დედობა, რომელიც კარიერას ხელს არ უშლის - ქალთა გასაძლიერებლად საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო - მშობლები

დედობა, რომელიც კარიერას ხელს არ უშლის - ქალთა გასაძლიერებლად საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო

2022-07-11 06:26:09+04:00
რამდენჯერ დაგიკარგავთ შესაძლებლობა, დასწრებოდით საინტერესო ტრენინგს, იმიტომ რომ ახალბედა დედა იყავით და ბავშვი ვერ დატოვეთ? ან რამდენჯერ გითქვამთ უარი კარიერულ წინსვლაზე, იმიტომ რომ თქვენგან დამატებით რესურსს მოითხოვდა და ამას ახალშობილ ბავშვთან ერთად ვერ მოახერხებდით? თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც მსგავსი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მაშინ იცოდეთ რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედების მხარდასაჭერად და ეკონომიკურად გასაძლიერებლად საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო. პროექტი Mama Bono „დედები დედებისთვის“ კონცეფციის მატარებელია და ის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის ავტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ია. როგორც კომპანიის CR & PR მენეჯერი, მარკეტერი თამთა ასლანიშვილი განმარტავს, პროექტის იდეა იაპონიიდან მოდის:

„პროექტის დაწყება 2021 წლის ივლისში გადავწყვიტე. ამ დროს თავადაც 9 თვის ორსული ვიყავი და დეკრეტულ შვებულებაში გასვლას ვაპირებდი, თუმცა Pro Bono-ს ფარგლებში მაინც მიწევდა ერთ-ერთი სოციალური საწარმოსთვის მოხალისეობრივი დახმარება. ამ პერიოდში CRRC-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლელა ხოფერიამ გაგვიზიარა ინფორმაცია იაპონიაში მიმდინარე პროექტის Mama Bono-ს შესახებ. ის დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას გულისხმობდა. ვიფიქრე, რომ მისი განხორციელება საქართველოშიც საინტერესო იქნებოდა, რადგან დედებს ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა ხშირად უჭირთ,“ - განმარტავს თამთა ასლანიშვილი.

პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა იაპონიაში და ამჟამად ესპანეთში მიმდინარეობს, საქართველოში ახლა იღებს სტარტს. ის ჩვენთან შედარებით სახეცვლილი, ქართულ რეალობასა და ქართველი დედების გამოწვევებზე მორგებული სახით მიმდინარეობს. საქართველოში ხშირად დედებს საერთოდ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ იმუშაონ. შესაბამისად, საჭირო სამუშაო გამოცდილება ვერ უგროვდებათ, რათა შვილების წამოზრდის შემდეგ აქტიური ეკონომიკური საქმიანობა დაიწყონ. მათ კონკრეტული ახალი უნარების შესწავლა სჭირდებათ. პროექტის ფარგლებში ქალებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და ვორქშოფები, ისინი ახალ უნარებს შეიძენენ, შემდეგ კი ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
დედები, რომლებიც დღეს ეკონომიკაში აქტიურად არიან ჩართულები გადაამზადებენ, ჩაატარებენ ტრენინგებსა და ვორქშოფებს იმ დედებისთვის, რომლებიც დღეს ეკონომიკურ საქმიანობაში არ არიან აქტიურად ჩართულები, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვთ. პროექტი სოციალური ხასიათის იქნება, რადგან გადამზადება სრულიად უფასოა. პირველ წელს MBC სრულად აფინანსებს ხარჯებს.

ამ ეტაპზე, ვიდრე კონკრეტული ტრენინგები და ვორქშოფები დაიგეგმება, სპეციალური კითხვარების შევსება მიმდინარეობს. კითხვარების შევსება მიზნად ისახავს იმ საჭიროებების განსაზღვრას, რომლებიც დღეს ქართველ დედებს აქვთ. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა დედამ მიიღოს მონაწილეობა, შეავსოს და საკუთარი საჭიროებების შესახებ გააზიაროს ინფორმაცია. შედეგად, უკეთ დაიგეგმება ტრენინგებსაც და სტაჟირებასაც. პროექტის ფარგლებში ტრენინგები და სტაჟირებები ორივე - ფიზიკურ და დისტანციურ - რეჟიმში გაიმართება.

ბევრს ნუღარ იფიქრებთ, შეავსეთ კითხვარი, დააფიქსირეთ თქვენი საჭიროებები, დაესწარით თქვენთვის სასურველ ტრენინგებსა და ვორქშოფებს, დასაქმდით და იყავით ეკონომიკურად ძლიერი დედა. თანამედროვე სამყაროში დედობა კარიერულ წინსვლას ხელს აღარ უნდა უშლიდეს.
კითხვარის შევსება შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.
R