"ერთ ინფიცირებულს 18 ადამიანის დააინფიცირება შეუძლია " - ბიძინა კულუმბეგოვი არსებულ ეპისდიტუაციაზე - მშობლები

"ერთ ინფიცირებულს 18 ადამიანის დააინფიცირება შეუძლია " - ბიძინა კულუმბეგოვი არსებულ ეპისდიტუაციაზე

2022-07-12 08:10:10+04:00
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ "მთავარში" ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განმარტა, რა მიმდინარეობით ხასიათდება კორონავირუსის ახალი ქვევარიანტები:

"ადამიანების ფსიქიკაში თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდს ეს გეგმები არ აქვს. ნებისმიერ ვირუსს, მათ შორის კოვიდსაც, მუტაცია ახასიათებს. ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორითაა მნიშვნელოვანი: ერთი - რამდენად სახეცვლილია ის მის წინა ვარიანტთან შედარებით და იძლევა თუ არა იმის საშუალებას, დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს ან გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგ აქვს. ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენს ქვეყანაშიც, თითქმის 60% B.A.4 და B.A.5 შტამებია და მათი სახეცვლილება წინა ომიკრონის ქვევარიანტებისგან განსხვავებით მკვეთრად ცალსახაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. ვირუსების გავრცელების პოტენციალს კონკრეტული ციფრი აქვს მინიჭებული, რომელსაც რეპროდუქციული ინდექსი ჰქვია. ამ ვარიანტისათვის რეპროდუქციული ინდექსი 18-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების, წითელას გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. 1 ინფიცირებულს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს. ეს ეს აღნიშნული ქვევარიანტისთვისაა დამახასიათებელი. მეორე, მისი სახეცვლილება განაპირობებს იმას, რომ ძალიან დიდ პროცენტში, მსოფლიოში არსებული მონაცემების მიხედვით, თუ ადამიანს ალფა ან დელტა ვარიანტი ჰქონდა გადატანილი, ომიკრონით რეინფიცირების შემთხვევები იყო, მაგრამ ძალიან მასშტაბური არა. მაგრამ, თუ ადამიანმა ომიკრონის საწყისი ვარიანტი - B.A.1 და B.A.2 გადაიტანა, გაცილებით მეტია ახალი ქვეშტამებით ინფიცირება, ვიდრე დელტასა და ალფას გადატანის შემთხვევაში იყო. ჯერჯერობით, მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მზარდი ტენდენციაა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან იმუნიტეტი მოისუსტებს. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში შემთხვევები მკვეთრად იზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ინტენსიურ თერაპიაში პაციენტების რაოდენობა პირდაპირპროპორციულად არ მიჰყვება. თუმცა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ორ კვირაში ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა გაორმაგდა."- ამბობს ის. 

ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ დღეს რესპირაციული დაავადებების ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან რთულია იმიტომ, რომ ქვეყანაში მარტო კოვიდი არ ცირკულირებს და ამბობს, რომ ნებისმიერი გაციების დროს იზოლაცია აუცილებელია.

"თუ ადამიანს რისკის რომელიმე დაავადება აქვს, ან ასაკი - 65 წელი და მეტი, სიმპტომების პირველსავე დღეს სწრაფი ტესტი უნდა გაიკეთოს. გამომდინარე იქედან, რომ მას უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, სახელმწიფოსგან სრულიად უსასყიდლოდ პრეპარატი, პაქსლოვიდი მიიღოს, რომლის მარაგებიც ჩვენს ქვეყანაში ულიმიტოდაა და იგი თითქმის 89%-ით მძიმე დაავადების განვითარების რისკს ამცირებს."- ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, შეიძლება პროცესს მე-7 ტალღის დასაწყისი დავარქვათ:
"წინა კვირასთან შედარებით, რაოდენობა 5-ჯერაა გაზრდილი. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ის უნიკალური ვაქცინა, რომელიც ინფიცირებისგან დაგვიცავს. სამწუხაროდ, ვაქცინის ძალა ინფიცირებისგან დასაცავად მკვეთრად შემცირებულია. მაგრამ, საბედნიეროდ, მას შერჩა ძალა, ადამიანი მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან დაიცვას. ამიტომაც, ბუსტერის გაკეთება განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."

ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლოებას მოუწოდებს, რომ პირბადე დახურულ სივრცეში აუცილებლად ატარონ. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან 50 წელს არიან გადაცილებულები, ბუსტერის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ასევე, აღნიშნავს, რომ შეზღუდვების დაწესება დღეს მსოფლიოში აღარ განიხილება.

"გვაქვს რამდენიმე მაღალეფექტური ვაქცინა, რომელიც მძიმე დაავადებისა და ჰოქსპიტალური სექტორის დატვირთვისგან დაგვიცავს, გვაქვს დამძიმების რისკის მქონე ადამიანებისათვის პრეპარატი - პაქსლოვიდი, ჰოსპიტალში მოხვედრისას რემდესივირი. დღეს მსოფლიოსაც და ჩვენს ქვეყანასაც ინფიცირებული პაციენტის მართვის შესაბამისი ცოდნა აქვს. ამიტომ, ახლა იმის აუცილებლობა, რომ საზოგადოება დავკეტოთ და მსუბუქ დაავადებას ხელი შევუშალოთ, ამის აუცილებლობა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის." - ამბობს ის.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, შემთხვევების ზრდა შემოდგომისთვის კიდევაა მოსალოდნელი და ახლა ერთადერთი გზა, რომ განვასხვავოთ, კორონავირუსი გვაქვს თუ სხვა სეზონური ვირუსი, ტესტირებაა.

"საქართველოში თითქმის 17 ათასი გარდაცვლილი ადამიანიდან 95% 50 წელს გადაცილებულია. იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბუსტერული დოზის გაკეთება შეეძლება ყველა ადამიანს, სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად, თუ ბოლო დოზიდან 4 თვეა გასული და მისი ასაკი 18 წელი და მეტია. ვაქცინები გვაქვს და მარაგებიც არსებობს და ასაკოვან ადამიანებს, მათ, ვისაც რაიმე ერთი ქრონიკული დაავადება მაინც აქვთ, თუნდაც არიან მწეველები, ჭარბწონიანები, ვთხოვთ, რომ დამატებითი ბუსტერული დოზები გაიკეთონ. ამით ექნებათ გარანტია, რომ ინფიცირების შემთხვევაში სახლში, მარტივად, ჰოსპიტალის გარეშე გადაიტანონ ინფექცია." - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.