ცნობილი პედიატრი თამარ ობგაიძე თავის
ფეისბუქბლოგზე ერთ სახალისო ამბავს იხსენებს:
როგორ ავირჩიოთ კარგი ბიჭი
ვიზიტზე ახალბედა დედა მყავს. 18 წლისაა. ლამაზი გოგოა, დიდი, ნათელი თვალებით და ცოტათი გულუბრყვილო გამომეტყველებით. 8 თვის ჩვილი მომიყვანა გეგმური მეთვალყურეობის ვიზიტზე. ბავშვმა ბავშვი მომიყვანა მოკლედ.
ვილაპარაკეთ საქმეზე - მოვლის, კვების, შემდგომი მეთვალყურეობის საკითხებზე. წასვლა არ უნდა, ვატყობ.
- კითხვები ხომ არ გაქვს კიდევ? - ვეკითხები.
და უცებ ამბავს მიყვება - უიღბლო სიყვარულის ამბავს. როგორ მიატოვა მისმა 20 წლის ქმარმა ჩვილი ბავშვით. ცოტა მე შემეშალა და ბევრი იმასო, ნიაღვრად მოსდის ცრემლები ლამაზი თვალებიდან.
აბა, სად დადიან გამოცდილება და ასაკი ერთად?! ჩემს აზრებს ვუზიარებ… დამშვიდდა. ცრემლი მოიწმინდა და მეკითხება:
- აუ, თამარ ექიმო, ერთ რამესაც გკითხავთ რააა. თქვენ ყველაფერი იცით და ეგეც გეცოდინებათ.
ვაჰ, მეც დავინტრიგდი. რა უნდა მკითხოს ამ პატარა მტირალა გოგომ?!
- რა თქმა უნდა, მკითხე.
- კარგი ბიჭი როგორ უნდა ავირჩიო? - დგას და აფახულებს დიდ, გულუბრყვილო თვალებს, სანამ მე გულიანად ვიცინი. ხდება ხოლმე ასეც.
ნდობა ბედნიერებაა!