"მის დანახვას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ რომ არ ამცდებოდა, ვიცოდი... თვალებში ცრემლის მოწოლა როგორც კი ვიგრძენი, მაგრად დავხუჭე, რომ არ ავტირებულიყავი" - მშობლები

"მის დანახვას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ რომ არ ამცდებოდა, ვიცოდი... თვალებში ცრემლის მოწოლა როგორც კი ვიგრძენი, მაგრად დავხუჭე, რომ არ ავტირებულიყავი"

2022-07-28 09:15:11+04:00


ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

დასაწყისი

ორშაბათ დილით მივდიოდი სამსახურში და ფეხები უკან მრჩებოდა. არ ვიცოდი, ბოდიში მომეხადა საშკასთვის თუ არა.
ქეთი ოფისში დამხვდა. დღეს უკეთ ვარ და სახლში აღარ გავჩერდიო.
- აქ არის? - ჩურჩულით ვანიშნე დახურულ კარზე.
- როგორც ყოველთვის, - ჩურჩულითვე მომიგო.
სხეული ერთიანად დამეჭიმა. ახლა მის დანახვას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ რომ არ ამცდებოდა, ვიცოდი. თუმცა ისეთ დროს დამიძახა, სულ რომ არ ველოდი. მართალია, ქეთი სამსახურში იყო, მაგრამ მაინც მე მიხმო, - ბლოკნოტი და პასტა შემოიტანე, რაღაც უნდა გიკარნახოო. ალბათ არ უნდა ქეთი ზედმეტად დატვირთოს-მეთქი, გავიფიქრე.
სანამ შევიდოდი, უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, ბოდიში არ მომეხადა. მაგიდას მივუჯექი, ბლოკნოტი და პასტა მოვიმარჯვე და შევხედე.
იმანაც შემომხედა და ვიგრძენი, როგორ გამიხურდა ღაწვები.
- როგორც ვხვდები, პარასკევი საღამო სასიამოვნოდ გაატარე?
- ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, - უარესად გავწითლდი, - სააბაზანოს ვგულისხმობ. ეს მეტად აღარ განმეორდება.
გაიღიმა:
- ამას რატომღაც, უკვე მივხვდი.
მტრული მზერა მივაპყარი, მაგრამ ამას მასზე იოტისოდენა შთაბეჭდილებაც არ მოუხდენია.
- მაშ ასე. რა გაკავშირებს მაგ მებოსთან? - მშვიდი ხმით მკითხა.
მისმა შეკითხვამ შემაცბუნა. მაჭავარიანი უკვე აღარ იღიმოდა.
- რა-ა?
- მეგონა, ცოლიანი მამაკაცები უკვე აღარ გაინტერესებდა. ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ცოლებს გაეყრებიან. მებო ჯიშკარიანს კი ჯერ კიდევ უკეთია საქორწინო რგოლი არათითზე.
გავოცდი. როდის მოასწრო მისი თითების შეთვალიერება? ან რაში დასჭირდა?
ხმა არ ამომიღია, უბრალოდ, ვიჯექი და მივჩერებოდი.
- სერ ჯონსონ ვაისმანს, - ამასობაში კარნახი დაიწყო და მეც სასწრაფოდ დავიწყე ჩაწერა.
ისე სწრაფად მკარნახობდა, რომ ჩემი კალამი ლამის დაფრინავდა ბლოკნოტის ფურცლებზე.
ოოოხხხ! გამაგიჟებს ეს კაცი!
სიბრაზისგან ვდუღდი, თან გამალებული ვიწერდი ნაკარნახევს. როგორ გამიხარდება, როცა ისევ მივლინებაში წავა!
- სასწრაფოდ გადამითარგმნე ინგლისურად და ამომიბეჭდე, დღესვე უნდა გავგზავნო! - მიბრძანა და გამომიშვა.

ოთხშაბათს შიდა ტელეფონზე დამირეკა და კვლავ მთხოვა მაგიდის შეკვეთა ორ კაცზე შაბათ საღამოს, ამჯერად სხვა რესტორანში და დააყოლა, ხუთშაბათს და პარასკევს ისევ გავდივარ ქალაქიდანო. აი, ხომ მინდოდა წასულიყო, მაგრამ ეს რომ მითხრა, რაღაც ჩამწყდა გულში. იმის გააზრებამ, რომ კიდევ ორი დღე ვერ ვნახავდი, ცუდ ხასიათზე დამაყენა.
- გასაგებია.
- რა არის გასაგები? - უკმაყოფილოდ მკითხა, - ამას იმიტომ გეუბნები, რომ ბათუმში მივდივარ და სასტუმროში ნომერი მინდა დამიჯავშნო. ქეთიმ იცის, სად მიყვარს გაჩერება და ჰკითხე. მოიცა! აჯობებს ორი ნომერი დამიჯავშნო.
- ორი? - გაოცებულს აღმომხდა. უარესად გავხდი, რადგან ამ წუთამდე მეგონა, რომ ჩემთვის სულერთი იყო, რომელ ლიზის, ნატას თუ ლიკას წაიყვანდა თან მორიგი მივლინებისას.
ვაა, რა საინტერესოა, ორი ნომერი რისთვის სჭირდება ნეტავ?
- კი, ორი. ვფიქრობ, აჯობებს, თუ შენ ცალკე ნომერში იქნები. იმედია, წინააღმდეგი არ ხარ. - მოულოდნელად "მახარა".
ამის გაგონებაზე თვალებიც აცაბაცა გამექცა და აზრებიც.
- შენთან ერთად მეც უნდა წამოვიდე?
- რახან ქეთი ვერ მოდის, შენ უნდა წამოხვიდე. რა არის ამაში გასაკვირი? - მოკლედ მომიჭრა.
ამას ნამდვილად არ ველოდი. აჯობებდა, ისევ ქეთი წაეყვანა, ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი.
ღრმად ამოვიოხრე. არ ვიცოდი, თუ მივლინებებში ქეთიც დაჰყვებოდა. მას ამის შესახებ ჩემთვის არასდროს უთქვამს.
- ჩვენ პარასკევ საღამოს დავბრუნდებით?
- რა იყო, მორიგი პაემანი გეჭყანება? პარასკევი ღამე ამოჩემებული გაქვს თუ როგორაა შენი საქმე?
- ჩემი საქმე ბრწყინვალედაა, უფროსო, - ცივად მივაგებე და კინაღამ დავამატე, "შენი საქმე როგორაა, საკითხავი ეგ არის-მეთქი", მაგრამ ეს ხმამაღლა არ გამიხმოვანებია, - კიდევ დამავალებ რამეს?
- დანარჩენს ქეთი გეტყვის, - გაღიზიანება შეეტყო ხმაში.
არ მესიამოვნა. ისეთი არაფერი მითქვამს, ჩემ გამო გაბრაზებულიყო. რა ეტაკა? ოხხხ, რა შარში გავყავი თავი, მინდოდა კი ასეთი სამსახური? სულ თუ ნერვები მომეშალა, რა ჯანდაბად მინდა ან ხელფასი, ან დაწინაურება?
წამიც არ გასულა, რომ ისევ დარეკა.
- შენ ალბათ ახლა თავს იმტვრევ, მე რაში ვჭირდები, თუ მივლინებაში მიდისო. მჭირდები და მაგიტომაც მიმყავხარ. ვიცი, რომ იტალიური იცი, ფრანგულიც და ინგლისურიც. კიდევ რომელ ენას ფლობ, შემახსენე?
- რუსულს.
- აჰაა... ეგ ჩვენში უცხო ენად ითვლება? - ჩაიცინა.
- მგონი, კი. - არც მე დავაკელი ირონია.
- კარგი, ხო, ვიხუმრე. შემთხვევით ესპანური ან ჩინური ხომ არ იცი? თურქულიც?
ვერ მივხვდი, მაშაყირებდა თუ სერიოზულად მეკითხებოდა, ამიტომ გაცოფებულმა მივახალე:
- არ ვიცი, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ერთ თვეში სამივე შემიძლია ავითვისო!
ყურმილი დადუმდა. ნეტავ როგორი სახე ჰქონდა ამწუთას? გაოცებული თუ ირონიული? ამას ვერასდროს გავიგებდი.
- მაგაზე ვიფიქრებ, სხვათა შორის, - სერიოზული ტონით მომიგო და ყურმილი დაკიდა.
ისე გავნერვიულდი, თავი ამტკივდა. ქეთიმ დამამშვიდა, ეგეთი გამოხტომები ახასიათებს ზოგჯერ, ამიტომ ყურადღება არ მიაქციო, ერთ ყურში შეუშვი და მეორიდან გამოუშვიო.
არ მიაქციო კარგია! გამომდიოდა რო?
- შენ ის მითხარი, დანარჩენს ქეთი გეტყვისო. რა დარჩა კიდევ სათქმელი? - დუდღუნით მივუბრუნდი.
- რა და, ლეპტოპი და პლანშეტი აუცილებლად უნდა წაიღო. მაგას ახლა იქ შეხვედრები ექნება თურქებთან, იტალიელებთან, შეიძლება ფრანგებიც იყვნენ, რა ვიცი. რახან ჩინური ახსენა, არაა გამორიცხული, მაგათაც შეხვდეს. ამიტომ წარამარა დასჭირდები პლანშეტით ხელში. არც ბლოკნოტი დაგავიწყდეს. შეიძლება ღამღამობით ლეპტოპში მოგიწიოს მუშაობამ, ამიტომ სრულად უნდა იყო შეიარაღებული. სასტუმროს ნომრებს მე შევუკვეთ, შენ მაგაზე არ იდარდო. ვიცი, სადაც უყვარს გაჩერება, - გამიღიმა ქეთიმ.
- მერედა, შენ მარტო შეძლებ მუშაობას? - მზრუნველად შევეკითხე.
- როგორმე გავართმევ თავს. თუ რამეა, ვინმეს დავსვამ ტელეფონთან და ეგ იქნება. მთავარია, შენით არ დარჩეს უკმაყოფილო.
- და რითი აპირებს წასვლას, ხომ არ იცი?
- მანქანით, რა თქმა უნდა.
- ააა... - მხოლოდ ეს ამოვთქვი და გავჩუმდი.
ვგრძნობდი, წინ ერთობ დამაინტრიგებელი მგზავრობა მელოდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სახლში მივედი თუ არა, მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი საშკას კომპანიაში მოხვედრით. ჩემთვის საინტერესო იყო მისი დავალებების შესრულება და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან მესიმპათიურებოდა ჩემი ბოსი.
მისვლისთანავე ვახშამი მოვამზადე მამაჩემისა და ჩემი დედინაცვლისთვის. მე პირი არაფრისთვის დამიკარებია. ისე ვიყავი აჟიტირებული, ჭამის თავი არ მქონდა. ჩემს საძინებელში გავედი და ბარგის სამგზავრო ჩემოდანში ჩალაგება დავიწყე.
ცოტა ხანში ესმამ შემოიხედა და აწუწუნდა. აქაც დაგეწყო მივლინებებიო? ისეთი ვერაფერი იშოვე, რომ მშვიდად დაჯდე კანტორაში და აღმა-დაღმა არ იწანწალოო?
ყელში მქონდა ამოსული ამ ქალის ვიშვიში. გულზე რომ არ ვეხატებოდი, გასაგები იყო, მაგრამ ჩემ გარეშე რომ არ შეეძლო, ამასაც ვხედავდი. ოღონდ მისი საკეთებელი მეკეთებინა და სიხარულით ამიტანდა, თუმცა თვალის დასანახავად ვერ მიტანდა. მე კი ერთი სული მქონდა, როგორმე ცალკე გადავსულიყავი. რამდენჯერ დავაპირე ამ საქმისთვის თავი მომება და ვერა და ვერ მოვიცალე.
აი, დავბრუნდები და მერე მე ვიცი! - დავიქადნე გულში, ესმას წუწუნი კი უპასუხოდ დავტოვე. მასთან კამათის სურვილი არ მქონდა.

დილით საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე და კომპანიაში გამოვცხადდი. ჩემოდანი მანქანაში დავტოვე და ოფისში ისე ავედი. საშკა უკვე მელოდებოდა. ოჰ, რა ფორმაში იყო! ბრწყინავდა. საოცრად ლამაზი მამაკაცი გამეჩითა. კინაღამ ინფარქტმა დამცხო მის დანახვაზე.
კაბინეტში შევედი თუ არა, არც მომსალმებია, ისე მკითხა:
- როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა?
როცა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, გასაღებების აცმას ხელი დაავლო და კარისკენ დაიძრა:
- წავედით.
ზვარაკად შესაწირი კრავივით მივყევი უკან.
სამგზავრო ჩემოდანი ჩემი მანქანის საბარგულიდან გადმოვიტანე. საშკამ ამის დანახვაზე ჩემოდანი ჩამომართვა და თავისი მანქანის საბარგულში ჩადო. მერე წინა სალონის კარი გამიღო და ღიმილით მანიშნა, ჩაჯექიო.
ჩავჯექი...
მეგონა, მარტონი მივემგზავრებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. საშკამ თავისი თანაკლასელი დაიმგზავრა, რომელსაც ცხრა წლის ქალიშვილი მოჰყავდა თან.
ერთხანს განუწყვეტლივ საუბრობდნენ, სკოლის ამბებს იხსენებდნენ და სიცილით იჭაჭებოდნენ. ძალაუნებურად მეც მეცინებოდა, რადგან მართლა სასაცილო რამეებს ჰყვებოდნენ. გოგიტამ, ასე ერქვა მის მეგობარს, "საიდუმლოდ" გამანდო, საშკას სკოლაში მეტსახელად მაჭარი შევარქვითო.
- მაჭარი რატომ? - გამეღიმა.
- იმიტომ, რომ მაჭავარიანი იყო და სხვა რა დაგვერქმია?
ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა.
- მე კი მეგონა, მის დაღვინებას არ ადგებოდა საშველი და იმიტომ, - მივუბრუნდი გოგიტას.
- არც უმაგისობა იყო, რომ იცოდე, - მან მაშინვე აიტაცა ჩემი ვერსია, - ეგ მაშინ დაღვინდა, როცა თავისი კომპანიის დამფუძნებელი გახდა, თორემ მანამ სულ მაჭარი იყო.
ახლა ამაზე ავხორხოცდით. საშკას არ სწყინდა, მეგობარი ჩემი თანდასწრებით ასე რომ ხუმრობდა მასზე, პირიქით, "ის როგორ იყო?"-თი ახალ თავგადასავალს შეახსენებდა ხოლმე.
კარგა ხანს ასე მხიარულად ვმგზავრობდით, მაგრამ ნახევარი გზა რომ გავიარეთ, მოთენთილობამ შეგვიპყრო და დავდუმდით. ყველა თავის ფიქრში ჩაეფლო. საშკა გზას ყურადღებით გაჰყურებდა და დინჯად მართავდა საჭეს. არც ძალიან ჩქარა მიდიოდა და არც ძალიან ნელა. პატარა თეკოსაც ჩაეძინა და ისე ჩავედით ბათუმში, თვალი არ გაუხელია.
როცა საშკამ გოგიტა და ბავშვი მითითებულ მისამართზე ჩამოსვა, მაშინვე სასტუმროსკენ გაეშურა და ახლაღა გამოაპარა მზერა ჩემკენ. მთელი გზის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შემომხედა. თავი ისე დავიჭირე, ვითომ ვერ შევამჩნიე, არადა, მაშინვე ვიგრძენი. ვიგრძენი კი არა, ჩემი "მესამე თვალით" დავინახე.
- ყოფილხარ ბათუმში? - მკითხა, როცა ისევ გზას დაუწყო ყურება.
- ბევრჯერ.
- მოგწონს აქაურობა?
- ისე რა.
უცებ დაამუხრუჭა და გაოგნებულმა გავხედე. ვერ მივხვდი, რა დაემართა, წინაღობა არაფერი შეგვხვედრია.
- "ისე რა"? მაგას სერიოზულად ამბობ?
- ჰო. რა არის ამაში გასაკვირი?
- რა ვიცი, მგონი, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ბათუმზე ეთქვას, არ მომწონსო.
- მერედა, როდის გითხარი, არ მომწონს-მეთქი?
- მმმ... არ ვიცოდი, "ისე რა" მოწონებას თუ ნიშნავდა.
- არც დაწუნებას ნიშნავს, სხვათა შორის. - ნიშნი მოვუგე.
- შენი აზრით, უფრო რომელს ჰგავს ეგ შენი "ისე რა"?
პასუხი არ გავეცი. რა მიხვედრა მაგას უნდოდა.
- მაინც რა არ მოგწონს?
- ქვიანი სანაპირო.
- სულ ესაა? - გაიოცა.
- კი, სულ ესაა.
- ვაა. რატომ, ქვიშის გირჩევნია?
- მირჩევნია.
- და ქვებმა რა დაგიშავა?
- ფეხისგულებს მტკენს, ვერ დავდივარ ქვებზე, - შევჩივლესავით.
უცებ ხარხარი ატეხა, თავი უკან გადააგდო და აღარ გაჩერდა.
მეწყინა. რა ვთქვი ასეთი სასაცილო?
- იცი რა? - "მირჩია", როცა სიცილით გული იჯერა, - ზღვის კალოშები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. თან ზუსტად იმისთვის, რაც შენ დისკომფორტს გიქმნის. თან ისეთი ფერადები, შეიძლება არჩევა გაგიჭირდეს. თან ყველა ზომის. მოდი, მე გიყიდი, კარგი? რა ზომა ფეხი გაქვს? - შემეკითხა, თავი გადმოხარა და ჩემს ფეხებს ჩააყოლა მზერა.
- 36. მაგრამ ნუ შეწუხდები, არ მიყვარს მაგეების ჩაცმა.
ისევ დაამუხრუჭა.
- არ დამიმალო და პირდაპირ, აქვე მითხარი, კიდევ რა არ გიყვარს, რომ ტყუილად არ შემოგთავაზო.
- ჩემს საქმეებში სხვისი ცხვირის ჩაყოფა, - მივახალე.
არ ესიამოვნა. ამის შემდეგ სასტუმრომდე ისე მივედით, ხმა არ ამოუღია. არც მე.

ჩემი ნომერი დიდი და ნათელი აღმოჩნდა. რატომღაც, ძალიან მიხაროდა, რომ ჩამოვედი. ზღვა ჩემი სტიქიაა, ისე მიყვარს, მისი დანახვა და ტალღების ხმის გაგონება გონებას მირევს. საათობით შემიძლია მის ლივლივს ვუცქირო და მარილით გაჯერებული მლაშე ჰაერი ხარბად ვყლაპო. თუმცა ამის შესახებ მასთან კრინტი არ დამიძრავს. თუ შემომთავაზებდა ზღვაზე საბანაოდ გასვლას, ხომ კარგი, თუ არადა, მე არავითარ შემთხვევაში ამაზე ხმას არ ამოვიღებდი. ყოველ შემთხვევაში, ორივე ვარიანტისთვის მზად ვიყავი. საცურაო კოსტიუმი მომქონდა. თანაც, ორი ერთად.
ცოტა ხანი დავისვენეთ, რახან ნამგზავრები ვიყავით, მერე კი სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში გავედით, სადაც თავის მომავალ პარტნიორებს უნდა შეხვედროდა. სამი თურქი დაგვხვდა იქ - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. უცნაური ის იყო, რომ თურქული იერი საერთოდ არ ჰქონდათ, ქართველებს უფრო ჰგავდნენ. საუბარი ინგლისურ ენაზე წარიმართა. საშკა თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად, ამიტომ ჩემი დახმარება არ დასჭირვებია, მაგრამ იმ სამთაგან ქალმა არც ინგლისური იცოდა და არც რუსული. ცოტა ფრანგული მესმისო, მოგვიბოდიშა და სწორედ ამაში გამოვადექი ჩემს ბოსს. მართალია, ქალბატონი ფარუხი ძლივს ამტვრევდა ფრანგულს, მაგრამ მაინც თავისუფლად ვიგებდი მის ნათქვამს და საშკას ინგლისურად ვუთარგმნიდი, რათა იქ მყოფ ორ თურქ მამაკაცსაც გაეგო.
საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ ლანჩზე ჩავედით, მერე ისევ მოლაპარაკებები გაგრძელდა. ასე რომ, საღამომდე კარგა ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
ერთი თურქი მამაკაცი, შედარებით ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიური იყო. მისკენ უფრო ხშირად გამირბოდა თვალი, რაც საშკას შეუმჩნეველი არ დარჩენია. როგორც ჩანს, იმასაც მოვეწონე, აზიზი ერქვა. საღამოს, როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ, ეს აზიზი მიუბრუნდა ჩემს უფროსს და ეუბნება, თქვენი თანაშემწე ჩაიზე რომ დავპატიჟო, თუ შეიძლებაო.
საშკა სიბრაზისგან ჭარხალივით გაწითლდა, თუმცა უხეშობისგან თავი შეიკავა და რაც შეიძლებოდა თავაზიანად უთხრა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ამიტომ ნენე უახლოესი ერთი საათი ვერ მოიცლისო.
მეც ალმურმა ამკრა, ეს რომ გავიგონე. არ ველოდი, ასეთი რამ თავში თუ მოუვიდოდა იმ თურქს, თორემ საერთოდ არ შევხედავდი. საშინელი უხერხულობა ვიგრძენი.
- ერთი საათის მერე შეძლებთ? ერთად ვივახშმოთ, - არ გაჩერდა აზიზი და ახლა მე მომიბრუნდა.
- ვშიშობ, ვერ შევძლებ, - ღიმილით გავაქნიე თავი, - ძალიან დავიღალე, დასვენება მინდა.
ამ დროს საშკა ოდნავ წინ იყო წასული და მგონი, ვერ გაიგონა, რა მკითხა აზიზმა, მაგრამ რაღაცას რომ მელაპარაკებოდა, შეამჩნია. უკმაყოფილო მზერა მესროლა და თავი მიაბრუნა.
როცა სასტუმროს კიბეზე ავდიოდით, ჯიქურ შემომხედა და პირდაპირ მკითხა:
- დაგინიშნა პაემანი? - თუ მისი ტონით ვიმსჯელებდი, აღფრთოვანებული ნამდვილად არ ჩანდა.
- იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებოდა, - მივუგე და როცა შევატყვე, რაღაცის თქმას აპირებდა, სწრაფად დავაყოლე, - უარი ვუთხარი. 
ჩაიღიმა.
- რატომ, რახან ჩემი პარტნიორი ხდება?
- არა, ქართველი კაცები დაილია? ოდესღაც ერთი მაინც გაახელს თვალს და შემამჩნევს, - ვთქვი და ენაზე ვიკბინე, ეს რამ მათქმევინა-მეთქი, რაღაც გამოწვევასავით გამომივიდა.
მანაც სწორედ ეგ იფიქრა, ისე შეთქმულივით გამიღიმა. როცა ჩემს ნომრამდე მიმაცილა, რომელიც მისი ნომრის გვერდით იყო, ჯერ შეყოყმანდა, მერე კი მაინც მკითხა:
- თუ არ ვცდები, სავახშმოდ გეპატიჟებოდა, არა? - და გაიღიმა.
მე კი ავკისკისდი, ის გამახალისა მისმა შეკითხვამ.
- შენ თითქმის ყველაფერს ამჩნევ, არა?
- ვცდილობ, - წარბები აზიდა და მხრები შეათამაშა, მერე კი დაამატა, - მართლა აზიზია ეგ შენი აზიზი.
კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე ჩემს ნომერს მივაშურე, მან - თავისას.
ალბათ გვიან ღამემდე იმუშავებს. ალბათ უკვე გახსნა თავისი ტყავის ჩანთა. ალბათ პერანგიც გაიხადა და სააბაზანოს მიაშურა...
საწოლზე გულაღმა გავიშხლართე. ცოტას დავისვენებ და მერე კომპიუტერს მივუჯდები. რაც დღეს ჩავინიშნე შეხვედრისას, ბოლომდე უნდა მოვაწესრიგო, რათა ბოსი უკმაყოფილო არ დამრჩეს. სამუშაო ცოტა არ არის, დრო სჭირდება. გამოძინებაც ხომ უნდა მოვასწრო?
საოცრად რბილი მატრასი იყო, ეგრევე ჩავეფალი, გემრიელად დაიძინებდა ადამიანი, თუმცა მე ძალიან ცუდად მეძინა.
იმიტომ, რომ ჯერაც ეიფორიაში ვიყავი.
იმიტომ, რომ კმაყოფილი დავრჩი ჩემი პირველი "გასვლითი" მუშაობით. იმიტომ, რომ დავალებას მშვენივრად გავართვი თავი.
იმიტომ, რომ საშკაზე ვფიქრობდი.
როცა მისი სახე გონებაში ამომიტივტივდებოდა, ჩემდა უნებურად მეღიმებოდა. როგორი უკმაყოფილო დარჩა, აზიზმა რომ დამპატიჟა. ნეტავ რატომ? იმედია არ ნანობს, ქეთის ნაცვლად რომ წამომიყვანა.
თვალები მივლულე და ღამის ჰაერი ღრმად შევისუნთქე...

ორი საათის მერე გამეღვიძა და ელდა მეცა. რამდენი დრო დამიკარგავს! ახლა აკრეფაც უნდა მოვასწროს ტექსტის, დალაგებაც, ჩასწორებაც და დაძინებაც. ამასობაში შეიძლება შემომათენდეს კიდევაც.
სასწრაფოდ ვიბანავე, პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევძვერი. თმა აღარ გავიშრე, რათა დრო არ დამეკარგა და მუშაობას შევუდექი.
არ ვიცი, რამდენი წუთი გავიდა, მაგრამ მოულოდნელობისგან შევხტი, როცა კარზე კაკუნი გაისმა. ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო ან რა უნდა მომხდარიყო?
კარი ოდნავ გამოვაღე. იქ საშკა იდგა. მან თავი გვერდზე გადახარა, თვალები მოჭუტა და თქვა:
- გიხდება ეგ პიჟამა.
- ამის სათქმელად მომადექი ამ შუაღამეს?
- ჯერ ერთი, შუაღამე არ არის, სულ რაღაც თორმეტი საათია. მეორეც, იმის სათქმელად მოვედი, რომ დილით გაღვიძება არ იჩქარო. ვიცი, ამაღამ ბევრი სამუშაო გაქვს. ძილიც ხომ უნდა მოასწრო. ხვალ დასვენებული და გამოძინებული მჭირდები, თან კარგ ფორმაში. აი, ახლა როგორც ხარ, ისე, - გამეხუმრა და წარბებითა და თვალებით ჩემს პიჟამაზე მიმანიშნა.
- ღამე მშვიდობისა, ბოსსს! - ბოლოში წავუსისინე და ის იყო, კარის მიხურვა დავაპირე, რომ ხელით გააჩერა.
- მოიცა, მოიცა! წამო, სადმე გავიდეთ, რამე ვჭამოთ.
- ამ შუაღამეს?
- ბათუმში სწორედ ამ დროს იწყება თუხთუხი.
- ხმ... - ჩავიფხუკუნე, მისგან ასეთი სიტყვა პირველად მესმოდა, თანაც სულ რამდენიმე საათის წინ დავნაყრდით, რა ჭამა აუტყდა? მივხვდი, ის აშკარად ელოდა, რომ უარს არ ვეტყოდი.
- არ მინდა ჭამა. - მივუგე, მაგრამ გულმა გამალებით დამიწყო ცემა. მოულოდნელად ამქვეყნად ყველაზე მეტად მასთან ერთად საჭმელად გასვლა მომინდა.
- შენ უნდა ჭამო, - თქვა.
ოხ, როგორ ვნანობდი, რაც ვთქვი. ვინ მექაჩებოდა ენაზე? მეთქვა, მეც მშია-მეთქი, განა ვინმე შემამოწმებდა?
- არა, მართლა არ მშია, თანაც ბევრი სამუშაო მაქვს. თუ მაინცდამაინც მომშივდა, საჭმელს ნომერში გამოვიძახებ. - იხტიბარი აღარ გავიტეხე.
გაოგნებული მომაჩერდა. ალბათ არ იყო მიჩვეული ქალისგან უარის მიღებას.
- როგორც გინდა, - ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა და წავიდა.
მგონი, საუკუნე გავიდა, სანამ კვლავ მუშაობის ხასიათზე დავდგებოდი. როგორ ვუთხარი უარი, ეს რა ვქენი? რა შანსი გავუშვი ხელიდან. რატომ ვაწყენინე? აწი, ალბათ, არასდროს არსად არ დამპატიჟებს. მაგრამ უკვე გვიან იყო თითზე კბებანი.
ვაღიარებ, რომ მის გვერდით თავს სულ უხერხულად და დაჭიმულად ვგრძნობდი. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მის სიახლოვეს რომ გავურბოდი.
როგორც იქნა, გავაგრძელე მუშაობა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ სასტუმროს შიდა ტელეფონმა დარეკა. ნომრების მომსახურებიდან რეკავდნენ.
- ბატონმა მაჭავარიანმა გვითხრა, რომ შეკვეთის გაკეთება გსურთ, - ქალის ხმა გაისმა.
თან გამიკვირდა, თან გამიხარდა. როგორც ჩანს, ჩემზე ზრუნავს. თანაც, უკვე რა დროა და კიდევ არ სძინავს. საინტერესოა, რა არ აძინებს? ხომ შეიძლება ჩემზე ფიქრობდეს?
რატომაც არა.
- მხოლოდ ყავა ამომიტანეთ, თუ შეიძლება, - ვუპასუხე ქალს და ჩემთვის გამეღიმა.

მეორე დილით, როგორც ველოდი, ოდნავ ცივად მომესალმა, თუმცა მე მაინც კმაყოფილი დავრჩი. რახან ჩემი უარით მისი განაწყენება შევძელი, ესე იგი, თავისი ადვილად მოსაჩვევი ქალების სიაში ვერ შემიყვანა. ეს კი ცოტათი მაინც ამამაღლებს მის თვალში.
იმ დღესაც გვარიანად ვიმუშავეთ. დილით კვლავ თურქებს შევხვდით და კონტრაქტი გავაფორმეთ, დღის მეორე ნახევარში კი იტალიელებს, ხოლო საღამო ჩინელების დელეგაციით დავაგვირგვინეთ. ჩინელები უცხო ენის ბაიბურში არ იყვნენ. თარჯიმანი ახლდათ თან, რომელიც, რატომღაც, მათ ნალაპარაკევს რუსულად გვთარგმნიდა.
- შენ რომ ბათუმი "ისე რა" მოგწონს, ზუსტად "ისე რა" მომწონს მეც რუსული, ამიტომ თუ თითი მაგიდაზე დავაკაკუნე, ესე იგი, რაღაც ვერ გავიგე და უნდა მითარგმნო, - გადმომიჩურჩულა საშკამ.
კინაღამ გამეცინა. კაცი წყალივით საუბრობდა ინგლისურად და რუსული არ ესმოდა. მე კი მამაჩემმა რუსულიც მასწავლა. სულ მეუბნებოდა, "მტრის ენა" უნდა იცოდეო. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, რატომ ერქვა რუსულს "მტრის ენა", მაგრამ მაინც მთელი მონდომებით ვსწავლობდი.
აი, იტალიელებთან კი სიამოვნებით ვიმუსაიფეთ. ისეთი სიმპათიური კაცები იყვნენ, თანაც ოთხნი, თვალი ზედ დაგრჩებოდა. ისინიც დიდი მოწიწებით მეპყრობოდნენ. სადილზეც დაგვპატიჟეს. საშკა კი იყო ცოტა დაძაბული, რადგან ვერაფერს იგებდა, სანამ მე არ ვუთარგმნიდი, მაგრამ ისეთი უშუალოები იყვნენ, შორიდან რომ შეეხედა ადამიანს ჩვენთვის, იფიქრებდა, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთანო.
- რას იტყვი, წამოვლენ პარტნიორობაზე? - მკითხა საშკამ, როცა მათ დავშორდით.
- აუცილებლად. ერთ კვირაში მეილით გამოგიგზავნით პასუხსო.
- ახლა იმაზე მომიყევი, რაც არ მითარგმნე.
- რა არ გითარგმნე?
- ეგ რომ ვიცოდე, არ გთხოვდი, მომიყევი-მეთქი.
- გეფიცები, ყველაფერი ზუსტად გადმოგეცი, - ვიწყინე და გავიოცე ერთდროულად.
- არა, საქმეზე ვიცი, რომ ზუსტად მითარგმნე, შენზე რას გეუბნებოდნენ, ეგ არ დამიმალო.
ყურებამდე გავწითლდი. საუბარში ერთი-ორი კომპლიმენტი მართლა მითხრეს, რაც ნამდვილად არ მითარგმნია, რადგან მე მეხებოდა და არა მაჭავარიანის საქმიანობას. ამას კი შეუმჩნევია.
- დავიჯერო, ასე ზედმიწევნით ამჩნევ ყველაფერს? - გაკვირვებული მივაჩერდი.
- რისი შემჩნევაც მინდა, ყველაფერს, - თავდაჯერებულად მომიგო, რამაც უდიდესი სიამოვნება მომგვარა. ესე იგი, მამჩნევს?

ჩინელებს ყოყმანიც არ დაუწყიათ, ისე გააფორმეს კონტრაქტი. ახლა მხოლოდ იტალიელების პასუხს უნდა დავლოდებოდით. რახან საქმეები მოვითავეთ, თბილისში დასაბრუნებლად გავემზადეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებებმა ჩინებულად ჩაიარა, საშკამ გული მაინც არ მოიბრუნა ჩემზე. ისევ ისე გულგრილად მეკონტაქტებოდა. უკანა გზაზე თითქმის არ ამოუღია ხმა, საჭმელადაც კი არ შეჩერებულა არსად.
მეც ხმაგაკმენდილი ვიჯექი. თვითონ არ სურდა ლაპარაკი და მე რა უნდა მეთქვა? საკუთარ თავთან ხომ არ გავაბამდი დიალოგს? სამაგიეროდ, ისე ჩამოვედით თბილისამდე, მაგნიტაფონი არ გაჩერებულა, ისეთი გუგუნი გაუდიოდა, ყური გამეხვრიტა.
- სახლამდე მიგიყვანო თუ სადმე ჩამოხვალ? - ძალზე ოფიციალურად მკითხა.
გულ-მუცელი ჩამეწვა. რად უნდოდა კითხვა იმას, რომ სახლამდე უნდა მივეყვანე?
- აქ გამიჩერე, - უკვე დიდი დიღმის გადასახვევთან ვიყავით და ისე გავმწარდი, იქვე გავაჩერებინე. აღარაფერი აღარ მინდოდა მისგან. მიკვირდა, რატომ მომწონდა ასეთი კაცი?
მანქანიდან გადმოვედი. თვითონ არც განძრეულა. საბარგულის ახდამაც მე მომიწია და ჩემი ჩანთის გადმოღებამაც.
- დიდი მადლობა, - ღვარძლიანად შევძახე ფანჯარაში და სამგზავრო ჩანთის გორიალით ტროტუარზე ავედი.
არც კი გამიხედავს, რა რეაქცია ჰქონდა. არც ის დამინახავს, როდის დაძრა მანქანა და წავიდა. თვალებში ცრემლის მოწოლა როგორც კი ვიგრძენი, მაგრად დავხუჭე, რათა არ ავტირებულიყავი. პირველივე ცარიელი ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი...
ბათუმის მოგზაურობა კარგად დაიწყო და ცუდად დამთავრდა.
ზღვასთანაც კი ვერ მივედი ახლოს, არათუ საშკასთან... ტყუილად წავიღე საცურაო კოსტიუმები... თანაც ერთი კი არა, ორი...
გაგრძელება