"დისკოს მოცეკვავეს" მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა. იგი ეკრანებზე 1984 წელს გამოჩნდა. ფილმის სიუჟეტი უამრავმა ადამიანმა, ფაქტობრივად, ზეპირად იცოდა. ხოლო იქ გაჟღერებული ჰიტები ცალკე ალბომად 1985 წელს გამოვიდა და მასაც ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. "დისკოს მოცეკვავის" პრემიერიდან 38 წელი გავიდა და ერთ დროს ყველასთვის საყვარელი მსახიობების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მითჰუნ ჩაკრაბორტი
მითჰუნი მრავალშვილიან, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ბიჭი ადრეული ასაკიდან ოცნებობდა, რომ მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კინოს სამყაროში აღმოჩნებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ქიმიკოსობა გადაწყვიტა, სწავლის პარალელურად კი ნახევარ განაკვეთზე კოსმეტიკის გაყიდველად მუშაობდა. ერთ დღეს კინოს ინსტიტუტში სტუდენტების მიღების შესახებ განცხადება წაიკითხა და გადაწყვიტა, ბედი ეცადა. თავიდან მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, რადგანაც ბიჭი ღარიბულად გამოიყურებოდა და ცუდად ეცვა. თუმცა, როგორც კი სიმღერა და ცეკვა დაიწყო, ეს დამოკიდებულება მაშინვე შეიცვალა. ბიჭს ბუნებრივი, თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა და რიტმს საოცრად გრძნობდა. მისი პირველი სერიოზული როლი ფილმში "სამეფო ნადირობა" შედგა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ "დისკოს მოცეკვავემ" მოუტანა. ფილმში მან საკუთარი თავი განასახიერა, რადგანაც რეალურ ცხოვრებაშიც ღარიბი იყო და დიდებისკენ მიმავალ გზაზე მარტო მიდოდა, თან თავდაუზოგავად შრომობდა. "დისკოს მოცეკვავის" ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მითჰუნმა უამრავი შეთავაზება მიიღო.
1995 წელს მითჰუნ ჩაკრაბორტი ინდოეთის ყველაზე სექსუალურ მსახიობად აღიარეს, ხოლო 1999 წელს ის "რეკორდების წიგნში", როგორც ყველაზე მეტი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, ისე მოხვდა. კერძოდ, მან მთავარი როლი 249 ფილმში შეასრულა. ახლა 71 წლისაა. ამ დროის განმავლობაში, 350-ზე მეტი როლი შეასრულა, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული ფილმებია: "ჯუნგლების კანონით", "სიყვარულის ტაძარი", "ცეკვა, ცეკვა".
თავდაპირველად მითჰუნი მოდელ ჰელენა ლიოკზე დაქორწინდა. მაგრამ, ეს ქორწინება მალევე განქორწინებით დასრულდა. მეორე ცოლმა, პოპულარულმა მსახიობმა იოგიტა ბალიმ, მითჰუნს სამი ვაჟი აჩუქა, მიატოვა კარიერა და თავი ოჯახს მოუძღვნა. მათი შვილებიც მსახიობები გახდნენ.
მითჰუნი საზოგადოების წინაშე კვლავ აქტიურად ჩნდება. ინდოეთში ცეკვების კონსურსში ჟიურის წევრადაც მიიწვიეს და თავადაც ასრულებს ხოლე ნომრებს. ოჯახში ერთი ნაშვილები ქალიშვილი ჰყავთ. ეს ამბავი კი საოცრად განვითარდა. ერთ დღეს ნაგავსაყრელიდან ატირებული ბავშვის ხმა გაიგონა. მსახიობმა ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა. მოგვიანებით კი, ცოლთან შეთანხმების შემდეგ, ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა. პატარას დიშანი დაარქვეს და სიყვარულით აღზარდეს. გოგონასაც ძალიან გაუმართლა, რადგანაც მითჰუნის ოჯახი ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და შეძლებულ ოჯახად ითვლება. კინოდან შემოსული ჰონორარები მსახიობმა სასტუმროების ბიზნესში ჩადო და ერთ დროს ღარიბი ბიჭი, საკმაოდ მდიდარ ადამიანად გადაიქცა.
კიმ იაშპალი
რიტას როლის შემსრულებელი მსახიობის, კიმ იაშპალის ბედი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მან კარიერა სამოდელო სფეროდან დაიწყო, მაგრამ მსახიობობაზეც ოცნებობდა. ამაში მას ცნობილი მსახიობი და რეჟისორი დენი დენზონგპა დაეხმარა. გავლენიანმა მამაკაცმა კიმისგან ნამდვილი ვარსკვლავი შექმნა. მაგრამ, მისი კარიერა ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენ ხანსაც დენისთან რომანი.
ისინი ერთად 10 წლის განმავლობაში იყვნენ. დაშორების შემდეგ გოგონა ეკრანზე აღარ გამოჩენილა. მის მიერ შესრულებული რიტას როლი კი ფილმის თაყვანისმცემლებს სამუდამოდ დაამახსოვრდათ. ახლა კიმ იაშპალი 60 წლისაა. მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გათხოვილია და ორი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს. ბოლო დროს კი სოციალურ ქსელებშიც იშვიათად ჩნდება.
კარან რაზდანი
კარან რაზდანი სემ ობეროიას როლს ასრულებდა. კარანმა სამსახიობო კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და დროთა განმავლობაში, რეჟისორობაც სცადა. იგი ინდოეთში რამდენიმე წარმატებული სერიალის რეჟისორია. ასევე, მონაწილეობდა გასართობი სატელევიზიო შოუების შექმნაში.
ახალგაზრდობაში ის მსახიობზე, პრია ტენდულკარზე იყო დაქორწინებული, მაგრამ მათი ქორწინება 7 წელი გაგრძელდა. პრიამ მეუღლე ღალატის გამო მიატოვა.
ომ პური
შემდეგი გმირი ომ პურია, რომელიც "დისკოს მოცეკვავეში" დევიდ ბრაუნის როლს თამაშობდა. პური ცნობილი მსახიობია, რომელსაც აღიარებენ არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ ინგლისსა და ამერიკაშიც. მას ფილმებში 250-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მსახიობის პირველი ცოლი მწერალი და რეჟისორი სიმა კაპური იყო, მაგრამ ეს ქორწინება 8 თვის შემდეგ დაიშალა.
მეორედ ჟურნალისტ ნანდინი პურიზე დაქორწინდა და მათ ორი შვილი შეეძინათ. მსახიობმა მთელი თავისი ძალისხმევა პროფესიისკენ მიმართა და ჯანმრთელობას ყურადღება აღარ მიაქცია. იგი 2017 წელს, 66 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
კალპანა აიერი
ფილმში ომ პურის ქალიშვილის, ნიკი ბრაუნის როლს ყოფილი მის ინდოეთი, კალპანა აიერი თამაშობდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ის კინოვარსკვლავად გადაიქცა. თუმცა, როგორც გოგონამ მაშინ აღნიშნა, სამსახიობო კარიერის გაგრძელება არ სურდა, რადგანაც ამისთვის ზედმეტად მკაცრად იყო აღზრდილი. იგი სარესტორნო ბიზნესში საკუთარ დასთან ერთად შევიდა, რომელიც შვილს მარტო ზრდიდა. მოგვიანებით რესტორატორი გახდა და დუბაიში მუშაობდა. ოჯახი არასოდეს შეუქმნია.
ახლა 66 წლისაა. ყოფილმა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ნანობდა, რომ არ დაქორწინდა და შვილები არ გააჩინა. მთელი თავისი სიყვარული კი დისშვილებს მიუძღვნა და დღემდე მათთან ერთად ცხოვრობს.
რაჯეშ ხანა
რაჯეშ ხანა არა მხოლოდ მსახიობი, არამედ პროდიუსერი და პოლიტიკოსი იყო. იგი ბოლივუდში დღემდე ერთ-ერთ ყელაზე გავლენიან მსახიობად ითვლება. რაჯეში მსახიობ დიმპალ კაპადიზე დაქორწინდა. მაშინ გოგონა 16 წლის იყო. 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გოგონამ ჩათვალა, რომ ქმარი კარიერის გაგრძელებაში ხელს უშლიდა, ამიტომაც ცალკე ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ და ოფიციალურად არასოდეს განქორწინებულან.
"დისკოს მოცეკვავის" გამოსვლის შემდეგ, რაჯეშის კარიერა დაღმასვლისკენ წავიდა, დაიწყო სმა და 2012 წელს მუმბაიში გაირდაიცვალა. მაშინ მისი მეუღლე მასთან ერთად იყო.