მოზარდობის ასაკში ბავშვისთვის თანატოლებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე მშობლებთან. მაგრამ, ეს ურთიერთობებიც განსხვავებულია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბავშვებს შორის კომუნიკაციას ჯანსაღი და თანასწორი არ შეიძლება ეწოდოს. შესაძლოა, ბევრ ჩვენგანსაც გამოუცდია ტოქსიკური ურთიერთობები და თანატოლების მხრიდან ცუდი მოპყრობა, ამიტომაც მშობლებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც ხედავენ, რომ მათი შვილი სხვისი გავლენის ქვეშაა და ეს გავლენა მისთვის საზიანოა. რა უნდა გააკეთოთ, თუ ამჩნევთ, რომ ბავშვი, რომელთანაც თქვენი შვილი მეგობრობს, ან მისი გარემოცვა, ცუდ გავლენას ახდენს მასზე ან ისეთი რამის გაკეთებისკენ უბიძგებს, რაც მიუღებელია? - ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივი არ არის, თუმცა სპეციალისტები ასახელებენ რამდენიმე ფორმას, რომლითაც შვილთან კომუნიკაციას შეძლებთ. პირველ რიგში, არ უნდა იყოთ კატეგორიული და ურთიერთობის პირდაპირ აკრძალვა არ უნდა დაიწყოთ, რადგანაც ასე შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოთ.
ნუ გააკრიტიკებთ
დიდი ალბათობით, თქვენი შვილის მეგობარზე, რომელიც არ მოგწონთ, შეგიძლიათ ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა თქვათ, მაგრამ ჯობს, ეს არ გააკეთოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, იმისათვის, რომ ბავშვმა მეგობრის ნამდვილი სახე დაინახოს, გააცნობიეროს, თუ რა გავლენას ახდენს მასზე, საკმარისია ამის შესახებ უთხრათ, მაგრამ, პირველ რიგში, ის თავის მეგობრებს დაიცავს. მეორეც, ბავშვი, დიდი ალბათობით, მეგობარს სულ სხვანაირად აღიქვამს, ვიდრე თქვენ. ასევე, ამ ასაკში ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, სიტუაციას გარედან შეხედონ და რაციონალურად შეაფასონ. შეიძლება უბრალოდ ვერ გაიგოს, სინამდვილეში რაზე ლაპარაკობთ. ამიტომ, პიროვნულ თვისებებზე ნუ ისაუბრებთ, მით უმეტეს, შეურაცხმყოფელ ფორმაში. მაგრამ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენმა შვილმა მეგობრის ქცევების გამეორება დაიწყო, მაშინვე უთხარით, რომ მსგავსი ქცევის მოთმენას სახლში არ აპირებთ და აღარ გაიმეოროს.
დაუსახეთ პირობები
რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკონტროლებას ვერ შეძლებთ, მაგრამ თუ მაინც გაწუხებთ ეჭვები, სად არის და რას აკეთებს თქვენი შვილი თავის მეგობართან ერთად, გიჭირთ ნდობა და ამისთვის გარკვეული მიზეზებიც გაქვთ, მაშინ ჯობს, პირობა წამოუყენოთ და უთხრათ, რომ თქვენს სახლში იყვნენ, იქ ითამაშონ და გაატარონ დრო. თუ ბავშვი ამ შეზღუდვას ეწინააღმდეგება, მაშინ, დროა იმაზე საუბარი დაიწყოთ, თუ რატომ არ მოგწონთ ეს მეგობრობა.
განუმარტეთ მაგალითებით
ბავშვის გონივრულ კითხვაზე, თუ რატომ არ მოგწონთ მისი მეგობარი, მნიშვნელოვანია, ბუნდოვანი და დამაბნეველი პასუხი არ გასცეთ. არ უთხრათ, რომ "უბრალოდ არ მოგწონთ" - მიზეზების სია წინასწარ უნდა მოამზადოთ და კონკრეტული მაგალითები უნდა აჩვენოთ, თუ რა მომენტში არ მოგეწონათ მისი ქცევა. ასევე, ზუსტად დაუსაბუთეთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ საქციელს. გარდა ამისა, დასაბუთებული საუბრის დროს შეიძლება უფრო მეტი რამ გაიგოთ. მაგალითად, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი შვილის მეგობარს ოჯახში აქვს პრობლემები და ამის გამოა აგრესიული. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდად განხილვა საუკეთესო არჩევანია. შეგიძლიათ, დახმარებაც შესთავაზოთ - იქნებ მეგობრის ცუდ ქცევას აქვს მიზეზი, რომლის აღმოფხვრაში თქვენ დაეხმარებით.
იპოვეთ ბალანსი
შესაძლოა თქვენი შვილი გეუბნებოდეთ, რომ მეგობრობის დასრულება არ სურს და ამ საკითხში საკმაოდ კატეგორიულია. არ მიმართოთ ძალისმიერ მეთოდებს, უბრალოდ მკაცრი საზღვარი დაუწესეთ - უთხარით, რომ თუ ისიც გაიმეორებს იმ ქცევას, რომელიც არ მოგწონთ, არ მოითმენთ და ასეთ შემთხვევაში მათი მეგობრობა დასრულდება. ასევე მაქსიმალურად ეცადეთ, გადართოთ სხვა მიმართულებით, დააკავოთ რაიმე საქმიანობით, ატაროთ სადმე - წრეზე, გასართობად. ეცადეთ მასთან თავადაც მეტი დრო გაატაროთ, ხელი შეუწყოთ ახალი ნაცნობობის გაბმაში და რაც შეიძლება ნაკლები დრო და სურვილი დარჩება ტოქსიკური ურთიერთობებისთვის.
ესაუბრეთ თქვენი შვილის მეგობრის მშობლებს
ეს კარგი ვარიანტია, რადგანაც შეიძლება გაიგოთ, რატომ იქცევა ბავშვი ცუდად. შესაძლოა დედის მხარდაჭერა სჭირდება და ვერ იღებს ამ მხარდაჭერას და თქვენ შეგიძლიათ, რაღაც შეცვალოთ. ან კიდევ შეიძლება დედამისს წარმოდგენა არ აქვს, რომ მისი შვილი ცუდად იქცევა, თქვენი საუბრით კი მოახერხოს, რომ ბავშვი განვითარების ნორმალურ გზაზე დააბრუნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლებთან დალაპარაკება და სიტუაციის გარკვევა კარგი იქნება.