ჩვეულებრივ, მშობლები ორთოპედთან ვიზიტზე ფიქრს მაშინ იწყებენ, როცა სიარულის და ფეხზე დგომის დრო დგება. მაგრამ ექიმები გვირჩევენ, ბავშვის ფეხებს მშობლებმა პირველივე დღეებიდანვე მიაქციონ ყურადღება. რატომ არის საჭირო ორთოპედთან რეგულარული ვიზიტი?
ბავშვი დაბადებამდე ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს ძალიან ვიწრო გარემოში ატარებს: ხელები და ფეხები მუცელზეა მიწებებული, სახსრები იკუმშება. ფეხის სახსრები კი განიცდის ძლიერ წნევას. ამ და ბევრმა სხვა მიზეზმა შეიძლება ძვალ-სახსროვანი სისტემის გარკვეული პრობლემები სიცოცხლის პირველ ეტაპზევე შექმნას.
პირველი სიგნალები
ექიმებმა შეიძლება შეამჩნიონ ნორმიდან გარკვეული გადახრები საავადმყოფოშიც კი. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ბარძაყის დისპლაზია, თანდაყოლილი ტერფმრუდობა და მოკლე კიდური.
ბავშვის სავალდებულო ვიზიტები ორთოპედთან საჭიროა 1, 3, 6 და 12 თვის ასაკში, შემდეგ - წელიწადში ერთხელ.
მენჯ-ბარძაყის დისპლაზია
მენჯ-ბარძაყის დისპლაზია ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული დაავადებაა და სახსრების განუვითარებლობით არის გამოწვეული.
თავიდან ეს დარღვევები უხილავია, მაგრამ დროთა განმავლობაში დისპლაზია ხელს შეუშლის ბავშვს ნორმალურად სიარულს. ამიტომ მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
რა შეიძლება გამოიწვიოს დისპლაზიამ, თუ დროულად არ ჩატარდა მკურნალობა:
- ხერხემლის გამრუდება;
- საწინააღმდეგო სახსრის ქვეამოვარდნილობა (მათ შორის - ჯანსაღი სახსრის);
- ოსტეოქონდროზის ნაადრევი განვითარება;
- მენჯის მდგომარეობის დარღვევა;
- აღნიშნულმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს დისპლაზიური კოქსართროზი, რომელმაც შეიძლება ნაადრევ ინვალიდობამდე მიგვიყვანოს
დისპლაზიის იდენტიფიცირებაში რამდენიმე ნიშანი გვეხმარება – მათი შემჩნევა დედასაც შეუძლია.
როდესაც ბავშვი წევს ზურგზე, მისი მუხლებში მოხრილი ფეხები ბოლომდე ვერ გადაიშლება. ეს სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ დისპლაზიის დროს, არამედ კუნთების ტონუსის მომატებითაც, რასაც მკურნალობს ნევროლოგი.
დუნდულოების ქვეშ და ბავშვის თეძოებზე ნაკეცები ერთმანეთის მიმართ ასიმეტრიულია: „პრობლემური“ მხარეს უფრო მეტია და უფრო გამოხატულია.
ერთი ფეხი მეორეზე ოდნავ მოკლეა. განსხვავება ყოველთვის არ ჩანს, როცა ბავშვი წევს ზურგზე, მაგრამ თუ ამ მდგომარეობაში მისი ფეხები მოხრილი და გვერდიგვერდ არის მოთავსებული, მუხლები სხვადასხვა სიმაღლეზე იქნება (ჩვეულებრივ, ისინი იმავე დონეზე არიან).
ბავშვის თეძოები ადვილად იშლება გვერდებზე, მაგრამ ამავე დროს ისმის დაწკაპუნება.
საგანგაშო სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ, ექიმი პატარას ულტრაბგერითი შემოწმებისთვის გაგზავნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგონების დიაგნოსტიკა - მათ უფრო ხშირად აქვთ დისპლაზია, ვიდრე ბიჭებს. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობა 6 თვემდე ჩატარდეს - ამ ასაკში სრულდება ბარძაყის თავის ჩამოყალიბება. მოგვიანებით კი სახსრის პოზიციის შეცვლა უფრო გართულდება.
თანდაყოლილი ტერფმრუდობა
თანდაყოლილი ტერფმრუდობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც რაც შეიძლება ადრე უნდა დადგინდეს და გამოსწორდეს. ამ რთული პაატოლოგიისას ფეხი (ერთი ან ორივე) და ტერფი ძლიერადაა შემობრუნებული შიგნით, თითქმის 90°-ით. მკურნალობა იწყება უკვე 2 კვირის ასაკიდან და, როგორც წესი, ექიმები და მშობლები ექვს თვეში ახერხებენ გაუმჯობესების მიღწევას. მარტივი ფორმის დროს ტერფები გასწორებულია სახვევებით, სხვა შემთხვევაში გამოიყენება თაბაშირის სახვევ-ჩექმა. თუ შედეგი არ არის, საჭიროა ოპერაცია.
მოკლე კიდური
ფეხის თანდაყოლილი დამოკლების დიაგნოზს ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში სვამენ. დღეს ამ მდგომარეობას წარმატებით მკურნალობენ ორთოპედიული ქირურგები. ოპერაცია ტარდება, თუ ფეხის სიგრძის სხვაობა 3-4 სმ-ს აღემატება. სხვა შემთხვევაში პატარას სპეციალური ფეხსაცმელი ან ორთოპედიული ჩექმა დაეხმარება.
მუხლების გამრუდება
როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს, მშობლებისთვის შესამჩნევი ხდება დარღვევები, რომლებიც ადრე არ ეტყობოდა. თუმცა ორთოპედები ამშვიდებენ მათ, რადგან ცხოვრების პირველ წლებში ეს მოვლენა აბსოლუტურად ბუნებრივია. სანამ ბავშვი საშვილოსნოს ვიწრო გარემოში იმყოფებოდა, წვივი და ბარძაყის ძვალი, თითქოსდა, გადახრილ მდგომარეობაში იყო. მაგრამ დაბადების შემდეგ, მოძრაობის თავისუფლების მოპოვების შემდეგ, კუნთები იწყებენ გაძლიერებას და ფეხები თანდათან სწორდება. ეს ჩვეულებრივ ხდება 2 წლის ასაკში, თუმცა ზოგიერთ ბავშვში პროცესი 3-4 წლამდე გრძელდება. ბავშვს სპეციალური კორექცია არ დასჭირდება, მაგრამ სასარგებლო იქნება ფიზიოთერაპიის კურსი (მასაჟი, ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, მიოსტიმულაცია და ა.შ.).
ზოგიერთი ბავშვის ფეხები ასო X ან O-ს წააგავს 3-4 წლის ასაკამდე. ეს ვიზუალური „დეფექტი“ ხდება იმის გამო, რომ ჩვილების ძვლები ბუნებრივად არათანაბრად იზრდება. თუ ბარძაყის შიგნით ზრდის ზონები უფრო აქტიურად ვითარდება, ჩნდება X-ის ფორმის გამრუდება, თუ გარედან - O-ის მსგავსი. ჩვეულებრივ, ფეხები თავისთავად სწორდება, მაგრამ ყოველ ექვს თვეში ერთხელ ბავშვი უნდა აჩვენოთ ექიმს. მნიშვნელოვანია, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს და ბავშვს არ ჰქონდეს სახსრების ტკივილი ან დისკომფორტი სიარულის დროს.
თუ ბარძაყსა და ქვედა ფეხს შორის კუთხე 6°-ზე მეტია, საჭირო იქნება მკურნალობა: ორთოპედიული ფეხსაცმელი, ასევე სავალდებულო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ფიზიოთერაპიული ვარჯიშები. მიზეზი, სახსრების თანდაყოლილი დეფორმაციებისა და კუნთების ტონის დაქვეითების გარდა, შეიძლება იყოს რაქიტი ან რაქიტის მსგავსი დაავადებები. ამ შემთხვევაში ბავშვს უნდა აკვირდებოდეს პედიატრიც.