მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თვლიან, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი უნდა იყოს. მოსოს ტომში ამ საკითხის მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ლიდერობას ქალი ბევრად უკეთ გაართმევს თავს.
ტიბეტში მცხოვრები მოსოს ტომი თავისი ტრადიციებით, ცხოვრების ორიგინალური წესით და სახლის მოვლის განსხვავებული გზებითაა ცნობილი. არანაკლებ საინტერესოა მათი სოციალური სისტემა, სადაც ქალები პირველ ადგილს იკავებენ, მამაკაცებს კი მეორეხარისხოვანი როლები აქვთ.
თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოსოს ტომში ქალები უსაქმოდ არიან. ისინი სახლის საქმეებზე ზრუნავენ, ბავშვებს უვლიან, თევზაობენ, ნადირობენ, მიწას ამუშავებენ და ოჯახში არსებულ გამოწვევებზე თავად იღებენ პასუხისმგებლობას. მოსოს ტომში გოგონებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან ფიზიკურ შრომას, ეუბნებიან, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები უნდა იყვნენ და ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ.

მამაკაცები კი მათ საზოგადოებაში "დამხმარე" ადამიანებად აღიქმებიან. ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და ტურისტებზე ჰყიდიან. ქალებს თევზაობასა და ნადირობაში ეხმარებიან. ტომში ქორწინება მიღებული არ არის, რადგანაც მამაკაცს შეუძლია ოჯახის პარალელურად, სხვა ქალთანაც ჰქონდეს ურთიერთობა. მეტიც, მათ არც ბევრი პარტნიორის ყოლა ეკრძალებათ. თუმცა, თუ ქალი ხშირად გამოიცვლის პარტნიორს, შესაძლოა დაგმონ. ასევე, ქალებს სხვა ტომის მამაკაცებთან ურთიერთობა ეკრძალებათ. როდესაც შვილები იბადებიან, დედის სახლში რჩებიან და ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ბავშვებმა არც იცოდნენ, ვინ იყო მათი მამა. მათთვის ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა, რადგანაც ოჯახის ისტორია დედის ხაზით მიდიოდა. დიდი ხნის განმავლობაში მათ ენაში სიტყვა "მამა" სულ არ არსებობდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს წესი შეიცვალა. ახლა მამებს შვილების მონახულებისა და მათთვის საჩუქრების გადაცემის უფლება აქვთ. უფრო მეტადაც არიან მათ ცხოვრებაში ჩართულნი.

როდესაც ოჯახში გოგონა იბადება, ნამდვილი დღესასწაულია. გოგონას დაბადება მათთან ნაყოფიერებისა და სიმდიდრის სიმბოლოა. თუმცა, მოსოს ტომში ბიჭის დაბადება ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.
იმ დღეს, როდესაც ოჯახი ამის (ხელმძღვანელს) აირჩევს, საკუჭნაოს გასაღების გადაცემის მცირე ცერემონია ტარდება, სადაც საკვებისა და ყველა სახის ნედლეულის მარაგი ინახება. ასე ახალი ამის მიმართ დიდ ნდობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ. დროთა განმავლობაში, უკვე სიბერეში, ამ გასაღებებს ოჯახის უფროსი თავის მემკვიდრეს გადასცემს.