როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე კონსტანტინე მელაძის და მისი ოჯახის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. პირველად მისი მეორე ცოლი ვერა ბრეჟნევი გადავიდა კიევიდან იტალიაში, სადაც წყვილს სახლი აქვს. მოგვიანებით კონსტანტინეც წავიდა იტალიაში, შემდეგ კი ყოფილი ცოლი და შვილებიც წაიყვანა. ცნობილია, რომ ვერა ბრეჟნევას არ აქვს კარგი ურთიერთობა კონსტანტინის შვილებთან. მისმა ქალიშვილმა ლიამ ერთხელ გაუმხილა ჟურნალისტებს, რომ კონფლიქტი არ აქვს, თუმცა არც ურთიერთობს დედინაცვალთან და მხოლოდ მამასთან აქვს კავშირი...
უცნობია, ახლა იტალიაში ერთად ცხოვრობენ კონსტანტინის პირველი და მეორე ცოლები თუ ცალკე უქირავა ან უყიდა მათ სახლი, თუმცა ფაქტია, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დიდი პრობლემები შეუქმნა მის შუათანა ქალიშვილს ლიას. 18 წლის ლიას მენტალური და ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, მედიკამენტოზური ჩარევაც დასჭირდა და როგორც თავად აღიარა, დედის რჩევით გადაწყვიტა ამაზე ხმამაღლა საუბარი, რომ სხვა ახალგაზრდებს დახმარებოდა.
ლია მელაძე მამასთან ერთად
ლიას მდგომარეობა ისე გართულდა, რომ ექიმმა პრეპარატები დაუნიშნა, მერე კი ჰოსპიტალიზაციაც გახდა საჭირო.
"ყველა იბრძოდა, რომ ისევ დამეწყო სიმღერა, მიმეღო სიამოვნება მზის ჩასვლით, ქარით, მეოცნება, შემყვარებოდა და ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. რამდენიმე თვე მენტალურად არასრულფასოვნად ვგრძნობდი თავს, ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა, არარეალური მეგონა. პარანოიდული ფიქრები მქონდა..." - ყვება ლია მელაძე, რომელიც შესანიშნავად მღერის და საზოგადოებამ ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში მშვენიერი გამოსვლის შემდეგ გაიცნო.
თავის მდგომარეობაზე საუბრისას, ლია ყვება, რომ ხანდახან მეხსიერებასაც კარგავდა და ხან კი ეგონა, რომ ვერასდროს იქნებოდა ბედნიერი. "ამ თვეებში ძალიან ბევრი ცრემლი დავღვარე, მაგრამ დედა და მამა სულ გვერდით იყვნენ... ყველაფერი, რასაც ვხედავდი, ბნელი იყო, ფაქტობრივად ფერებს ვერ ვარჩევდი, მეშინოდა სარკეში ჩახედვის, რადგან მეგონა, რომ იქ სხვა ადამიანი იყო".

შეგახსენებთ, კონსტანტინე მელაძეს თითქმის 20-წლიანი ქორწინება აკავშირებდა პირველ მეუღლესთან და სამი შვილი: 22 წლის ალისა, 18 წლის ლია და 17 წლის ვაჟი ვალერი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.