"მოგვატყუა, გამოცდებზე მაღალი ქულები ავიღეო, არადა, ბარიერიც ვერ გადალახა თურმე... მაინც თავზე აზის მთელს ოჯახს" - მშობლები

"მოგვატყუა, გამოცდებზე მაღალი ქულები ავიღეო, არადა, ბარიერიც ვერ გადალახა თურმე... მაინც თავზე აზის მთელს ოჯახს"

2022-08-06 10:22:28+04:00
"ყოველთვის მინდოდა მეცხოვრა სახლში, რომელსაც ექნებოდა პატარა ეზო ბაღით. მიყვარს ყვავილები და ზოგადად, მიწასთან ურთიერთობა მამშვიდებს. წლები დამჭირდა ჩემი ოცნების ასახდენად, ჯერ ისეთი არ არის, როგორიც მინდა იყოს, თუმცა ნელ-ნელა საბოლოო სახეს იღებს.

წელს შვებულება ვერ ავიღე, ვიფიქრე ეზოში პატარა აუზს ჩავდგამ და საღამოობით სამსახურის შემდეგ განტვირთვას მოვიწყობ-თქო. ერთად შევარჩიეთ მე და ჩემმა მეუღლემ და ეზოში პატარა კუთხე მოვაწყვეთ.
წვიმიანი ამინდების შემდეგ, როგორც იქნა მზემ გამოანათა.

სამსახურში ვზივარ და ვფიქრობ, როდის მივალ სახლში, რომ დავისვენო, ნანატრი შაბათ-კვირაც მოახლოვდა.
თვალი საათზე მიჭირავს, როგორც კი ექვსს წუთები დააკლდა, სასწრაფოდ შევაგროვე ჩემი ნივთები.
გარეთ ძალიან ცხელა, სუნთქვა მიჭირს, ჩემი აუზი ახლა შვება იქნება- ვფიქრობ გულში, გოგოები საღამოს კაფეში აპირებენ წასვლას, თავის ტკივილი მოვიმიზეზე, დღეს მარტო დასვენება მირჩევნია.

როგორც იქნა, თავი დავაღწიე საცობებს, მივუახლოვდი სახლს. კარი არ იყო ჩაკეტილი, ხმაური შემომესმა, გამიკვირდა. წესით, არც ჩემი მეუღლე უნდა ყოფილიყო სახლში, დღეს გვიანობამდე აპირებდა სამსახურში დარჩენას.
შევედი ეზოში და რას ვხედავ, უცხო გოგო-ბიჭები, ასე, ალბათ, 18-20 წლის, ჩემს აუზთან ნებივრობენ. ირგვლივ მიმოუფანტავთ სასმლის ბოთლები, კისკისებენ, მხიარულობენ.
ჩემი შესვლა ვერ გაიგეს, თუ არც შემიმჩნიეს, ვერ მიხვდი. სიბრაზისაგან უკვე ვეღარაფერს ვხედავ, ვგრძნობ, რომ სახეზე წამოვწითლდი, ცეცხლი მიკიდია.

"ვაა, თამ, მოხვედი?! - ღრეჭვით მეუბნება ნაცნობი სახე და თურმე მთელი ამ "ფართის" სულისჩამდგმელი, ჩემი უმცროსი მაზლი, რომელსაც მთელი ოჯახი ისე ანებივრებს და ატუტუცებს, გეგონება დიდი ვინმეც ჰყავდეთ.
ყველას თავზე აზის და ეს პატარა თავხედი, როგორც ჩანს, მეც გადმომწვდა.
სკოლა გასულ წელს დაამთავრა, გამოცდებზე მაღალი ქულები ავიღეო, მოგვატყუა, შემდეგ კი გამოჩნდა, რომ თურმე ბარიერიც ვერ გადალახა და დარჩა გარეთ. უმუშევარი და მუქთახორა, თავში უქრის და გართობის მეტი არაფერი ახსოვს.

"შემოგვიერთდი,"- აგრძელებს თავხედი, დანარჩენებიც გაღრეჭილები შემომცქერიან.
სიბრაზისგან და დაბნეულიბისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო. იმდენად დავიბენი, რომ თავში აზრადაც არ მომსვლია იმის გარკვევა, აქ როგორ შემოაღწიეს. გასაღები მარტო მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს. რა გამოდის, ლაშამ მისცა ნებართვა ჩემს გარეშე?!- ახლა უფრო ავენთე.

- თუ შეიძლება, დატოვეთ აქაურობა!-მაქსიმალურად ვცდილობ ზრდილობისა და თავაზიანობის ჩარჩოებს არ გავცდე. გონებაში ფლეშ კადრივით ათასი სცენარი წარმოვიდგინე, როგორ ვყრი კინწისკვრით თითოეულ მათგანს. პირველ რიგში კი ჩვენი ოჯახის "ამომავალ ვარსკვლავს" - მაზლს!

- ერთი წუთით მოდი...-თავისი ჭკუით ცდილობს "გამანეიტრალოს"- ახლა გოგოებთან ნუ შეგვარცხვენ ბიჭებს...

ისევ ხმამაღლა და მკაცრად ვიმეორებ, რომ წავიდნენ.
რადგან ჩემი მაზლია, თავზე ხომ არ უნდა დამაჯდეს, აქედან მოშორდნენ და სადაც უნდათ, როგორც უნდათ, რითაც უნდათ, ეტრაბახონ გოგოებს.

როგორც იქნა, იკადრეს და ადგნენ ზლაზვნით. აალაგეს თავიანთი ნივთები და დამიტოვეს ნაგავი, მაგრამ მაგას ვინღა სჩიოდა ოღონდ წასულიყვნენ.

-"ისტერიჩკა" - მომესმა ზურგს უკან ქირქილი, მივიხედე და გაკნაჭული გოგო ტუჩაბზეკილი, ირონიულად მიღიმის... ნაცნობი სახე აქვს, სადღაც მყავს ნანახი, ოჰ გამახსენდა, შეყვარბულად გაგვაცნო გასულ წელს, ერთ თვეში დაშორდნენ, ახლა შერიგდნენ ეტყობა... აგიშენდათ ოჯახი, ეს გაკნაჭული მაკლია ნათესავად, თავისნაირს თუ იპოვის, თორემ, აბა მუქთახორა ვის უნდა მოეწონოს ნორმალურს...

...ვზივარ გაოგნებული, ტუტუცი ბავშვების დატოვებულ ნაგავში, ესეც ჩემი შაბათ-კვირის დასვენება: გადავლილი და გადათელილი ეზო, სავსე ნაგვით...

მალე ალბათ ყველაფერს ჩაუკაკლავს დედამისს თავისი ინტერპრეტაციებით, „დედიკოს ბიჭი“.
მეტი არ მინდა ვინმემ საყვედურის კილოთი რამე მითხრას. ისწავლონ ჭკუა, ყველამ უნდა იცოდეს, სად გადის ზღვარი".

თამუნა, 29 წლის

alt "რამდენიმე დღეა სტუმრად ვარ მეგობართან დასავლეთში... ეს ყველაფერი ჩემი თვალით რომ არ მენახა, სხვას არ დავუჯერებდი"

alt "დედაშენი პირდაპირ ბოსლიდან მოვიდა ბავშვებთან, ისეთი სუნი იდგა, ფუუ.... ვერც ვეკარები საჭმელს, ხომ ხედავ?!" - რძლის ამ სიტყვებმა სამუდამოდ მოუკლა გული

alt"რად გინდა ძიძა... დაბადების დღის გადახდა რა საჭიროა ამ ასაკში, გგონია, დაამახსოვრდება?" - გაეცალეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ტოქსიკურად მოქმედებენ