როდესაც ბავშვი მშობელს არ ემორჩილება, არ სურს სწავლა, ხდება უკონტროლო, უფროსები საკუთარ თავს იშვიათად ადანაშაულებენ. მაგრამ, ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემები თავად მშობლების ფსიქოლოგიური ტრავმის ანარეკლია. ამიტომაც, სპეციალისტები მთავარ შეცდომებს ასახელებენ, რის გამოც ბავშვების სწორ განვითარებას საფრთხე ექმნება:
განუხორციელებელი ოცნებები
ალბათ, ბავშვობაში ბევრ მშობელს სხვადასხვა ოცნება ჰქონდა. ზოგს მუსიკოსობა უნდოდა, ზოგს ასტრონავტობა, მასწავლებლობა თუ სხვა. თუმცა, გარკვეული გარემოებების გამო, ამ ოცნებების ასრულება ვერ შეძლეს. პირობითად, ნინო ბავშვობაში ვიოლინოზე დაკვრაზე ოცნებობდა, მაგრამ მისმა მშობლებმა ეს "სისულელედ" მიიჩნიეს და გადაწყვიტეს, რომ ფინანსისტი უნდა გავმხდარიყავი. ახლა კი ნინოს ქალიშვილი ხატვის გარდა გარშემო ვერაფერს ხედავს. მაგრამ ნინო, ჩვეულებრივი სცენარის მიხედვით, მას ხატვას უკრძალავს და როგორც მისმა მშობლებმა გააკეთეს, შვილს თავადაც უფრო "პრესტიჟული" პროფესიის არჩევისკენ მოუწოდებს. თუ საკუთარ თავს ნინოს ადგილზე თქვენც ხედავთ და გაქვთ აუსრულებელი ოცნებები, რომლებიც ბავშვობის ტრავმად გექცათ, ნუ გადაიტანთ ამ ტრავმას თქვენს შვილებზე. გვიან არასდროსაა. ჰობის დონეზე ვიოლინოზე დაკვრაც შეგიძლიათ ისწავლოთ და სხვა რამეც, რაც ბედნიერებასა და სიხარულს მოგანიჭებთ. ეს ემოცია კი თქვენს შვილსაც გადაედება.
შეუსაბამო მოთხოვნები
როდესაც ბავშვს ყოველდღიურად ესმის მშობლისგან, რომ რაღაც "არასწორია", თავად ასე არ იცვამდა, კონკრეტულ რაღაცას ასე არ აკეთებდა, ბავშვსაც სხვა გზა არ აქვს და გავლენის ქვეშ ექცევა. ეს დამოკიდებულება, სპეციალისტების თქმით, თაობიდან თაობას გადაეცემა და ადამიანების ფსიქიკას წამლავს. მაგალითად, ბებია დედას აკრიტიკებს და ეუბნება, რომ "სარეცხს არასწორად რეცხავს". ბებიასაც ასე აკრიტიკებდნენ და დარწმუნებული იყავით, რომ, დიდი ალბათობით, დედა საკუთარ ქალიშვილსაც მისცემს შენიშვნას. უმჯობესია, თუ თქვენს შვილებს ასწავლით, როგორ მართოს დროს სწორად, რა დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში. მუდმივი კრიტიკა და თქმა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, კარგს არაფერს მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, არასრულფასოვნების განცდის ტრავმა კი თქვენს შვილს მთელი ცხოვრება გაჰყვება.
ნეგატიური დამოკიდებულებები
ის, თუ რას ვეუბნებით ჩვენს შვილებს, მათ მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაძლოა, ვერც გააცნობიეროთ, მაგრამ ნეგატიური დამოკიდებულებები ბავშვის ქვეცნობიერში ფარულად ილექება.
- "მოსამსახურედ იზრდები" - როდესაც თქვენს შვილს ამას ეუბნებით, ავტომატურად გულისხმობთ, რომ წარუმატებელი და არასაჭირო იქნება. ბავშვმაც შესაძლოა დაიჯეროს, რომ მეტის ამბიცია არ უნდა ჰქონდეს და ბრძოლა აღარ გააგრძელოს.
- "შენთვის ვმუშაობ" - ეს ფრაზა დანაშაულის შეგრძნებას იწვევს და ბავშვში მსხვერპლის პოზიციას აყალიბებს.
- "შენ არ ხარ ისეთი, როგორიც სხვა ბავშვია" - ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფრაზაა, რომელიც სირცხვილსა და თვითშეფასების პრობლემებს იწვევს. ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში ხშირად ესმოდათ ეს ფრაზა, სულ ფიქრობენ, რომ სხვები უკეთესები არიან, არაფერი გამოუვათ და პრიორიტეტებსაც სწორად ვერ განსაზღვრავენ.
- "ჯერ ეს გააკეთე და მერე გიყიდი იმას, რაც გინდა" - ასეთი გულწრფელი მოსყიდვა შესაძლოა სასარგებლოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ბავშვს ეშმაკობას ასწავლის და ნებისმიერი რამის გაკეთებისთვის, სანაცვლოდ სულ ჯილდოს, საჩუქარს მოგთხოვთ. უნდა მიეჩვიოს, რომ რაღაცები სპეციალური ჯილდოების გარეშეც გააკეთოთ.
დაიცავით თქვენი შვილები ნეგატიური ფრაზებისგან, ხშირად უთხარით სამოტივაციო სიტყვები, გამოხატეთ სიყვარული, განუმარტეთ, რომ მისი გჯერათ, ამაყობთ და გვერდით დაუდგებით. გახსოვდეთ, რომ ბედნიერი მშობელი ბედნიერ შვილს ზრდის. ამიტომაც, საკუთარ თავზე ზრუნვაც ნუ დაგავიწყდებათ.