"ხშირია გულის გაჩერების უეცარი შემთხვევები, აგრესია, უძილობა, გასტრიტი..." - ენდოკრინოლოგი ენერგეტიკული სასმელების ზიანზე და აშკარა საფრთხეებზე - მშობლები

"ხშირია გულის გაჩერების უეცარი შემთხვევები, აგრესია, უძილობა, გასტრიტი..." - ენდოკრინოლოგი ენერგეტიკული სასმელების ზიანზე და აშკარა საფრთხეებზე

2022-08-01 04:52:20+04:00

ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ენერგეტიკულ სასმელს განსაკუთრებით ხშირად იყენებს. ამბობენ, რომ ამ გზით ენერგიის აღდგენასა და დღის განმავლობაში ძილიანობასთან გამკლავებას ახერხებენ. არაა იშვიათი, როცა ამ პროდუქტს ბავშვთა კატეგორიაშიც იყენებენ და მშობლები ამაზე არ რეაგირებენ. სინამდვილეში, რა ზიანის მოტანა შეუძლია ენერგეტიკულ სასმელს ადამიანის ორგანიზმისათვის, ვისთვის არ შეიძლება კატეგორიულად მისი მიღება და ჯანმრთელობის რა დამატებით რისკებს ქმნის - აქტუალურ თემაზე Mshoblebi.ge-ს მკითხველს ექიმი ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული ესაუბრება:- ენერგეტიკული სასმელების მოხმარება და გავლენა კვლევის საგანია სამეცნიერო საზოგადოებებში. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრი პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას, თუ სად ან რა შემთხვევებში უნდა მიმართონ ენერგეტიკული სასმელით გამოწვეული შემთხვევების დროს. რადგანაც ხშირია გულის გაჩერების უეცარი შემთხვევები გულის დაუდგენელი ან დადგენილი დაავადებების დროს და ასევეა მოხმარებასთან ასოცირებული ნერვული აშლილობის და აგრესიული ეპიზოდების გამოვლენის შემთხვევები.ზიანის პირველი მიზეზი კოფეინით ინტოქსიკაციაა - გულის რევის შეგრძნება, ღებინება, წნევის მატება, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, ზოგჯერ ჰაერის უკმარისობა, გახშირებული შარდვა, შფოთი, პანიკური ეპიზოდები, ძილის დარღვევა; გულძმარვა და შაქრის მომატება . მოხმარებელებს შორის ყველაზე აქტიური ჯგუფია 18-25 წლის ასაკის ახალგაზრდები. რა შემთხვევაში იღებენ ენერგეტიკულ სასმელს? ძირითადად ამ ასაკში ცხოვრების ორგანიზება ვერ ხერხდება; სხვადასხვა მიზეზით დარღვეულია დღის და ღამის რეჟიმი და ასევე პრობლემურია კვებაც. ენერგიის დეფიციტის რეალური მიზეზი შეიძლება დაუდგენელი იყოს და არ არის იშვიათი, როდესაც ადამიანი ცდილობს ენერგეტიკული სასმელის ეფექტით გადაფაროს მაგალითად რკინის და ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი, ან რომელიმე დაავადება, რომლის შესახებაც არ იცის.

- არიან ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით სვამენ, რამდენად იწვევს ამ ტიპის სასმელი დამოკიდებულებას და ასე ხშირად მოხმარება რა დამატებით რისკს წარმოადგენს?

- თითქოს აღნიშნული სასმელი უნდა იწვევდეს გონების სიფხიზლეს, ყურადღების კონცენტრაციის მომატებას. ზოგიერთი წყარო ან უფრო რეკლამა გვეუბნება, რომ კუნთის ამტანობას ზრდის. უდაოდ იწვევს ტაქიკარდიას, ტონუსის მატებას, ხანგრძლივი მოხმარებისას უფრო აგზნებადობას, წნევის მატების ეფექტით, სტრესის, შფოთის განცდას და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობას. გამოუძინებელი ადამიანი, რომელმაც ენერგია ვერ აღიდგინა, მეორე დღეს ისევ ცდილობს ენერგიის სწრაფად აღდგენას იგივე სასმელის მიღებით. კოფეინის მაღალი შემცველობის გამო აღნიშნული სასმელები იწვევს დამოკიდებულებას, რაც ხშირად რთული დასაძლევია და არ არის იშვიათი, რომ საჭირო ხდება ნევროლოგის და ფსიქოთერაპევტის მუშაობაც ამ მიმართულებით. ენერგეტიკული სასმელის რეგულარულ გამოყენებას ქრონიკული ზიანი მოაქვს ნერვული, გულ- სისხლძარღვთა და კუჭ ნაწლავის სისტემისთვის მხრივ. შეიძლება დაირღვეს მინერალების და ნახშირწყლების ნორმალური ბალანსი. ჩამოვთვალოთ : ხშირია არტერიული წნევის მატება; გულის აჩქარება, ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადება. მინერალების დისბალანსის გამო კუნთოვანი კრამპი, კრთომა, გაკვანძვა, შინაგანი თრთოლვა. ხშირად კბილების დაზიანების მიზეზია, ასევეა წონის მატება, ან წონის დეფიციტი მუდმივად საკვების ჩანაცვლების გამო და ფერტილობის პრობლემა.ცალკე გამოვყოფ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას. ანუ ენერგეტიკული სასმელის რეგულარული მოხმარება შაქრიანი დიაბეტის განვითარების კიდევ ერთი რისკ ფაქტორია. ჩვენს ქვეყანაში არ ექცევა ამას ასეთი ყურადღება, მაგრამ სხვა ქვეყნებში აღრიცხულია ფაქტები, როდესაც ენერგეტიული სასმელის მომხმარებლები სიცოცხლისთვის სარისკო აქტივობებში ერთვებიან, სამწუხარო შედეგებით.

- ენერგეტიკულ სასმელს ბავშვებიც ხშირად სვამენ - რა შეგიძლიათ ურჩიოთ მშობლებს, რა საფრთხე ექმნება ამით მათ შვილებს და როგორ უნდა გაუმკლავდნენ პრობლემას?

- ამერიკის პედიატრთა აკადემია აცხადებს, რომ კოფეინი და ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი მასტიმულირებელი ნივთიერებები სრულად მიუღებელია ბავშვთა და მოზარდთა რაციონში. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ბავშვებისთვის მისაბაძი არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ უცხო ადამიანებიც ხდებიან. უფროსებისგან მოსმენილი გაუაზრებელი ფრაზები ბავშვის ცნობიერებაში რჩება. ნებისმიერი ზრდასრულის როლი ხომ მნიშვნელოვანია კარგი მაგალითისთვის. ხშირი მითითება, აკრძალვა არაეფექტურია, მეტ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ძალიან საჭიროა გაცნობიერებული, გასაგები და მყარი არგუმენტები. არანაკლებად საჭიროა აგიტაციაში ჩაერთონ მასწავლებლები, გააცნონ ბავშვებს ზედმეტი კოფეინის, მათ შორის ენერგეტიკული სასმელების მოხმარების საფრთხის შესახებ. მოსწავლეების დამყოლობა სკოლაში მიღებულ მსგავს თემებზე გაცილებით მაღალია. საგულისხმო ფაქტი მოხდა ბრიტანეთში. ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის მოთხოვნით სკოლის ირგვლივ შეიზღუდა ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა, და მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა არ არსებობდა, ასაკობრივი შეზღუდვა მაღაზიებმა დააწესეს. სკოლის ბავშვებში საკითხი სწორედ ყურადღების კონცენტრაციის დარღვევის გამო დაისვა.

- ვისთვის არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელის დალევა კატეგორიულად?

- როგორც 18 წლამდე ასაკში, ასევე არ ვურჩევდი >50 წ ასაკის პირებს და განვმარტავ რატომ. ზოგადად ეს ასაკობრივი ჯგუფი მაღალი რისკის შემცველია ისეთი დაუდგენელი დაავადებების მხრივ, რომლებმაც შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. არ უნდა მიიღონ ორსულებმა და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა.

  • ასევე, ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემის მქონე პირებმა: გულის დაავადების დადასტურებული დიაგნოზის ან საეჭვო შემთხვევებში. არტერიული ჰიპერტენზიის დროს. რითმის დარღვევის დროს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, გულის გაჩერების შემთხვევები ენერგეტიკული სასმელის ჭარბი მოხმარებისას ჯანმრთელ პირებშიცაა დაფიქსირებული.
  • მკვლევრები ამტკიცებენ, რომ გულის რითმის ეს ცვლილებები არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ კოფეინის რაოდენობით, მაგრამ სავარაუდოდ, კოფეინთან სხვა მატონიზირებელი ინგრედიენტების კომბინაციით იყო გამოწვეული.
  • თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს. სიმსუქნის და შაქრიანი დიაბეტის დროს.
  • ალკოჰოლის მოხმარებისას, რადგან ცნობილია რომ ამ კომბინაციას თან ახლავს სიფხიზლის ილუზია და სარისკო ქმედების რისკი.
  • პირები, რომელებსაც წარსულში ჰქონდათ ან აქვთ კუჭ-ნაწლავის წყლული. ნერვული გადაძაბვისას, პანიკური ეპიზოდების არსებობის დროს და არ ვურჩევდი იმ პირებს, რომლებიც რეპროდუქტოლოგის მეთვალყურეობაზე არიან. დადასტურებული არ არის, მაგრამ მიმდინარეობს განხილვა, რომ ენერგეტიკული სასმელის რეგულარულად მომხმარებელ მამაკაცებში ხშირია უნაყოფობა.
  • არსებობს რეკომენდაცია რომ სპორტსმენებმა არ უნდა გამოიყენონ ენერგეტიკული სასმელები პოტენციური რისკების გამო, რაც იმედი მაქვს, ჩვენს სპორტულ სამყაროში განხილულია. რა თქმა უნდა, მეტი კვლევაა საჭირო.

- არის რაიმე დასაშვები ნორმა, როცა ადამიანს გარკვეული პერიოდულობით მისი მოხმარება შეუძლია?

- კოფეინის ნებისმიერი დოზით აუტანლობის შემთხვევაში, ბუნებრივია არ უნდა მიიღონ საერთოდ. გადავხედოთ რა არის კიდევ შემცველობაში. მატონიზირებელი დანამატებიდან პირველ ადგილზეა კოფეინი, ასევე ტაურინი, ლევოკარნიტინი, ჟენშენი, გუარანა. ცნობილია, რომ გუარანა იმაზე მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ყავის მარცვალი. ასევე, ჭარბი რაოდენობით ვიტამინები, შაქარი ან შაქრის შემცვლელი და სხვა დანამატებიც შეიძლება იყოს. ერთი შეხედვით ინგრედიენტები ნატურალურია, ყველასთვის ცნობილი და არ უნდა იყოს სახიფათო. მაგრამ, გადაუდებელი მიმართვიანობა ამ სასმელის გამოყენების გამო გაზრდილია. ანუ, შემადგენლობაში არაფიზიოლოგიური დოზებია. თუ გადაღლილი ადამიანი ფიზიკური დასვენებით ვერ შეძლებს ენერგიის აღდგენას, ენერგეტკული სასმელით ის მხოლოდ შინაგანი რესურსების გადახარჯვას მიიღებს.სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომ კოფეინი ერთ ქილაში შეიძლება 50-500მგ-მდე მერყეობდეს; შევადაროთ. შავი ჩაი შეიცავს 30მგ კოფეინს, ერთი სტანდარტული ჭიქა ყავა 100მგ ; გაზიანი სასმელები 34მგ ანუ რომ გავარკვიო, რამდენია ბევრი კოფეინი. 250მლ ენერგეტიკული სასმელი უტოლდება 1 ჭიქა ყავას. ყავის ჭარბი მომხმარებლებიც არიან, თუმცა ყავის მიღებისას ვიღებთ კოფეინს ან კოფეინს და შაქარს, დამატებით მატონიზირებლების გარეშე. ზრდასრულებისთვის 400მგ კოფეინის მიღება დღეში უსაფრთხოდ ითვლება როგორც ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA), ისე FDA ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ. 400 მგ-ზე მეტი რაოდენობით კოფეინის მოხმარებასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები მოიცავს ნევროტულობას, გაღიზიანებადობას, უძილობას, გახშირებულ შარდვას და მასთან დაკავშირებულ ელექტროლიტურ დისბალანსს, გულის რითმის შეცვლას და დისპეფსიას.

- იწვევს თუ არა ენერგეტიკული სასმელი წონაში მატებას ან მადის დაქვეითებას?

- ხშირად ახალგაზრდები აღნიშნავენ საკვების ხელმისაწვდომობის პრობლემას, რის გამოც ენერგეტიკული სასმელის მიღებაში მარტივ გამოსავალს ნახულობენ. მეორე კატეგორია, ნოყიერი საკვების მიღების შედეგებს „ეფექტურად“ იქარვებს. თუმცა, აღნიშნული სასმელის მოხმარებელთა შორის ხშირად გვხვდება სიმსუქნის და დარღვეული ნახშირწყლოვანი ცვლის შედეგები, გაძლიერებული მადა, მოთხოვნილება სწრაფად დანაყრების ეფექტზე და შაქრიანი დიაბეტის რისკი.

- ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზიანი, გამაგრილებელი სასმელები, ცივი ჩაი განსაკუთრებით აქტუალურია - რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა, რა რაოდენობით მოხმარებაა დასაშვები როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის და რა ზიანს იწვევს, თუ მათ დიდი რაოდენობით გამოიყენებენ?

- მივეჩვიოთ წყლის მიღებას. ზაფხულის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით აუცილებელია. მოვერიდოთ ნოყიერი, მარილიანი საჭმელის მიღებას. წყლის ცვლა უნდა ხდებოდეს აქტიურად. სითხის მიღება ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ წყურვილს ტკბილის მიღება არ კლავს, ის ორგანიზმში წყალს ვერ ჩაანაცვლებს. კოფეინი და შაქარი უფრო დროებით გამაფხიზლებელ ეფექტს იძლევა და შარდმდენი ეფექტი აქვს. ანუ, ჩვენ მაინც გვჭირდება წყალი. ასეთი ტემპით წყლის მოთხოვნილებისას, ტკბილი სასმელის მიღებით სიმსუქნის და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკი გაცილებით უფრო იზრდება, ვიდრე რეალური წყურვილის დაკმაყოფილება. წყალი გაცილებით უფრო ეფექტურად ატენიანებს ორგანიზმს. აწვდის ჟანგბადს და ხსნის მასთან დაკავშირებულ მოთენთილობას და გაბრუებას. თუ დილიდან საკმარისი რაოდენობით წყალს მივიღებთ, საერთოდ არ ჩნდება ტკბილი და გაზიანი სასმელის მიღების სურვილი. თამარ იაკობაშვილი