რა შემთხვევაში გაგინულდებათ შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რამდენი ქულა უნდა დააგროვოთ გრანტისთვის - ხშირად დასმული შეკითხვები - მშობლები

რა შემთხვევაში გაგინულდებათ შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რამდენი ქულა უნდა დააგროვოთ გრანტისთვის - ხშირად დასმული შეკითხვები

2022-07-25 07:40:16+04:00
აბიტურიენტებისათვის 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდა და ახლა ყველა ელოდება შედეგების გამოქვეყნებას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში ეტაპობრივად იგეგმება. იქამდე კი აბიტურიენტები საკუთარ ნაშრომებს განიხილავენ და ხშირად ნერვიულობენ, ხომ არ გაუნულდებათ შედეგი, ან რა შემთხვევაში მიიღებენ გრანტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებიდან შევაგროვეთ ისინი, რომლებიც ახლა, შედეგების გამოქვეყნებამდე, აწუხებთ აბიტურიენტებს და პასუხების მიღებაც სურთ:

- გამსვლელი ზღვარი შეიცვალა თუ არა რომელიმე საგანში?

- გამსვლელი ქულის პროცენტული ზღვარი წელს არ შეცვლილა. ყველა საგანში აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო უცხოურ ენასა და მათემატიკაში 20%-ზე მეტი. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, გაზრდილია თუ არა რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე გამსვლელი ქულის პროცენტული მაჩვენებელი.
თუ ორ ან მეტ არჩევით საგანს აბარებთ და ერთ-ერთში ჩაიჭრებით, რა ხდება ამ დროს?
თუ რომელიმე არჩევით საგანში ზღვარს ვერ გადალახავთ, ან გამოცდაზე არ გამოცხადდებით, შეინარჩუნებთ მეორე არჩევითი საგნით ჩარიცხვისა და გრანტის მიღების შესაძლებლობას.

- შეიცვალა თუ არა გრანტის განაწილების წესი? თუ არჩევით საგანში შედარებით დაბალ ქულას აიღებს აბიტურიენტი და დანარჩენ ორ საგანში მაღალს, გრანტის აღების შესაძლებლობას ინარჩუნებს იგი?

- გრანტის გაცემის წესი არ შეცვლილა. გრანტის განაწილება ხდება ძირითადი და არჩევითი საგნებით. მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია არჩევით საგანში მიღებული ქულა. თუ აბიტურიენტი ორ არჩევით საგანს აბარებს, მაშინ ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და გრანტს მოიპოვებს იმ საგნით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების შანსი ექნება. თუ რომელიმე არჩევით საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ის ინარჩუნებს გრანტის მოპოვების შესაძლებლობას დანარჩენი სამი საგნის შედეგით.

- ქართულ ენასა და ლიტერატურაში კალიგრაფიის გამო თუ დაგვაკლდება ქულა?

- კალიგრაფიას არ ექცევა ყურადღება. მთავარია იკითხებოდეს ნაწერი და შესაძლებელი იყოს ტექსტის ამოკითხვა.

- ყველა პროგრამაზე თანაბრად გაიცემა გრანტი, თუ შესაძლოა რომელიმე პროგრამაზე არ დამაფინანსონ?

- 2022 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროგრამაზე ჩაირიცხება აბიტურიენტი. დაფინანსება არ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ პროგრამა არ არის აკრედიტებული.

- ოქროსა და ვერცხლის მედლების გამო რაიმე პრივილეგიით თუ სარგებლობს აბიტურიენტი?

- ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში განიხილება. ჩარიცხვის შემდეგ შესაძლოა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოთ, რადგან ზოგიერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას აქვს სტიპენდია გამოყოფილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი პირებისათვის.

- საშუალოდ რამდენი სიტყვისგან უნდა შედგებოდეს უცხოურ ენაში ესე? რა კრიტერიუმებით სწორდება?

- ესეში სიტყვების რეკომენდებული რაოდენობაა 120-150. შეგიძლიათ ამაზე ცოტა მეტიც დაწეროთ, მთავარია, არ გადასცდეთ ამ დავალებისათვის გამოყოფილ სივრცეს, რადგან შესაძლოა დასკანერების დროს თქვენი ნაწერი მოიჭრას. შინაარსის მხრივ ყურადღება ექცევა იმას, თუ რამდენად ზუსტად და პირდაპირ პასუხობთ მოცემულ დავალებას. არ არის საჭირო ზოგადი დაზეპირებული ფრაზების ხშირად გამოყენება. მთავარია, პირადი აზრი გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოსცეთ. ნაწერი მაღალი ქულით ფასდება, თუ მოსაზრება კარგად ჩანს, გამოყენებულია მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები და მდიდარი ლექსიკა. აგრეთვე, თუ სრულად და არგუმენტირებულად პასუხობს დავალებას, შეცდომები არ არის, ან დაშვებულია, მხოლოდ ერთი მართლწერის შეცდომა და სხვა.

- რა შემთხვევაში ფასდება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომი ნული ქულით?

- სხვადასხვა დავალების შეფასებისათვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. ამ კრიტერიუმებით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში იწერება 0 როგორც ცალკეული კომპონენტის, ისე მთელი ნაშრომის შეფასებისას. გარდა კრიტერიუმებისა, როგორც მთელი ტესტის, ისე ცალკეულ დავალებათა ინსტრუქციებში მითითებულია ის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის დავალება ფასდება ნული ქულით. ასე მაგალითად, ნაშრომში დაუშვებელია აბიტურიენტის სახელისა და გვარის ან იდენტიფიკაციის სხვა საშუალების მითითება. ის დავალება, რომელშიც ამგვარი მითითება იქნება, შეფასდება ნული ქულით.

- მათემატიკის ღია კითხვებში ამოხსნა თუ სწორადაა დაწყებული და ბოლოს შეცდომას უშვებს აბიტურიენტი, კითხვა ნულდება, თუ სწორ მონაკვეთში რაიმე ქულა იწერება?

- თითოეული წერითი დავალებისათვის იწერება შეფასების სქემა, რომელიც განსაზღვრავს ამოცანის ამოხსნის ესა თუ ის ეტაპი რამდენი ქულით ფასდება. მაგალითად, თუ ამოცანა არის 3 ქულიანი, მაშინ კონკრეტული აბიტურიენტის ნაშრომი შეიძლება შეფასდეს, როგორც 0, ასევე 1, 2 ან 3 ქულით. ამას არეგულირებს შეფასების სქემა.

- გეოგრაფიის ღია დავალებებში რამდენიმე პასუხიდან ერთი რომ მცდარი იყოს, არ შეფასდება ნაშრომი?

- როცა კითხვის პირობის მიხედვით მოთხოვნილია რამდენიმე პასუხის გაცემა, მაგ.: აუცილებელია 2 გეოგრაფიული ობიექტის დასახელება, აბიტურიენტმა უნდა დაასახელოს ორივე. ამ შემთხვევაში დაიმსახურებს 2 ქულას, თუ დაასახელებს მხოლოდ ერთს, მაშინ დაიმსახურებს 1 ქულას. ხშირია შემთხვევები, როდესაც გამოსაცდელმა არ იცის სწორი პასუხი და თავის დაზღვევის მიზნით ასახელებს 3, 4, 5 ან უფრო მეტ პასუხს, ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი დაიმსახურებს 0 ქულას. პასუხში უნდა აისახოს მხოლოდ იმ რაოდენობის ობიექტი, რამდენიც მოთხოვნილია კითხვის პირობის მიხედვით.

- მინიმუმ რამდენი ქულა უნდა ავიღო, რომ გრანტი მოვიპოვო?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგებს აჩვენებენ თქვენი კონკურენტები. 50-60%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია მინიმალურ დაფინანსებაზე ვიმსჯელოთ.

თამარ იაკობაშვილი