ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებიც ანგრევს ქორწინებას და არც ბავშვის სწორად აღზრდას წაადგება - მშობლები

ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებიც ანგრევს ქორწინებას და არც ბავშვის სწორად აღზრდას წაადგება

2022-08-08 09:27:12+04:00
ოჯახში ბავშვის დაბადება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. თუმცა, შესაძლოა ის მშობლების ურთიერთობისთვის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდეს. ბევრი წყვილი სწორედ ამ პერიოდში იწყებს კამათსა და ერთმანეთის გრძნობებში დაეჭვებას. სპეციალისტები ასახელებენ იმ შეცდომებს, რომლებიც ამ რთულ და მნიშვნელოვან დროს არ უნდა დაუშვათ:

შეცდომა 1: ბავშვის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ერთი მშობლის მხრიდან

ჩვენს კულტურაში ჯერ კიდევ მიჩნეულია, რომ ბავშვის მოვლა-პატრონობა, განვითარება, დამშვიდება, მკურნალობა, გამოკვება, პირველ რიგში, დედის საზრუნავია. მამა კი მეორეხარისხოვან როლს ირგებს ხოლმე და ეს ტვირთი მთლიანად ქალს აქვს აღებული. თუკი რამ ცუდად მიდის, მაშინაც პასუხისმგებლობას დედას აკისრებენ და უამრავი დამთრგუნველი ფრაზით ამკობენ. მაგალითად, ბავშვი თუ ტირის, დედას საყვედურობენ, ეუბნებიან, რომ კარგი მშობელი არ არის. როცა ქალი ამ სიტუაციაში მარტოა, საშინელი შფოთვა და სასოწარკვეთა იპყრობს. მთლიანადაა გადართული შვილის საჭიროებებზე და ქმრის ინტერესებს აღარ (ვეღარ) ითვალისწინებს. ეს კი ურთიერთობაში ბზარს აჩენს. სტატისტიკა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტადაა მამა ბავშვის აღზრდაში ჩართული, მით უფრო თბილი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან. გახსოვდეთ, ბავშვს დაბადებიდან ორივე მშობელი სჭირდება და მასზე ზრუნვა, მოვლა და განვითარება ორივეს პასუხისმგებლობაა.

შეცდომა 2: დედის როლში "ჩარჩენა"

მეორე უკიდურესობა, რომელსაც ზოგჯერ ქალები აწყდებიან, დედობის როლის ისე მორგებაა, რომ მის გარდა ცხოვრებაში ინტერესის სფეროს ვეღარ ხედავენ. მთლიანად ბავშვზე არიან გადართულნი, ამ დროს კი ქმარი ფიქრობს, რომ ყურადღება აკლია და საკუთარ თავში უკმაყოფილებას იგროვებს. აპროტესტებს ცოლთან ემოციური კავშირის დაკარგვას, იწყება კამათი და გაუცხოება, რომლის აღმოფხვრაც შემდეგში ძალიან ძნელია. ამიტომაც, ნუ გადააქცევთ თქვენს ცხოვრებას მხოლოდ ბავშვის ირგვლივ მოძრავ სამყაროდ, დრო საყვარელ ადამიანებსაც დაუთმეთ, გამოხატეთ სითბო და სიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახურ ბედნიერებას ვერ შეინარჩუნებთ. უფრო ხშირად უთხარით ერთმანეთს "მიყვარხარ!", "გმადლობთ", "მაინტერესებს, რა გჭირს", "როგორ შემიძლია მხარი დაგიჭირო?" ამ სტრატეგიას მეცნიერულად დადასტურებული ბონუსიც აქვს: ემოციური სიახლოვე და პარტნიორისადმი ნდობა მხარდაჭერას აადვილებს.
mshoblebi

შეცდომა 3: წინასწარ არშეთანხმება იმაზე, თუ ვინ რა პასუხისმგებელობა უნდა აიღოს

მნიშვნელოვანია გააანალიზოთ, რომ ბავშვის დაბადებასთან ერთად როლების, დროისა და ფულის გადანაწილება საჭირო ხდება. ამ ეტაპზე კი აუცილებელია, კიდევ ერთხელ შეთანხმდეთ, ვინ რაზე იქნება ოჯახში პასუხსმგებელი, ვინ რას გააკეთებს, რა ნაწილზე იზრუნებს. თუ ამაზე წინასწარვე შეთანხმდებით, გადაჭარბებული მოლოდინები აღარ გექნებათ და ეს დამატებით კონფლიქტს აღარ გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ცხოვრება გაუთვალისწინებელი მოვლენებითაა სავსე და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმეთ, თუმცა მაინც ჯობს, რაღაცები წინასწარ გაარკვიოთ და მოვალეობებიც გადაინაწილოთ. შეთანხმების მთავარი აზრი ნუ დაგავიწყდებათ - ამას ერთად ჰარმონიული და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის აკეთებთ.

შეცდომა 4: უფლებას აძლევთ ახლობლებს, ზედმეტად ჩაერიონ თქვენს საქმეებში

აქ გარკვეული ზღვარის დადგენა აუცილებელია: რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მშობლებს სასარგებლო გამოცდილება, რჩევები სჭირდებათ, რომელთა გაზიარებაც უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეუძლიათ, თუმცა, ეს უნდა იყოს რჩევა და არა კრიტიკა ან თქვენს საქმეში გამუდმებით ჩარევა და მითითება, როგორ უნდა გახდეთ კარგი მშობელი. ბევრი უფროსი ამ დროს ცდილობს, საკუთარი აზრი, ხედვები ახალბედა დედას თავს მოახვიოს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ, თავაზიანად უთხრათ, რომ ეს მათი გამოცდილებაა, მადლობას უხდით რჩევისთვის, მაგრამ შვილის აღზრდის საკითხებში თავად მიიღებთ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ნათესავებს თქვენს მეუღლესთან კამათში ნუ ჩარევთ. თავად შეგიძლიათ ისაუბროთ, გაარკვიოთ, რა ჯობს თქვენი ოჯახისთვის და საერთო შეთანხმებას მიაღწიოთ, რადგანაც თქვენზე უკეთ პრობლემის შესახებ არავინ იცის.

შეცდომა 5: მუდმივი კრიტიკა, რომ ცუდი მშობელი ხართ

მსგავს სიტუაციაში ძალიან ხშირად ვერც დედა და ვერც მამა თავს ვერ აკონტროლებენ და ისმის მუდმივი კრიტიკა და ბრალდება, რომ ცუდი მშობლები არიან. მაგალითად, ქალები ქმრებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ეუბნებიან, რომ ბავშვის ბედი არ ადარდებთ. მამაკაცები კი ცოლებს ბრალად სდებენ, რომ ბავშვის გარდა აღარავინ აინტერესებთ და დროს არაეფექტურად ანაწილებენ.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მშობლობის როლთან შეგუება ორივე ადამიანისათვის ძალიან რთული და მნიშვნელოვანია. თავდასხმის ნაცვლად, ერთმანეთს მხარდაჭერა აჩვენეთ, უთხარით, რომ მის გვერდით ხართ და ერთად ყველა პრობლემის დაძლევას შეძლებთ. ამის შემდეგ კი თბილ და ჰარმონიულ ურთიერთობას შეუნარჩუნებთ და დროსაც სწორად გადაანაწილებთ.