი მკითხველი არ არის, გადასარევი მსმენელია. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ზოგი კითხვით იმახსოვრებს, ზოგი სმენით, ზოგიც ხატვით - ამით ვართ საინტერესოები. ამიტომ, მივცეთ არჩევანის უფლება, რომ აარჩიოს, ის, რაც თავად მოსწონს.