"ეს ვირუსის განსაკუთრებული ტიპია, რომლის დროს ჰოსპიტალიზაცია ხშირადაა აუცილებელი და ჟანგბადის დამატებითი მიწოდება გვჭირდება" - რატომ არის ავად ამდენი ბავშვი და რა პროგნოზია შემოდგომისთვის - მშობლები

"ეს ვირუსის განსაკუთრებული ტიპია, რომლის დროს ჰოსპიტალიზაცია ხშირადაა აუცილებელი და ჟანგბადის დამატებითი მიწოდება გვჭირდება" - რატომ არის ავად ამდენი ბავშვი და რა პროგნოზია შემოდგომისთვის

2022-06-21 10:54:24+04:00


წელს სეზონური ვირუსების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ამაზე არაერთი მშობელი და სპეციალისტი საუბრობს. ბავშვების მდგომარეობა ზოგჯერ პნევმონიითაც გართულდა და კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატება მაშინ დაფიქსირდა, როდესაც სეზონური ვირუსები, როგორც წესი, არ აქტიურდება ხოლმე. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვიყვება, რამ გამოიწვია მკვეთრი მატება და რა მოლოდინები აქვთ შემოდგომისთვის:

- წლევანდელი წელი მართლაც გამორჩეულია. წინა წლებთან შედარებით, პანდემიის პირველ-ორ წელს ვგულისხმობ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მომატებულია. მეორე თავისებურება კი გახლავთ ის, რომ სეზონური ვირუსების მატების პიკის პერიოდმა ზამთრიდან გაზაფხული-ზაფხულის პერიოდის განმავლობაში გადაინაცვლა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საქართველოში სეზონური რესპირაციული ვირუსების მატება ოქრტომბრის ბოლოდან, ნოემბრის დასაწყისიდან იწყება, პიკს დეკემბერ-იანვარში აღწევს და შემდეგ მარტის ბოლოსა და აპრილში თანდათან მცირდება. ეს იმ სტატისტიკის მიხედვითაა, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენრტრი გვაძლევს. 2022 წელი ამ სტატისტიკისგან მკვეთრად განსხვავებულია. წელს რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი აპრილის თვეზე მოვიდა. მეტიც, მაისისსა და ივნისში საქართველოში, როგორც წესი, გრიპის შემთხვევები საერთოდ არ ფიქსირდება - წელს როგორც აპრილში, ასევე მასსა და ივნისში შემთხვევები გვქონდა. 2022 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე მარტო იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის 44 შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც 2020-2021 წლებში მთელ ქვეყანაში გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი მატებაა, თუმცა გარკვეულწილად, პროგნოზი არსებობდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს გვაფრთხილებდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ მხრივ ყველა ქვეყანა მზად იყო, ვინაიდან შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე სხვა ტიპის ვირუსების წინააღმდეგაც ეფექტური აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ იყო გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ახლა, შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, ადვილი ასახსნელია, რომ რესპირაციული ვირუსები გააქტიურდა, ვინაიდან ისინიც ჰაერ-წვეთოვანი დაავადებების კატეგორიას მიეკუთვნება, მათი გადაცემაც თავისუფალ, შეუზღუდავ კონტაქტებზეა დამყარებული. კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც წლევანდელ წელს ეხება ისეთი ტიპის ვირუსის მკვეთრი მატებაა, როგორიცაა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ეს ვირუსის განსაკუთრებული ტიპია, ვინაიდან მისთვის წვრილი ბრონქიოლების ანთება, შეტევითი ხასიათის ხველა, გახშირებული სუნთქვაა დამახასიათებელი. დაავადება, რომელსაც ეს ვირუსი იწვევს, ბრონქიოლიტის სახელითაა ცნობილი და ძირითადად, ის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. წელს პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე მარტო იაშვილის კლინიკაში 91 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მისი ძირითადი გართულება ფილტვების ანთებაა. 2022 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში პნევმონიის 52 შემთხვევა დაფიქსირდა. წლევანდელი წელი რომ გამორჩეულია, ამას ძალიან ბევრი მშობელი ადასტურებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გარშემო ბევრი ბავშვია ცხელებით, სუნთქვის გაძნელებით, რაც გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისთვისაა დამახასიათებელი.

- რამდენად ხშირად სჭირდებათ ბავშვებს ჰოსპიტალიზაცია?

- გრიპის ვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იმ ვირუსების კატეგორიას განეკუთვნება, როდესაც ჰოსპიტალიზაცია ხშირადაა აუცილებელი. ერთ შემთხვევაში ბრონქიოლოტით რთულდება და ჟანგბადის დამატებითი მიწოდება გვჭირდება. მეორე შემთხვევაში, ვირუსული პნევმონიის მკურნალობისას კლინიკაში მეთვალყურეობაა აუცილებელი. ეს ვირუსები გართულებებით მიმდინარეობს, რასაც საქართველოს ყველა პედიატრიული სტაციონარის სტატისტიკა ადასტურებს. ყველა აღნიშნავს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში რესპირაციული ვირუსული ინფექციით მიმართვიანობა ყველაზე მაღალი იყო. გართულებები აღნიშნული ვირუსებისთვისაა დამახასიათებელი და რაიმე ახალ ინფექციას არ უკავშირდება.

- სხვა ქვეყნების მაგალითიც ხომ არ შეგვიძლიია განვიხილოთ, იქ რა მდგომარეობა სეზონური ვირუსების გააქტიურების თვალსაზრისით?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგანაც შესაძლოა ადამიანებმა იფიქრონ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით განსხვავებული სურათია. ეს ასე არ არის. თუკი იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის გავრცელებას თვალყურს ადევნებს, ნათლად დავინახავთ, რომ მთელ მსოფლიოში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების პიკი სწორედ აპრილის თვეზე მოვიდა. ამიტომ, სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ ამ თავისებურებას და ასევე, დაფიქსირებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის მატებაც. ჩვენთვის ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ძალიან დიდი კომფორტია, რომელიც დეტალურად გვაძლევს ინფორმაციას და გვიდასტურებს, რომ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის მკვეთრი მატებაა.

- თქვენთან რეანიმაციაში ბავშვთა მომართვიანობა გაზრდილია?

- ბავშვები რეანიმაციაში პნევმონიით, რა თქმა უნდა, წვანან, მაგრამ ამ ვირუსებს ინტენსიურ თერაპიაში მიმართვიანობა არ გაუზრდია. მიმდინარეობა ზოგჯერ მძიმეა, საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, არ ყოფილა ბევრი შემთხვევა, რომელთა მართვაც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში დაგვჭირდა.

- ახლა რა ეტაპზეა სეზონური ვირუსული ინფექციების გავრცელება, პიკი გადავიარეთ?

- სტატისტიკა მიუთითებს, რომ პიკმა გადაიარა. მაისის ბოლოსკენ შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. განსაკუთრებით გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ივნისში გრიპის 2 შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. პიკი უკვე გადავლილია.

- შემოდგომისთვის რა პროგნოზი გაქვთ?

- წინასწარ საუბარი რთულია. ერთი რამ უნდა აღინიშნოს, პრაქტიკულად, პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო 2 წელი გამოვტოვეთ. ბავშვები ნაკლებად იყვნენ ინფიცირებულები გრიპითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით. ამიტომ, გარკვეული მოლოდინი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ეს ვირუსები უფრო მეტად გააქტიურდება, ვიდრე ეს 2-3 წლის წინ იყო. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, მოსალოდნელია, რომ წელს გრიპის შემთხვევები გაიზრდება.

თამარ იაკობაშვილი