"ღმერთო, აწი როგორ უნდა შევხედო ამ ბიჭს თვალებში? ეს რა დამემართა? ასეთი სირცხვილი როგორ ვჭამე?" - ონლაინ რომანის გაგრძელება - მშობლები

"ღმერთო, აწი როგორ უნდა შევხედო ამ ბიჭს თვალებში? ეს რა დამემართა? ასეთი სირცხვილი როგორ ვჭამე?" - ონლაინ რომანის გაგრძელება

2022-07-26 11:32:37+04:00


ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

დასაწყისი


ოთხი საათისთვის სადღაც შეხვედრაზე წავიდა და გამოვიდა თუ არა კაბინეტიდან, ქეთის უთხრა, დღეს შეგიძლია სახლში ადრე წახვიდეო. ქეთიც, ხუთი ხდებოდა, წასასვლელად რომ გაემზადა, თან დამნაშავის სახით მკითხა, ხომ არაფერში გჭირდებიო.
- არა, ქეთი, წადი, გამოშუშდი შაბათ-კვირას, ბევრი არაფერი დამრჩა, მოვერევი, - დავამშვიდე მეგობარი და ჩემმა მზრუნველმა მზერამ იგი კარამდე მიაცილა.
ეჰ, დასვენების დღეები კარგს არაფერს მიქადდა. ისეთ ცუდ გუნებაზე ვიყავი, არც გოგოების ნახვა მინდოდა და აღარც მებოსი. ახლა მხოლოდ ერთი რამ მსურდა - ცალკე ბინა მქონოდა, მარტო ვგდებულიყავი და არაფერზე მეფიქრა.
სამუშაო მაგიდის მილაგება დავიწყე. ამით საქმეს წინ წავიგდებდი და ვინ იცის, იქნებ მის მოსვლამდე მომესწრო და გამესწრო აქედან.
სულ რაღაც ერთი წუთი დამაკლდა, არც კი - 59 წამი. ის იყო მაგიდა ჩავკეტე და ჩანთას წამოვავლე ხელი, რომ უცებ კარი გაიღო და მაჭავარიანი შემოვიდა. აშკარა იყო, ჩემთან ლაპარაკი უნდოდა, თანაც აუცილებლად სამსახურში.
- სამუშაო საათები დამთავრდა, - უკმაყოფილოდ წარმოვთქვი. მიკვირდა, რატომ იყო კარში გახიდული და დაჟინებით მომჩერებოდა.
- ბოდიში უნდა მოგიხადო, - ყრუდ ამოთქვა.
ამწუთას მეტეორი რომ ჩამოვარდნილიყო, ნაკლებად გამიკვირდებოდა, ვიდრე ეს მობოდიშება, თუმცა ვისარგებლე მისი ჯენტლმენური სვლით და გადავწყვიტე, ასე ადვილად არ მეპატიებინა.
- რატომ, მიხვდი, რომ შეცდი?
მან მხრები აიჩეჩა.
- ასე გამოდის. ყველა მომენტი გავააანალიზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბოდიში მქონდა მოსახდელი. გაწყენინე, არა?
არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ სულმა მოუსვენარი ფორიაქი ატეხა.
- ხანდახან არაჩვეულებრივად გამოგდის ჩემი შეურაცხყოფა, - უნებურად წამომცდა და თვალები ცრემლით ამევსო, ნერწყვი ძლივს გადავაგორე, - და ნუ მელაპარაკები ასეთი დამტკბარი ხმით, თორემ ვიტირებ, იცოდე!
- აუ, გთხოვ, რა, არ გინდა, ნენე! არ იტირო, თუ შეიძლება! - საშკამ ხელი ჩემკენ გამოიშვირა.
შევხედე. მის მზერაში გულწრფელ სინანულს და ჩემი ატირების შიშს ერთად დაებუდებინა. უეცრად ხელი ნაზად შეახო ჩემს ყელს და გადაწყვეტილება, ასე ადვილად მისთვის არ მეპატიებინა, უცებ სადღაც გაქრა.
- არც კი მიფიქრია, - ვუპასუხე და გამეღიმა.
მაშინვე შეეცვალა სახის გამომეტყველება. თითქოს მეტად აღარ შეუძლია თავის შეკავებაო, უცებ დაიხარა და თავისი ტუჩებით ჩემსას შეეხო.
ელდანაცემი გავქვავდი. ის კი ეგრევე გატრიალდა, თითქოს გაიაზრა, რომ რაღაც არასწორი ჩაიდინა.
- არაფერი მითხრა, მორჩა, მორჩა! - იყვირა უცებ, - ვიცი, რომ ეს არ უნდა გამკეთებინა, ამის დედაც! - გაბრაზებულმა შეიგინა, - მაპატიე, თუ შეგიძლია. არ იფიქრო, განგებ მოვიქეცი ასე. ზოგადად, არ მჩვევია თანამშრომლებთან ინტიმი. ამ წესს ყოველთვის მკაცრად ვიცავ, ახლა კი დავარღვიე და ვიცი, რომ არ მეპატიება, - ლუღლუღებდა თავისთვის.
- მიპატიებია, - ტუჩის მარცხენა კუთხე შევარხიე ღიმილის ნიშნად, - სინდისის ქენჯნა ნუ დაგტანჯავს.
- მადლობა. ახლა კი შეგიძლია წახვიდე, ნენე... არის შენში რაღაც... - აღარ დაამთავრა.
ჩანთა მხარზე გადავიკიდე, სასიამოვნო საღამო ვუსურვე და ოთახიდან გავედი.

არადა, საშკას კოცნამ... შემაქანა? შემარყია? შემამთვრალა? რაღაც ამდაგვარი მოხდა, რადგან მსგავსი არასდროს არაფერი განმიცდია. როცა რეზიმ მოულოდნელად მაკოცა, იმის შიშით, მიყვარს და ცდუნებას ვერ გავუძლებ-მეთქი, უკანმოუხედავად გავიქეცი, ამიტომ მის კოცნას გემო "ვერ ჩავატანე". ამასაც არ ველოდი, მაგრამ სულ სხვა რამ ვიგრძენი. მართალია, ეს არ იყო შეყვარებული მამაკაცის კოცნა, მაგრამ მაინც გამიხარდა. ნეტავ რა მიხაროდა?
პარასკევს განცდილის შემდეგ მთელი შაბათ-კვირა გონს მოსვლას მოვუნდი. თუ მთელი არა, უმეტესი ნაწილი მაინც.
ამას კოცნა შეიძლება არც ერქვა... უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ჩვენი ტუჩები, უბრალოდ, ერთმანეთს შეხვდნენ... გაცნობის მიზნით, ალბათ... და... ღმერთო, რა ღვთაებრივი სიამოვნება იყო ეს შეხვედრა!
იმ საღამოს შინ გაბრუებული ვბრუნდებოდი. თავში ოთხმოცდაცხრამეტი კითხვა მიტრიალებდა და ვერც ერთზე პასუხს ვერ ვპოულობდი. როცა სადარბაზოს მივუახლოვდი, ჯერ კიდევ მაკანკალებდა.
ნუთუ საშკა მომწონს? - ეს მეასე და ერთადერთი კითხვა იყო, რაზეც პასუხი მქონდა - ჰო, ასეა, ის მე მაღელვებს. რეზისთან ურთიერთობა ბოლო მომენტამდე მსუბუქი ცურვა იყო აშვებული იალქნებით, საშკასთან კი ჩემი ემოციები გიგანტურ ტალღებს ჰგავდა.
და მაინც, ეს ბიჭი არ ყოფილა მთლად კუნძივით უგრძნობი. მან ბოდიშიც კი მომიხადა, როცა მიხვდა, რომ შეცდა. სწორედ ამიტომ კინაღამ ავღრიალდი.
ვიცოდი, რომ პარასკევს მომხდარისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიმენიჭებინა. იმ დღეს, როცა ქეთიმ ახალი კოლექტივის წინაშე წარმადგინა და დაკომაც კუსავით "ფეხი გამოყო", ქეთიმ ხაზგასმით მიმანიშნა, საშკას ასეთი გართულებები არაფერში სჭირდებაო. ამის სრული დასტური კი საშკას ბოდიშები იყო. ლამის ლოყები დაიხოკა კაცმა, ეს რა დამემართაო.
ერთი სიტყვით, ყველაფერი გასაგებია, ამიტომ აქ წერტილი უნდა დაისვას და არავითარი მრავალწერტილი!

სამუშაო კვირის დაწყებისთანავე თავი ხელში ავიყვანე. ვხვდებოდი, რომ ჩემი ახალი უფროსი უკვე ცხრაასჯერ მაინც ინანებდა თავის ნამოქმედარს და მიმსგავსებულსაც კი არასდროს გაიმეორებდა.
ორშაბათს საშკა ერთობ თავაზიანი იყო, მაგრამ ამასთან - ზღვის ნაპირთან აღმართულ სალ კლდესავით შეუვალიც. მე ეს მომეწონა. ასე გააგრძელე, შეფ! - შევუქე გულში "სალკლდეშეუვალობა".
- საბუთებს აქ დაგიდებ მაგიდაზე და როცა მოიცლი, ხელი მოაწერე, - ჩვეული საქმიანი ტონით ვუთხარი და დოკუმენტები წინ დავუდე, თან გავუღიმე.
- ნენე, თუ შეიძლება შაბათისთვის ორ ადამიანზე მაგიდა დამიჯავშნე, კარგი? - მთხოვა მან.
საინტერესოა ვინაა ის იღბლიანი? ლიზი ტალახაძე? - გავიფიქრე და უეცრად თავს დამაცხრა გრძნობა, რომელიც ძალიან ჰგავდა ეჭვიანობას.
თავს ვაიძულე გამეღიმა, რათა მისთვის მეგრძნობინებინა, რომ სულ არ მაინტერესებდა, ვისთან ივახშმებდა - ლიზისთან, დიკასთან, ნათოსთან თუ რომანტიკულ ათეულში შემავალ სხვა ქალთან.
რა კარგი იყო, კოვიდის გამო რესტორნები რომ დახურეს ერთი პერიოდი. ხომ ვერ მოახერხებდა ახლა მორიგ "ახალ ვარსკვლავთან" დროს ტარებას? თუმცა რა დაუშლიდა? ბოლოს და ბოლოს, სახლში წაიყვანდა და ეგ იქნებოდა. ეს კიდევ უარესი. ამას ისევ რესტორანი სჯობდა.
ვითომ თავი დავიმშვიდე. ჰაჰ!!!
მაინც ვიმედოვნებდი, რომ მის საყვარელ რესტორანში თავისუფალი მაგიდა არ აღმოჩნდებოდა და საშკას შეკვეთის შესრულებას ვერ შევძლებდი. რაღაც უცნაური მემართებოდა. არ მინდოდა მისთვის შაბათი საღამო შემდგარიყო. შინაგანი ხმა მკარნახობდა, ყველა შესაძლო საშუალებით შევწინააღმდეგებოდი ამ შეკვეთას. რა მოხდებოდა, თუკი ადმინისტრატორს დავუმალავდი, რომ მაგიდას საშკა მაჭავარიანი უკვეთდა? გაიგებს თუ რა? არა, ამას ვერ ვიზამდი. უარის შემთხვევაში თვითონვე რომ დაერეკა და ეთქვათ, თქვენთვის ადგილი ყოველთვის მოგვეპოვებაო, მაშინ რომელ მდინარეში გადავმხტარიყავი? სასწრაფოდ უკუვაგდე შავ-თეთრი ფიქრები და დავრეკე. ვუხსენე თუ არა ჩემი შეფის სახელი, შეკვეთა მაშინვე მიიღეს.
ნეტავ ახლა სადმე გავიდოდეს. ცოტა ხნით მაინც. რატომღაც, მანერვიულებდა მეზობელ კაბინეტში მისი ყოფნა.
თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მივხვდი, რომ ამიერიდან ჩემი მიკროსამყარო მისი ოფისის კედლებში მოექცა.

სამსახურიდან გამოსული ისეთი მოშხამული ვიყავი, გეზი პირდაპირ ჩემი გოგოებისკენ ავიღე. ამინდი შეცვლილიყო, მზე ღრუბლებს ებრძოდა, რაშიც ქარიც აქტიურად ეხმარებოდა.
ჩემი მანქანა, როგორც ყოველთვის, სადღაც ჯანდაბაში დავაყენე და ლიფტთან მისულმა პირბადე გავიკეთე, რადგან ჩემ გარდა მას კიდევ ორი ადამიანი ელოდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი პირბადე არ გამომეყენებინა, რადგან სულს მიხუთავდა, მაგრამ სადაც აუცილებელი იყო, იძულებული ვიყავი. 
კარი, რა თქმა უნდა, ღია დამხვდა. ეთო და ელო შინ იყვნენ. ეთო, როგორც ყოველთვის, სამზარეულოში ტრიალებდა, ელო კი ოთახში, სარკის წინ წამოსკუპებულიყო და საგანგებოდ იპრანჭებოდა. ისეთ ადგილას დავდექი, რომ ორივეს დავენახე.
- პრივეტები! და-და-და-დააან! – საზეიმოდ დავჭექე და ნამცხვრებიანი ყუთი მაღლა ავწიე, - გამოვჩნდი, როგორც იქნა!
ატყდა ერთი წიოკი. რაც ის სამსახური დავკარგე და ეს სამსახური ვიშოვე, ეთო და ელო სულ ორჯერ ვნახე.
ერთი სამზარეულოდან გამორბოდა, მეორე ოთახიდან.
- შე უსინდისო! - ყვიროდა ეთო.
- საზიზღარო არსებავ! - მხარს უბამდა მეორე.
მე კი ვიდექი, ადგილზე ვტრიალებდი და თავზევით ნამცხვრიან ყუთსაც ვატრიალებდი.
როგორც იქნა, საყვედურებიც დამთავრდა და მოკითხვებიც. შეხვედრით გული ვიჯერეთ, ნამცხვარი დავჭერით და ყავას მივუსხედით. ელო საოცარი სიფრთხილით იდებდა პირში ლუკმას და ყავასაც თევზივით გადმობრუნებული ტუჩებით წრუპავდა.
- რას ინაზები, თუ იცი? - სიცილი ვერ შევიკავე.
- გოგო, პომადა არ მინდა მომცილდეს. პაემანზე მივდივარ. - ნახევარი ტონით დაუწია ხმას.
- ვაა, გადასარევი ამბავია. ესე იგი, ტყუილად იფშლუკებოდი? როდის გამოჩნდა? - გავიხსენე მისი გერა.
- არც არასდროს. ახალი მყავს! - გამომიცხადა და თავის უდიდეს სიამაყეს უდიდესი კმაყოფილებაც ჩააქსოვა.
- კაი, მართლა? - ცოტა დაუჯერებელი მეჩვენა ეს ამბავი.
- შენ კიდევ რა გიკვირს, ვითომ არ იცნობ! - ეთომ მხარზე გადაკიდებული სამზარეულოს ტილო ახლაღა მოიშორა და ცარიელი სკამის საზურგეზე გადაკიდა, - გაუაქტიურდა ახლა მიძინებული ტვინი და დილიდან ტვინი შეჭამა, რა ჩავიცვაო. ხომ იცი, როცა პაემანი ეჭყანება, მხოლოდ მაშინ ხდება ამის გაცოცხლება, სხვა დროს მკვდარია, ოღონდ დაუმარხავი. აჰა, მოვიდა შენი მშველელი და გირჩევს, რა უნდა ჩაიცვა, იქნებ ამის მაინც დაიჯერო!
- მოიცა, მოიცა! ჯერ ის მითხარი, ვის ხვდები, სად გაიცანი? - ჭამას თავი დავანებე და სახე ხელებში მოვიქციე. ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო.
- ქუჩაში. კინაღამ მანქანა დამაჯახა. - ჩაიფხუკუნა ელომ.
- რას ამბობ, გოგო! - შევიცხადე.
- ჯერ სად ხარ. ჰკითხე, ვინ არის-თქო! - განმსჯელი მზერით გადმომხედა ეთომ.
- ასეთი ვინაა? აფრიკელი თუ ჩინელი? - ჩემი ჭკუით, ვიხუმრე.
- დედააა! შენ საიდან იცი? - ელომ თეფშიდან თავი აიღო და ისეთი გამჭოლი მზერა მესროლა, თითქოს ყველასგან დაფარული საიდუმლო გამემჟღავნებინოს.
- რა საიდან ვიცი? - პირი დავაღე.
- ეს მაღადავებს, თუ როგორაა ამის საქმე, - აგდებული ტონით და ამრეზილი სახით ელომ ეთოს გადახედა, - წეღან არ თქვა ჩინელი თუ აფრიკელიო?
ახლა კი ჩავწვდი რაღაცას, მაგრამ ვაი!
- რა, ჩინელიც არის და აფრიკელიც? - გავიოცე.
- ჩინელია, ჩინელი, - ამოოხვრით მომიგო ეთომ და მაგიდაზე დაფრენილი ღამის პეპელა წკიპურტით მოისროლა.
- კაი რააა, - ორი სიტყვით ვუსაყვედურე დაქალს და ხელზე ხელი დავადე, - ცოტა აქეთ ვერავინ იპოვე?
- ვინც დამაფასა, ის ვიპოვე! - ჯიბრიანად წამოიძახა ელომ, უცებ წამოხტა, კოვზი გაჯავრებულმა სადღაც მოისროლა და სამზარეულოდან გავარდა.
მე ჩემი გაჭირვება მქონდა. ამათთან იმიტომ ამოვედი, ცოტა გულს გადავაყოლებ-მეთქი და უარეს დღეში ჩამაგდეს.
- რა საქციელია ახლა ეს? - გავფიცხდი, - მე რა შუაში ვარ?
- შეეშვი, ხომ იცი რა ტიპიცაა. - ჩემი დაშოშმინება სცადა ეთომ, - შენ ის მითხარი, როგორ შეეგუე ახალ სამსახურს?
- რა ვიცი, არის რა, - უარესად ჩამოვუშვი ცხვირი და თეფში განზე გავწიე, ჭამის მადაც დავკარგე ამასობაში.
- ნეტავ არ წამოსულიყავი იქიდან, დედოფალივით იყავი იქ, - დანანებით წარმოთქვა.
- აქაც ვიდედოფლებ, რომ მინდოდეს, მაგრამ მიღირს?! - ხელი ავიქნიე, ვითომ სულერთია-მეთქი, არადა გული მეგლიჯებოდა საშკას გახსენებაზე.
- ეჰჰჰ, - გულსაკლავად ამოიოხრა ეთომ, - ყველას ჩვენ-ჩვენი გაგვჭირვებია. მე ისევ არ დამიბრუნდა არც ყნოსვა, არც სუნი.
ეს არ იყო კარგის ნიშანი, მაგრამ მაინც გავამხნევე, აუცილებლად დაგიბრუნდება-მეთქი.
- ჩვენი კარის მეზობელივით თუ დამემართა, ჯობია, სულ არ დამიბრუნდეს. რასაც ვჭამ, ყველაფერს თივის გემო აქვს, სუნი კიდევ სულ მყრალი მცემს ან დამწვარი რეზინისო.
- მე წავედი! - კარის ზღურბლს ზღვასავით ღუღუნა ხმით მოადგა ამ დროს ელო და საზეიმო ღიმილით დაგვასაჩუქრა.
ორივემ უნიათოდ დავუქნიეთ ხელი "აბა შენ იცი"-ს ნიშნად და ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადავხედეთ...

ისე წამოვედი გოგოებისგან, ჩემი ამბების მოყოლა არ გამომივიდა. არადა, როგორ მინდოდა ვინმესთვის გამენდო ჩემი საიდუმლო. გული საზიზღრად მქონდა დამძიმებული. ნუთუ კიდევ ერთი უიმედო სიყვარული მელოდა? რა დავაშავე? ასეთი უტვინო რამ გამაჩინა! ჭკვიანი ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ, მე რა ეშმაკი შემიჩნდა? სანამ უნდა მეგონოს სიყვარული ის, რასაც მხოლოდ ბანალური რომანის ფურცლებში იპოვი?
შინ გვიან მივედი. ჩემებს უკვე ეძინათ. მეც ჩემს ოთახს მივაშურე და ჩავწექი.
სახლში სიჩუმემ დაისადგურა, ფიქრებში - საშკამ, ჩემს გულში კი სიბნელემ...
იმ დღემ არ ივარგა...

სამშაბათს საშკამ გამომიცხადა, ოთხაშაბათს ანაკლიაში მივდივარ საქმეზე და შაბათამდე ვერ ჩამოვალ, ამიტომ ორშაბათამდე ოფისში ვერ მოვალო. ლამის გული შემიღონდა. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. რა სულ აქეთ-იქით დადის ეს კაცი, სამსახურში ვერ დაეტევა?!
მერე ოფისიდან გავიდა და კარგა ხანს არ გამოჩენილა. მხოლოდ რამდენიმე საათი არ იყო, მე კი ჩემი დამემართა, ისე მომენატრა.
იმავე დღეს ქეთი გაცივდა. ისე აცემინებდა, მგონი, მთელ დერეფანში ისმოდა.
- წადი რა, სახლში, ჩაწექი, - შევთავაზე.
- მგონი, აჯობებს, თორემ რაღაც ძაან შემომიტია. შეიძლება სიცხეც მაქვს, - დაიწუწუნა და შუბლზე მოისვა ხელი. მიუხედავად ამისა, ხუთ საათამდე მაინც დარჩა.
ხუთშაბათს გამოვიდა სამსახურში, მაგრამ ისე ცუდად გამოიყურებოდა, დავუცაცხანე:
- შენი თავი თუ არ გეცოდება, ბავშვი მაინც შეიცოდე, გოგო! რას მოდიოდი დღეს, ვერ ხედავ, რა დღეში ხარ? - ვუსაყვედურე.
- შენი მერიდება, სულ მარტო დაგტოვე, - ძლივს გამიღიმა.
- არ გრცხვენია? მოსარიდებელი რაა? ნუ გეშინია, არაფერს გავაფუჭებ. ექვსიანზე მივხედავ ყველაფერს. - გავეხუმრე.
- ვიცი, რომ მიხედავ, შენ ეგეთები არ გეშლება, მაგრამ...
- მიდი, მიდი, არავითარი მაგრამ!
- თუ რამეა, ხომ დამირეკავ? რამეში თუ გაიჭედები.
- არაფერში არ გავიჭედები, პირობას გაძლევ, - თბილად შევღიმე და ლამის ძალით გავაგდე კაბინეტიდან.
მისი წასვლის შემდეგ თავაუღებლად ვიმუშავე. ვიცოდი, რომ გვიანობამდე მომიწევდა დარჩენა, რათა ყველაფერი მომესწრო. საშკაც არ იყო, ამიტომ თავი არ უნდა შემერცხვინა. როცა ის ჩამოვიდოდა, ყველაფერი მოწესრიგებული უნდა დახვედროდა.
სადღაც ექვსი ხდებოდა, ქალაქის ტელეფონმა რომ დარეკა.
- გისმენთ, - ყურმილს პირველსავე ზარზე დავწვდი.
- კიდევ მანდ ხარ? მუშაობ? - გაისმა ხმა, რომლის გაგონებაზე მღელვარებამ შემიპყრო.
- ლუკმაპურისთვის თავს არ ვზოგავ, - სიცილით მივუგე.
- მეტი არაფრისთვის გყოფნის ხელფასი, დავიჯერო? - ჩაიცინა საშკამ.
- ვიხუმრე, უფროსო.
- ქეთი სადაა?
- ვერ იყო კარგად და ცოტა ადრე წავიდა. გაცივებულია, მგონი სურდო აქვს.
- ოო, ეგ ცუდია. რამე პრობლემები ხომ არ არის მანდ?
- არანაირი.
- ოო, ეგ კარგია. მაშინ ნახვამდის, ორშაბათს შევხვდებით, - თქვა და გამითიშა.
საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. ნეტავ რას ველოდი? მასლაათს გამიბამდა? უფროსია და რისი გაგებაც სურდა, გაიგო. მორჩა.
სამუშაო საათების დარჩენილი ძვირფასი წუთები იმაზე ფიქრს მოვანდომე, შაბათ დილით ჩამოვიდოდა საშკა თუ პარასკევ საღამოს. შაბათს ხომ რესტორანში მაგიდა ჰქონდა დაჯავშნილი. ყოველ შემთხვევაში, ოფისში რომ არ შემოივლიდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი.
უხალისოდ გავაგრძელე მუშაობა და მართლაც გვიანობამდე შემოვრჩი. ცხრა იყო დაწყებული, გუდა-ნაბადი რომ ავიკარი.

შინ მისულს სიურპრიზი დამხვდა. მებოს შემოევლო და მელოდებოდა. უზომოდ გამიხარდა მისი დანახვა.
- რატომ არ დამირეკე?
- ვიცოდი, რომ წუთი წუთზე მოხვიდოდი. ამასობაში მე და მამაშენმა ვინარდავეთ.
- და, რა თქმა უნდა, წააგე, არა? - გავუღიმე.
- უდავოდ. ბატონი გიორგის დამმარცხებელი ხომ ჯერ არ დაბადებულა! - თვალი ჩამიკრა ნებომ.
მამაჩემს შექება ერთობ ესიამოვნა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
- ჰოდა, ამ წაგებულ გულზე გადით ბავშვები ეგერ, სამზარეულოში და ბავშვური საქმეებით გაერთეთ, - ტრაბახნარევი ტონით მიგვითითა სამზარეულოზე, - ყავა დალიეთ, ბატონებო! - და გამარჯვებული სახით ესმას მიაშურა, რომელიც აივანზე სარეცხს ფენდა.
- თეთრაძე, ხვალ არ გინდა გავაჯაზოთ? - მებომ ხელი გადამხვია და სამზარეულოს კარში ორი ერთად ძლივს გავეტიეთ.
გაკვირვება მზერით გამოვხატე.
- საღამოს, მუშაობას რომ მორჩები მერე. ჩემი კურსელები ვიკრიბებით და ნენეც წამოიყვანეო, მთხოვეს.
- სიამოვნებით. მაგაზე უარს როგორ გეტყვი. შენთან ერთად ჯანდაბაშიც კი წამოვალ, - ვუთხარი და ლოყაზე ხმამაღალი "მპუას" დაყოლებით ვაკოცე.
- მაშინ ხვალ შვიდისკენ რომ გამოგიარო?
- ოკუ. ოღონდ ოფისში. სახლში მოსვლას ვერ მოვასწრებ. ისე, უნამუსო კი ხარ, ცოტა ადრე ვერ გამაფრთხილე?
- აი ემ სორი, ჩემო დეიდაშვილო, მაგრამ ასე გამოვიდა.
- ხოდა, ხვალ თავი უნდა მოვიკლა, რათა საქმე დავამთავრო, თორემ ჩემი უფროსი მივლინებიდან რომ დაბრუნდება, საყვედურებით ამიკლებს. თქვენც რაღა პარასკევი აირჩიეთ, შაბათი არ ჯობდა? - ავდუდღუნდი.
- შაბათს გამოვიძინებთ, გოგო, შენ რა გჭირს, შინაბერასავით რომ წუწუნებ? - შემომიტია მებომ.
- "სავით" კი არა, შინაბერა ვარ და მაგიტომაც ვწუწუნებ, - სიცილით მივუგე.
- არა, მართლა. მოასწრებ შვიდამდე?
- უნდა მოვასწრო.
- მაშინ პირდაპირ გამოპრანჭული წადი ოფისში და ყველას თვალები დაუყენე. გრანდიოზული გეგმაა, რას იტყვი?
- არაა, თან წავიღებ და იქ გამოვიცვლი. არ მინდა ვინმეს თვალში შევეჩხირო განსაკუთრებულად ჩაცმული, როცა უფროსი სამსახურში არ არის. იფიქრებენ, დრო იხელთაო.
- რა ვიცი, ბატონო, შენი საქმისა შენ იცი, - მხრები აიჩეჩა მებომ, - ყოველ შემთხვევაში, რვის ნახევრამდე დაბლა დაგელოდები, ფასიან ავტოსადგომზე. ლამაზად ჩაიცვი, ხო? მიყვარს, გვერდს რომ მიმშვენებ. ჩემს ძმაკაცებს შურთ ჩემი, რომ იცოდე, როცა ერთად ვართ, შენ ხომ ნამდვილი მარგალიტი ხარ! - გამიღიმა მებომ და თვალი კიდევ ერთხელ ჩამიკრა.
საბოლოოდ შევთანხმდით, რომ შვიდისთვის მოვიდოდა და თუ შემაგვიანდებოდა ჩამოსვლა, დამელოდებოდა, ოღონდ მაღლა არ ამოვიდოდა.
დილით კი თავისი მანქანით გამომიარა და სამსახურამდე მიმიყვანა. რადგან საღამოს ჩემი მანქანა აღარ დამჭირდებოდა, რატომ უნდა მეწვალა? ღამე სადგომზე რომ დამეტოვებინა, ფული მექნებოდა გადასახდელი.
მერე ნახევარი ღამე ჩემს გარდერობს ვატერორებდი, რომელი კაბა ამერჩია პარასკევ საღამოს ჩასაცმელად. მინდოდა მებოსთვის მესიამოვნებინა, თორემ საერთოდ არ მსურდა იმ საღამოზე წასვლა და გაბრწყინება.
რადგან საშკა ჯერ არ დაბრუნებულა მივლინებიდან, მე კი არ მსურდა გამოპრანჭულს სამსახურში მისვლა, კაბა და ფეხსაცმელი პარკში კოხტად ჩავდე და ისე წავედი ოფისში, ხოლო საღამოს, მებოს მოსვლის დრო რომ მოახლოვდა, ჩემს მცირე "ბარგს" ხელი დავავლე, კოსმეტიკის ჩანთა იღლიაში ამოვიდე და პირდაპირ ჩემი ბოსის სააბაზანოს მივადექი თავის მოსაწესრიგებლად და ფორმაში ჩასადგომად.
როგორც ვვარაუდობდი, ქეთი იმ დღეს ვერ მოვიდა, თუმცა დარეკა და მკითხა, იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში და რამეში დახმარება ხომ არ მჭირდებოდა. ისეთი ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა, მივხვდი, რომ უკეთესად კი არა, წინა დღესთან შედარებით უარესად იყო.
- შენი ჭირიმე, - მსუბუქად ვუსაყვედურე, - სამსახურზე კი არა, საკუთარ თავზე იფიქრე და კიდევ ბავშვზე. აქ ყველაფერი წესრიგშია, არ ინერვიულო. აჯობებს, თავს მიხედო და დროზე გამოჯანმრთელდე.
ექვსის ნახევარი იყო, როცა კმაყოფილი სახით "საქმეს შევუდექი".
პირველ რიგში, ჩემდა ჭირად, წყლის გადავლება მომინდა. თუმცა სანამ ამას ვიზამდი, ცოტა შევყოყმანდი. არა, ეს არ შეიძლება! - მეუბნებოდა ჩემი გონების ის საღი ნაწილი, რომელმაც იცოდა, რისი ნება მქონდა და რისი არა. რატომაც არა? - უკვირად გონების იმ მეორე ნაწილს, მთელი დღე გულმოდგინედ რომ მუშაობდა. ვიცოდი, რომ ორშაბათს, ათის ნახევარზე საშკას შეხვედრა ჰქონდა. ამიტომ მოვასწრებდი მისი პირსახოცის შინ წაღებას, გარეცხვას და უჩუმრად თავის ადგილზე დაბრუნებას. ჩემი ბოსი ვერაფერსაც ვერ მიხვდებოდა.
თმა სარჭით მაღლა ავიწიე, წყალი მოვუშვი და როგორც კი გაცხელდა, შხაპის ქვეშ დავდექი. თბილი წყალი მესიამოვნა, თითქოს ძალები შემმატა. დიდხანს არ დავყოვნებულვარ, უცებ მოვითავე ეს ერთობ სასიამოვნო საქმე.
ის იყო, წყალი გადავკეტე, აბაზანიდან გადმოვედი და ხელი საკიდრისკენ გავიწვდინე პირსახოცის ჩამოსაღებად, რომ რაღაც ხმა შემომესმა, თითქოს კაბინეტში ვიღაც შემოვიდა. ელდისგან გული გამიჩერდა. ნეტავ რომელიმე თანამშრომელი ხომ არ მეძებს? - გამიელვა გონებაში და გავისუსე.
წამიც და კარი გაიღო... ჩემს მტერს, რაც მე დამემართა...
- შენ... შენ ხომ აქ არ უნდა ყოფილიყავი დღეს... - ვლუღლუღებდი ერთიანად აჭარხლებული და დაზაფრული საშკას თვალს ვერ ვუსწორებდი. თავზარდაცემული ვერც ვინძრეოდი და ვერც იმას ვაცნობიერებდი, საიდან გაჩნდა ეს კაცი აქ, როცა სულ სხვა ქალაქში მეგულებოდა და ადრე რომც ჩამოსულიყო, წესით, ოფისში არ უნდა შემოევლო. ისღა მოვახერხე, ცალი ხელი ინსტინქტურად შიშველ მკერდზე ამეფარებინა, მეორით კი წელს ქვემოთ სიშიშვლე დამეფარა, მაგრამ მოვახერხე კი?
როგორც ჩანს, არც ის გახლდათ ჩემზე ნაკლებად დაზაფრულ-ზარდაცემული. მან შემფასებლურად შეათვალიერა ჩემი შიშველი სხეული, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ლეღვის ფოთოლივით გაფარჩხული ჩემი თითები ფარავდა.
- შენს ადგილას სწრაფად ჩავიცვამდი რამეს, - მშვიდად წარმოთქვა.
ისე დამცხა, როგორც არასდროს. რომ იტყვიან, სირცხვილისგან ორთქლი გამივიდა. სანამ გონს მოვეგებოდი და განძრევას მოვიფიქრებდი, საშკამ დინჯად ჩამოხსნა თავისი პირსახოცი და მომაწოდა. მერე კი ისე გავიდა სააბაზანოდან, ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ დრო გადიოდა და მებო უკვე დაბლა მელოდებოდა, ადგილიდან არ დავძრულვარ, კარგა ხანს აზრებს ვიკრებდი.
ღმერთო, აწი როგორ უნდა შევხედო ამ ბიჭს თვალებში? ეს რა დამემართა? ასეთი სირცხვილი როგორ ვჭამე? რა წყლის გადავლება მომინდა, სად მეგონა ჩემი თავი? - ფიქრები გონებაში ქარიშხალივით მიმოქროდა.
ვაითუ ისევ კაბინეტშია? იქნებ მელოდება, როდის გავალ? უფალო, მიშველე რამე, შენ დამიფარე! - ჩემს სიცოცხლეში რაც არ მითხოვია მამაზეციერისთვის, ახლა ყველა ერთად გადმოვულაგე.
ამწუთას ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რომ უფროსის ნებართვის გარეშე ვისარგებლე მისი სააბაზანოთი, თვითონ სიტუაცია უფრო მაღელვებდა.
ჩქარ-ჩქარა შევიმშრალე ტანი და ჩაცმას შევუდექი. თმა გავიშალე, სწრაფად ჩამოვივარცხე და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, რათა მეტხანს დავრჩენილიყავი აქ. იქნებ ამასობაში საშკა წასულიყო.
რა შესანიშნავი იქნებოდა, კაბინეტში გასულს იქ არ დამხვედროდა! აშკარაა, სამუშაოდ შემოიარა, მაგრამ ხომ შეიძლება გადაეფიქრებინა და წასულიყო? ამ შემთხვევაში ორშაბათამდე ვერ ვნახავდი. მანამ კი აზრზე მოსვლასაც მოვასწრებდი და იმის გააზრებასაც, თავი როგორ დამეჭირა შემდგომ.
მებო უკვე მელოდა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. გაბედე, ნენე, რაც იქნება, იქნება-მეთქი, შევუძახე ჩემს თავს და გავედი.
ერთ ხელში ის ტანსაცმელი მქონდა გადაკიდებული, რომელიც დღის განმავლობაში მეცვა, მეორეში კი ფეხსაცმელი და კოსმეტიკის ჩანთა.
როგორც კი კაბინეტში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ეს პარასკევი ერთობ თარსი გამოდგა ჩემთვის და იღბალი არ მწყალობდა.
საშკა თავის მაგიდასთან იჯდა. არა, არ მუშაობდა. უბრალოდ, იჯდა და მე მელოდა. როგორც კი დამინახა, ისეთი მზერა შემავლო, თითქოს ჩემს ჩაცმულობას საყვედურს უცხადებდა. წითელი კაბა მეცვა, ტანზე მოტმასნილი, მოკლე, მუხლამდე სიგრძის და მხრებმოშიშვლებული. ვიგრძენი, რომ ზუსტად ჩემი კაბისფერი დამედო სახეზე და თოვლიან ტოტზე ჩამომჯდარ ბეღურასავით მოვიბუზე.
მაჭავარიანი ადგა. მაღალქუსლიანი კი მეცვა, მაგრამ ჩემს ბოსს მაინც ქვემოდან ავცქეროდი.
- არც კი ვიცი, რა ვთქვა, - აღელვებულს ხმა ჩამეხრინწა.
- ამ საღამოს, როგორც ჩანს, უნდა შეუბერო, არა?
- უბრალოდ, დრო არ მქონდა, სახლში შემერბინა და გამომეცვალა, - თავი ვიმართლე.
- ამას ისედაც მივხვდი, - მშრალად მომიგო.
სიბრაზემ წამომიარა, მაგრამ რას გავაწყობდი, მე თავად ჩავიგდე თავი ამ მდგომარეობაში.
- უნდა წავიდე, მებო დაბლა მელოდება.
- ალბათ მადლიერი უნდა ვიყო, რომ შენი მებო აქ არ შემოიპატიჟე ზურგის გასახეხად და ქვემოთ ალოდინე. - გამჭოლი მზერა მომაპყრო.
რა სიამოვნებით გავულაწუნებდი ახლა, მაგრამ ვაი, რომ არ შემეძლო!
- უნდა წავიდე, - ცივად გავიმეორე და კარისკენ გავემართე.
ჩემდა გასაკვირად, უკან გამომყვა. ჩემს ოთახში სკამზე დადებული ხელჩანთა მხარზე სწრაფად გადავიკიდე და ლიფტისკენ გავექანე. იქაც მომყვა. გული ამოვარდნას მქონდა. რატომ მომდევს? ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხს ვერ ვპოულობდი.
ვესტიბიულამდე ჩამომაცილა. როცა ლიფტიდან გამოვედით, გამახსენდა, რომ მისი პირსახოცის წამოღება დამავიწყდა.
- ვაიმე, პირსახოცი დამრჩა! - შევდექი.
- რა პირსახოცი?
- რომელიც გამოვიყენე. მინდოდა შინ წამეღო, გამერეცხა და ორშაბათს დამებრუნებინა.
- და მე ამას ვერასდროს გავიგებდი, არა? - დამცინავად მკითხა, - არ ღირს ნერვიულობად, სხვები მიხედავენ.
ყველა კუნთი უკიდურესად დამეძაბა, ნაბიჯს როგორ ვდგამდი, თვითონაც მიკვირდა. გასასვლელ კარს რომ მივუახლოვდით, მოვუტრიალდი და დავემშვიდობე:
- ორშაბათამდე, უფროსო.
მან პასუხი არ გამცა და არც გაჩერება უფიქრია, გარეთაც გამომყვა. მივხვდი, რომ მომიწევდა მებოსთვის მისი გაცნობა.
გარეთ ჯერ კიდევ არ დაბნელებულიყო. ჩემი დეიდაშვილის "ბმვ" მაშინვე შევამჩნიე. როგორც ჩანს, იმანაც დამინახა და მანქანიდან გადმოვიდა.
- მაპატიე, რომ გალოდინე, - მოვუბოდიშე.
- შენნაირის დალოდება ღირს, - ღიმილით მომიგო მებომ და ლოყაზე მაკოცა. მერე კი საშკა შეათვალიერა.
- ეს ჩემი უფროსია, საშკა მაჭავარიანი. ეს კი მებოა, მერაბ ჭიშკარიანი, - ვაპირებდი დამემატებინა, ჩემი დეიდაშვილი-მეთქი, მაგრამ კაცებმა უკვე ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და მეც აღარაფერი ვთქვი.
სწორედ ამ დროს სრულიად მოულოდნელად გავაცნობიერე: სულაც არ მსურდა საშკას გაეგო, რომ მებო ჩემი დეიდაშვილი იყო. დაე, პაემანი ეგონოს, რას ვკარგავ?
როცა მანქანაში ჩავსხედით და დავიძარით, მერეღა მივხვდი, რა სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ახლა საშკა იცნობდა სულ მცირე სამ მამაკაცს მაინც, ვისაც ჩემთან შეხვედრა სურდა - მებოს, რეზის და თავისი კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს, ავთო მელაძეს. თაყვანისმემელთა არცთუ "ღარიბული" სია გამოდიოდა. გულში გამეცინა...
სასიამოვნო საღამო გამოვიდა. კარგი დრო ვატარე. შუაღამე გადასული იყო, როცა შინ დავბრუნდი. მებომ ბინის კარამდე მიმაცილა, მაგრამ არ შემოვიდა, გვიანაა და აჯობებს, სახლში წავიდეო. ერთმანეთი გადავკოცნეთ და დავემშვიდობე.
მდაა, რა მძიმე დღე მქონდა! - ვფიქრობდი, სანამ საძინებელს მივაშურებდი. ამიერიდან, სულ რომ ვკვდებოდე, არასდროს ვისარგებლებ საშკას სააბაზანოთი, ამით თუნდაც ჩემი ბედ-იღბალი წყდებოდეს!

გაგრძელება