"ქალს შეუძლია, მამაკაცის პრიზი მიიღოს, ხოლო მამაკაცს არ აქვს შესაძლებლობა, ქალის პრიზს დაეუფლოს" - როგორ ნაწილდება სინამდვილეში საჭადრაკო ფულადი პრიზები ქალ და მამაკაც მოჭადრაკეებს შორის - მშობლები
რამდენიმე დღის წინ საჭადრაკო ტურნირებზე ქალთა და მამაკაცთა შორის პრიზების განაწილების სქემა კრიტიკის საგანი გახდა. საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ სქემის გასაჯაროვებამ, სადაც ჩანდა, რომ მამაკაცი მოჭადრაკეებისთვის განკუთვნილი ფულადი პრიზები უფრო სოლიდური იყო, ვიდრე ქალების.
სინამდვილეში, როგორია ტურნირებზე პრიზების გადანაწილების წესები და რა მოტივით განსხვავდება ქალთა და ვაჟთა ფულადი ჯილდოები ერთმანეთისგან - კითხვით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მივმართეთ:
"მამაკაცთა პრიზს "საერთო პრიზიც" შეიძლება ვუწოდოთ, მასში მთლიანი საპრიზო ფონდი იგულისხმება და არაა განკუთვნილი მხოლოდ მამაკაცებისთვის. თუ ქალი საერთო ტურნირში მამაკაცზე მაღალ ქულას დააგროვებს, ამ პრიზის აღების შესაძლებლობა აქვს. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცები უფრო მეტად ახერხებენ ხოლმე პრიზის აღებას, ამიტომ ქალები რომ არ დაიჩაგრონ, სწორედ ამიტომაა მეორე პრიზი დაწესებული მათთვის. ქალს მამაკაცის პრიზის აღება შეუძლია, ხოლო პირიქით, მამაკაცს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ქალის პრიზი მიიღოს. შესაბამისად, ქალთა უფლებები ამ მიმართულებით არ ირღვევა, რადგანაც მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ პრიზი მიიღონ. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ევროპის ქვეყნებშიც. ამ პროცესში რომ რაიმე დარღვევა, უთანასწორობა იყოს, ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე გვყავს და ისინი პირველები აიმაღლებდნენ ხმას. ვფიქრობ, დაბნეულობას, ტერმინები იწვევს. უცხოეთშიც ბოლო წლებია, "კაცის" ნაცვლად წერენ "ღიას". იქ ტურნირებში პრიზის დასახელებისას მითითებულია, როგორც "open" და "woman". ამიტომ, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ, რომ ტერმინებმა ინფორმაციის არასწორად აღქმა არ გამოიწვიოს. არსებული წესების მიხედვით, ქალს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ პრიზი მიიღოს" - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა, სოფო ნიკოლაძემ..
შეგახსენებთ, საკითხის ირგვლივ მსჯელობა მოჰყვა ახალგაზრდა მოჭადრაკის თამუნა ესაძის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც წერდა, რომ საჭადრაკო ფესტივალზე იგი იმაზე ნაკლები თანხით დააჯილოვეს, ვიდრე მამაკაცებისთვის იყო გათვალისწინებული. "ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა შეცდომა მეორე დღესვე გამოასწორეს. ეს კერძო ტურნირი იყო, თუმცა ფედერაცია ამ საკითხზე უახლოეს დღეებში მაინც იმსჯელებს და ინფორმაციას გამოაქვეყნებს," - აღნიშნავს ნიკოლაძე, რომელიც მავე თემას სოციალურ ქსელშივ გამოეხმაურა:
"ბოლო სამი დღეა ბევრჯერ მომიწია პასუხის გაცემა იმის თაობაზე, იჩაგრება თუ არა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში ქალთა უფლებები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში არ ირღვევა ქალთა უფლებები. პირიქით, მე რომ მკითხოთ, ვაჟთა უფლებები უფრო დასაცავია. თუმცა ქალებმა დაიმსახურეს საკუთარი შედეგით ფედერაციის განსაკუთრებული დამოკიდებულება. რაც შეეხება პრიზების განაწილებას, ქალს პირიქით პრიზის აღების ორი საშუალება აქვს - ქალებშიც და ვაჟებშიც... ვაჟებისგან განსხვავებით, რომლებიც მარტო თავის კატეგორიაში იღებენ პრიზს. პირიქით, ქალებისთვის გაკეთებულია შეღავათი თუ საერთო ტურნირში ვერ აიღებენ და როგორც წესი, ქალები ძალიან იშვიათად იღებენ საერთო ჩათვლაში პრიზს, შეუძლიათ ცალკე ქალთა შორის აიღონ პრიზი. თუმცა, ალბათ მაინც აჯობებს, სატურნირო ფონდის განაწილებისას გრაფა - "ვაჟები" შევცვალოთ ტერმინით "ღია"- როგორც ეს საერთაშორისო ტურნირებში დამკვიდრდა ბოლო წლებში, რომ ზედმეტი ახსნა-განმარტების გაცემა არ დაგვჭირდეს."