"ისეთ ბინებს ვნახულობ, გეფიცები, შოკში ვარ" - ბინის ქირის რა ფასები დახვდებათ სტუდენტებს სექტემბრიდან - მშობლები

"ისეთ ბინებს ვნახულობ, გეფიცები, შოკში ვარ" - ბინის ქირის რა ფასები დახვდებათ სტუდენტებს სექტემბრიდან

2022-08-15 07:11:33+04:00


მომავალი სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტების უმრავლესობა სტუდენტებს დასწრებით სწავლებას ავალდებულებს. შესაბამისად, სტუდენტებს კვლავ მოუწევთ თბილისში ბინების დაქირავება. დღევანდელ ფასებს თუ გავითვალისწინებთ, თბილისში ბინის დაქირავება დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ოჯახისთვის. გაზრდილია ბინებზე მოთხოვნაც და ფასიც. ამის გამო სოციალურ ქსელში უამრავი ახალგაზრდა წერს და ამბობს, რომ ბინას ხელმისაწვდომ ფასში ვერ შოულობს:
  • ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ ეტაპს მშვიდად და დასვენებულად შევგებებოდი, ჰოდა, მგონი როგორც ჩამოვედი თბილისში, ისევ ისე ვბრუნდები უკან. 300, 400, 500 ლარად ბინა ვერ ვიშოვე, ხალხო, რა უბედურებაა, რამ გაგაღორათ და გაგაბოროტათ?! რას აქირავებთ, დაუფიქრდით ცოტა! ან რა ორი თვის ქირა! მადლობა თქვით, ეგეთ სოროებში ხალხი რომ შედის ან რა უნდა გაგიფუჭოთ წიგნებზე შემოდებული საწოლი თუ აგურებზე დაყრდნობილი კარადა, საიდან მოხვედით, რა დაგემართათ! არაადამიანებად იქეცით მგონი. რა რუსები, რა უკრაინელები - თქვენ არ ინდობთ თქვენს ერს.
  • 700 ლარში ისეთ ბინებს ვნახულობ, გეფიცები, შოკში ვარ. რა ხდება, ქართველებო? ზუსტად რომ სოროა - 20 კვადრატს 700 ლარში რომ გააქირავებ.
  • სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი უნდა აშენდეს და იდეალური იქნება, აღარ მოგიწევთ ტირილი და გოდება.
  • რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც თბილისში ნათესავი არ ჰყავს და ვერსად მიდის? ხომ შეიძლება, ცოტა გავითვალისწინოთ ერთმანეთის გასაჭირი. ზოგან მართლა არაადეკვატური ფასებია.

ამ ფონზე უნივერსიტეტები მკაფიოდ აცხადებენ, რომ სასწავლო წელი არადისტანციურ ფორმატში დაიწყება. განცხადებები და შესაბამისი ბრძანებულებები უკვე გაკეთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექმნიკური უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან.

სტუდენტთა რიცხვი საქართველოში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებში, წლიდან - წლამდე საგრძნობლად იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სტუდენტების რაოდენობამ 190 000-ს გადააჭარბა. აქედან უცნობია, ზუსტად რამდენი სტუდენტი სწავლობს თბილისში, მაგრამ დედაქალაქში არსებული უნივერსიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტების უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის და მათი უმრავლესობა, ბინას ქირაობს.

უძრავი ქონების გაძვირებასთან დაკავშირებით, უკვე არაერთი დაკვირვება და კვლევა ჩატარდა. თბილისში, რადიკალურად მოიმატა ბინების ქირის ფასმაც. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესდა, ქვეყანა უამრავმა რუსმა დატოვა და დროებით თუ სამუდამოდ საცხოვრებლად, სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრნენ. მათი დიდი რაოდენობა ჩამოვიდა საქართველოშიც, რამაც ბინის ქირაზე ფასი მინიმუმ გააორმაგა.

ყოველივე ზემოაღნიშნული, მნიშვნელოვან გავლენას, სწორედ იმ სტუდენტებზე ახდენს, რომლებიც სწავლის გამო, ბინას თბილისში ქირაობენ, ქირის ფასების მატების პარალელურად, კი მათ ოჯახებს შემოსავალი არ გაზრდიათ. აღნიშნულ ფაქტს და საცხოვრებლით უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო, თბილისში, ონლაინ სწავლების შენარჩუნების მიზნით, სტუდენტებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს,

უძრავი ქონების საძიებო, ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმაზე საქართველოში - SS.GE განთავსებული განცხადებებიდან, ჩვენ მიერ გადარჩეულ იქნა, სტუდენტებისთვის ხელსაყრელი პირობების, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით აღჭურვილი, გასაქირავებელი, ერთოთახიანი ბინები თბილისის ყველაზე მოთხოვნად უბნებში. შესაბამისად, სასწავლებლად დაბრუნებულ სტუდენტებს თბილისში, ბინის ქირის შემდეგი ფასები დახვდებათ:
ისანი - 650 - 1900 ლარი
სამგორი - 300 - 1600 ლარი
ვარკეთილი - 300 - 1200 ლარი
ვაზისუბანი - 350 - 1200 ლარი
გლდანი - 350 - 1600 ლარი
ნაძალადევი - 400 - 1700 ლარი
საბურთალო - 450 - 2300 ლარი
ვაკე - 550 - 2500 ლარი
დიდუბე-ჩუღურეთი - 350 - 1400 ლარი
დიღმის მასივი - 550 - 1500 ლარი
დიდი დიღომი - 500 - 1450 ლარი

როგორც უძრავი ქონების საძიებო პლათფორმის მონაცემებით ირკვევა, თბილისში კვლავ არის 300-500-ლარიანი ბინები, მართალია, შედარებით მიუდგომელ და ცენტრისგან საგრძნობლად მოშორებულ ადგილებში, ძველი რემონტითა და ავეჯით, მაგრამ საერთო სტატისტიკისთვის ვერ უგულებელვყობთ ამ ფაქტს.
მათი ფასი არ გაძვირებულა, სამაგიეროდ,  გაორმაგებულია ფასები ცენტრალურ და შედარებით ხელსაყრელ ადგილებში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდქალაქიც აქვს და სტუდენტებს შეღავათიან ფასში იქაც შეუძლიათ ბინის ქირაობა:
  • ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტისათვის - თვეში 50 ლარი;
  • ლისის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტისათვის - თვეში 150 ლარი;
  • ბაგების საერთო საცხოვრებელში სტუდენტისათვის, რომელიც ცხოვრობს მეუღლესთან ან/და შვილთან/შვილებთან ერთად - თვეში 100 ლარი
უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგ სტუდენტებს:
  • სტუდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;
  • უნივერსიტეტის სტუდქალაქში მაცხოვრებელი სტუდენტის და ან ძმა;
  • სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა;
  • სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში;
  • სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს საზღვრისპირა რეგიონში.

თამარ იაკობაშვილი, ლაშა ცაგარეიშვილი