"გადაჭარბებული დამოკიდებულება ჰიგიენის მიმართ სულაც არ ემსახურება ბავშვის ჯანმრთელობას და შეიძლება ძალიან მძიმე ტვირთიც იყოს"
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს იმ კვებით ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა ბავშვებში შფოთვა გამოიწვიოს და განმარტავს, რატომ არ არის სასარგებლო ზედმეტად და ძალიან მკაცრად შვილისთვის ჰიგიენის დაცვის მოთხოვნა. ასევე, განმარტა, რა კავშირია ოჯახში არსებულ კვებით ჩვევებსა და ბავშვის შფოთვას შორის:
- აღმოჩნდა, რომ შფოთვა ბავშვის თავის ტვინის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე ფენომენი, რომლებიც დღეს, თანამედროვე საზოგადოებაში, ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს. ეს გახლავთ: ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების რუტინა, ძილისა და აქტივობის მონაცვლეობა, ბავშვზე სტრესული ფაქტორების ზეგავლენა, ანუ სტრესორები. ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ჰიგიენა გამოყვეს და დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებსაც ზედმეტად, გადაჭარბებულად მოუწოდებენ ჰიგიენისაკენ ან ზედმეტად აჩვენებენ ამ პროცედურებს, შეიძლება ეს შფოთვის საგანი გახდეს. მაგალითად მაშინ, როდესაც სათამაშოდ ემზადება - შეიძლება არ ითამაშოს, არ შეჭამოს იმიტომ, რომ ტანსაცმელი დაესვრება, არაფერი დადოს იმიტომ, რომ ავეჯი დაისვრება, არ დაჯდეს კონკრეტულ ადგილზე იმიტომ, რომ რბილი, ფუმფულა გადასაფარებელი გაჭუჭყიანდება. პროცესი მეცნიერებმა ამ კუთხით დაინახეს და აღმოჩნდა, რომ ასეთი გადაჭარბებული დამოკიდებულება ჰიგიენის მიმართ სულაც არ ემსახურება ბავშვის ჯანმრთელობას და შეიძლება ძალიან მძიმე ტვირთიც იყოს. ბავშვის კვებით ჩვევებსა და ტრადიციებს შორის ძალიან სერიოზული კავშირია, რომელიც თაობიდან თაობაში ყალიბდება. აღმოჩნდა, რომ დიასახლისი, რომელიც შემდეგი თაობის დიასახლისებს გადასცემს ამ ცოდნას, ეს კულინარიული ტრადიციები შეიძლება ბავშვის შფოთვის წინაპირობა გახდეს იმიტომ, რომ მას ყოველთვის აღელვებს ის, რას აჭმევენ და რასთან დაკავშირებით ხდება მასზე ზეწოლა. აქ გადამწყვეტია როგორც რეჟიმი, ასევე ულუფა, რაციონი. როდის, რამდენს და რას აჭმევენ, ბავშვს ეს შეიძლება აღელვებდეს.
დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია და მას თავისი დამოუკიდებელი ნერვული სისტემა აქვს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ სეროტონინს, რომელიც ბანანშია, სიამოვნება მოაქვს. შოკოლადის ჭამაც გვსიამოვნებს. ეს სიამოვნება ბევრადაა დამოკიდებული ნაწლავზე იმიტომ, რომ 70-დან 80%-მდე შემთხვევაში ნაწლავია პასუხისმგებელი რაღაც გვესიამოვნება, თუ პირიქით. აქედან გამომდინარე, ამაზე პასუხისმგებლობა თაობიდან თაობაში ბევრ ადამიანს ეკისრება, იმიტომ, რომ საბოლოო ჩამოყალიბებული კვებითი მოდელი შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, როგორი იქნება ჩვენს ორგანიზმში კარგი და ცუდი ბაქტერიების თანაფარდობა და რა გავლენას იქონიებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე.
მარი მალაზონიამ ასევე დაასახელა ის პროდუქტები, რომლებსაც ბავშვებში შფოთვის გამოწვევა, ან კიდევ პირიქით, შემცირება შეუძლიათ:
- აღმოჩნდა, რომ ყველა პროცესირებული, უკიდურესად რაფინირებული პროდუქტი საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განაპირობებს. ასეთი პროდუქტების ამოცანაა, დაგვანაყროს, იყოს გემრიელი და კარგი საცდური. როგორც წესი, გემრიელობები, რომლებიც ჰქმნის ეფექტს, რომ მიგვიზიდოს და დამოკიდებული გაგვხადოს, ხშირ შემთხვევაში საკვები ნივთიერებებით არ არის გაჯერებული. შეიძლება იყოს კალორიებით მდიდარი, მაგრამ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ფუჭი კალორიებია. მაგრამ, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: მიღებული შაქარი ანუ ნახშირწყალი, ძალიან ადვილად შეთვისებადია. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინი უცებ მიიღებს საწვავს. როდესაც შფოთვის დაქვეითებაზე ვსაუბრობთ, ბავშვების ტვინს სჭირდება ნახშირწყალი, რომელიც ნელ-ნელა შეითვისება. ეს ბოსტნეულისა და ხილის, მთლიანი მარცვლეულის ნახშირწყალია და არა ადვილად შეთვისებადი შაქრები. ბავშვებს ტკბილეული უნდა მივცეთ, მაგრამ ისე უნდა მოვამზადოთ, რომ მათი ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანო იყოს. მაგალითად, ხილისგან, ჩირებისგან მომზადებული ნუგბარი ძალიან კარგი აჩევანია. ოჯახში თუ ჩამოყალიბდა ჩვევა, რომ კერძს ცოტა მარილს კიდევ ამატებენ, ეს თაობიდან თაობას გადაეცემა და ვიღებთ მოდელს, სადაც დამატებულ მარილებს ძალიან უხვად იყენებენ. აღმოჩნდა, რომ ეს უჯრედებს შორის წყლის დაგროვებას იწვევს. პროცესი კი ჩვენს ნერვულ სისტემაზე ცუდად აისახება და შფოთვის ხარისხს აძლიერებს. ცხიმი ჩვენს ტვინს ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით ქოლინი. მაგარამ, ასევე გაირკვა, რომ ჩვენს ტვინს ტრანსცხიმები არ სჭირდება. საკვებში ტრანსცხიმების დიდი რაოდენობა შეიძლება ბავშვის შეგრძნებების, ემოციების და შფოთვის წინაპირობა გახდეს.
რაც შეეხება მწვანე ზონას, აღმოჩნდა, რომ შფოთვის ხარისხის დასაქვეითებლად ბავშვებს ადექვატური რაოდენობის თუთია სჭირდებათ. თუთიის წყარო სხვადასხვა სახის თხილეული, თესლი, იქნება ეს მზესუმზირის, გოგრის თუ სხვა, თევზეულია. ასევე, მნიშვნელოვან წყაროდ B ჯგუფის ვიტამინები გამოყვეს, მათ შორის, B1, B6, ზოგიერთ შემთხვევაში B12 ვიტამინი. B ჯგუფის ვიტამინების წყაროდ შეიძლება დავასახელოთ სხვადასხვა სახის მარცვლეული და ბურღულეული. მაგალითად, ბრინჯი, შვრია. ასევე, პარკოსნები ლობიოს სახით. საგანგებოდ უნდა გამოვყოთ რკინის შემცველი პროდუქტები და უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ წითელი ხორცი, ატამი, ისპანახი. არ დაგვავიწყდეს D ვიტამინი, რომელიც თევზეულშიცაა და რძის ნაწარმშიც, ასევე კვერცხში. ომეგა 3, რომელიც თევზეულშია. გავითვალისწინოთ ამ ნივთიერებების ურთიერთთანაფარდობა. მარცვლეულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაგნიუმის როლის გათვალისწინებაა, რომელიც ბავშვებში შფოთვის ხარისხს აქვეითებს.