"დავრწმუნდი, რომ შრომისმოყვარეობას ყოველთვის მოაქვს შედეგი" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური შეფასება მიიღეს - მშობლები

"დავრწმუნდი, რომ შრომისმოყვარეობას ყოველთვის მოაქვს შედეგი" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური შეფასება მიიღეს

2022-08-01 07:53:50+04:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაიგეს. ჩვემ კი გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:

მარიამ ცხვედიანი 52-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. სამართალზე აბარებს და ამბობს, რომ კარგი შედეგის მიღწევაში ბევრი ფაქტორი დაეხმარა:

- მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ძალიან შრომატევადი იყო და მეც მთელი ენერგია ჩავდე, ვფიქრობ, ჩემს წარმატებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის მასწავლებელს, რომელთანაც ვემზადებოდი. მისი უზომოდ მადლიერი ვარ.
გარდა ამისა, მაქსიმალური ქულის მიღებაში დასახული მიზნის მიღწევისკენ სწრაფვის სურვილი დამეხმარა და სულ ვცდილობდი, საკუთარ თავზე მემუშავა. ყველა საკითხს თანაბარ ყურადღებას ვუთმობდი. დედა მასწავლებელია და ჩემს წარმატებაში მასაც დიდი დამსახურება აქვს. მამხნევებდა და ყველანაირად მეხმარებოდა არა მარტო როგორც მშობელი, არამედ როგორც მასწავლებელი.

ნინო ცერცვაძემ პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა და მენეჯმენტის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. მანაც გამოცდაში 60 ქულის მიღება შეძლო:

- შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრი ვიშრომე. თუმცა, მეცადინეობის პარალელურად, შესაძლებლობა მქონდა, რომ მეგობრებთან ერთადაც გამეტარებინა დრო. ვფიქრობ, რომ განტვირთვა აუცილებელია, მაგრამ შრომის გარეშე, წარმატებას ვერ მივაღწევდი. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველა თემას თანაბარ დროს ვუთმობდი, ძალიან მომწონდა ეს პროცესი, ვცდილობდი, შემესწავლა ავტორი, ეპოქა და მიმდინარე მოვლენები. ჩემს რეპეტიტორს ამ შედეგში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა ამისა, მგონია, რომ წიგნების კითხვის სიყვარულმაც განაპირობა მაღალი ქულა.

ზაზა ელიზბარაშვილმა კომაროვის სახლობის სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალ შეფასებას ელოდა, თუმცა წელს ახალი სტილის დავალებიდან გამომდინარე, მაინც გარკვეული დაბნეულობა იყო. საბოლოოდ, მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო, სწავლის გაგრძელებას კი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აპირებს:

- გრამატიკის საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში, მასწავლებელთან ერთად, სხვადასხვა თემაზე ვმუშაობდით და განვიხილავდით. გამოცდის მიმდინარეობისას, პატარა დეტალებსაც კი მივაქციე ყურადღება და შესაბამისად, მაქსიმალური ქულის მიღება შევძელი. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ზოგად განათლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და თემის წერისას, ეს კომპონენტიც მოიაზრება. უმეტესად წიგნები დამეხმარა, როგორც პროგრამული, ასევე არაპროგრამული. ბოლო წელს ვემზადებოდი და ამ შედეგში როგორც რეპეტიტორს, ასევე სკოლის მასწავლებელსაც დიდი როლი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ სწორი მიმართულება მოეცათ.

ლიზი ფანჩულიძემ ჭიათურის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და ის ერთ-ერთია, ვინც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლო.

- უკვე რამდენიმე წელია, მიზნად მაქვს დასახული, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო. შესაბამისად, ძალიან ბევრს ვშრომობდი. გარდა ამისა, ჩემი მასწავლებელი, ამ დროის განმავლობაში, ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციისა და შთაგონების წყარო იყო, რომელიც სულ ცდილობდა, ჩემივე შედეგი გამეუმჯობესებინა და უკვე მიღწეულით არ დავკმაყოფილებულიყავი. რაც მთავარია, დავრწმუნდი, რომ შრომისმოყვარეობას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ვემზადებოდი, ასევე კარგი შედეგის მიღწევაში წიგნები, ფილმები, ზოგადი განათლება დამეხმარა.

თამარ იაკობაშვილი