აქვს თუ არა უფლება დირექტორს, ცუდი ნიშნების გამო ბავშვს სკოლა დაატოვებინოს და რა ძალა აქვს სკოლის მიერ დანიშნულ გამოცდებს - განმარტავს სკოლის დირექტორი - მშობლები

აქვს თუ არა უფლება დირექტორს, ცუდი ნიშნების გამო ბავშვს სკოლა დაატოვებინოს და რა ძალა აქვს სკოლის მიერ დანიშნულ გამოცდებს - განმარტავს სკოლის დირექტორი

2022-09-07 08:24:07+04:00


მოსწავლის აკადემიური შეფასება მშობლებს ხშირად აღელვებთ და განსაკუთრებით მაშინ ნერვიულობენ, როდესაც შედეგი არადამაკმაყოფილებელია. რა შემთხვევაში ინიშნება ე.წ. საშემოდგომო გამოცდა, როდის შეიძლება ბავშვი კლასში ჩარჩეს და რა შემთხვევაში შეიძლება სკოლიდან გარიცხონ - მშობელთა აქტუალურ შეკითხვებზე თბილისის 177-ე საჯარო სკოლის დირექტორი გელა ოდიშელიძე გვესაუბრება:

- პირველ რიგში, მოსწავლის ასაკობრივი ჯგუფი გასათვალისწინებელია. ბუნებრივია, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან სხვა სტრატეგია გვჭირდება, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან - სხვა. დაწყებით საფეხურზე მშობელთა ჩართულობის ხარისხი მაღალი უნდა იყოს და აქტიური თანამონაწილეობის გარეშე, სასურველ შედეგზე ვერ გავდივართ. საბაზო და საშუალო საფეხურზე, დიდ წილად, პასუხისმგებლობა უფრო მოსწავლეებს ეკისრებათ და მათი მოტივაციაა გასათვალისწინებელი. ჩვენი დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა საბჭოთა განათლების სისტემისგან, რა თქმა უნდა, განსხვავდება და ჩვენ დღეს არ გვაქვს მორალური უფლება, რომ მშობელი მოვიწვიოთ და ვუსაყვედუროთ, რომ მისი შვილი არ სწავლობს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ მოსწავლეს მოტივაცია გაუჩნდეს, აკეთოს საქმე და დადებითი შედეგი მიიღოს. თუ მოსწავლეს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, ეს რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. მაგალითად, ასაკობრივი კატეგორია ძალიან მნიშვნელოვანია - გარდატეხის ასაკში მყოფი მოსწავლეების ნაწილს სწავლისადმი დამოკიდებულება ეცვლება. გასათვალისწინებელია მათი სოციალური და ოჯახური მდგომარეობა, რომელიც დიდწილად ბავშვის ინტერესებს და მზაობას გასნსაზღვრავს. შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტორების გათვალისწინებაც გვიწევს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ უკიდურეს შედეგამდე არ მიიყვანოს საქმე და მხოლოდ ბოლოს არ მოიკითხოს, რომ მოსწავლემ საკითხები ვერ დაძლია. ამ დინამიკას კლასის დამრიგებელი აუცილებლად უნდა აკვირდებოდეს. უნდა დაინტერესდეს, კონკრეტულ მოსწავლესთან რა შეიძლება იყოს დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი. ამის შემდეგ კი სხვა მასწავლებლებთან ერთად გამოსავალზე იფიქროს. ძალიან ბევრი პედაგოგიური მეთოდიკა არსებობს, რომ დავადგინოთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ ბავშვს სწავლა არ სურს. თუ მიზეზს დავადგენთ, მაშინ შედეგზე მუშაობაც შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ მის მხარეს ვართ, გამოჭერასა და დასჯას კი არ ვგეგმავთ, პირიქით, გვინდა, დავეხმაროთ, რომ უკეთესად ისწავლოს. თუ სადღაც კარგი აკადემიური შეფასება ვერ მიიღო, ეს იმას არ ნიშნავს, ის ცუდი ადამიანია და აღარაფერი გამოვა და ყველაფერი ცუდადაა. თუ ბავშვს დავარწმუნებთ, რომ სკოლისა და მასწავლებლების მზადყოფნა გულწრფელია და აღმოაჩენს, რომ ნამდვილად მის მხარეს ვართ, მაშინ შედეგი უკეთესობისკენ იცვლება. ამიტომ, თუ მასწავლებლების ნება და მზადყოფნაა, ყოველთვის შესაძლებელია, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ და საქმე უკიდურეს ფორმამდე არ მივიყვანოთ. თუ ამ დინამიკისთვის სკოლა მზადაა, კლასის დამრიგებელი მოწოდების სიმაღლეზეა, მასწავლებლებიც გაგებით ეკიდებიან ბავშვის ფსიქოემოციურ და სოციალურ მდგომარეობას, მაშინ შედეგი მიღწევადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მშობელზე ხელის გაშვერა და დადანაშაულება, რომ მისი შვილი ცუდად სწავლობს, შეცდომაა. რა თქმა უნდა, იგი ინფორმირებული უნდა იყოს, მაგრამ სკოლა და მშობელი ერთ მხარეს უნდა დადგნენ. თუ ბავშვი ნახავს, რომ მშობელი და სკოლა სხვადასხვა მხარესაა, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, რადგანაც გაორება, დაბნეულობა იწყება, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში. ამიტომაც, თუ ასე მივუდგებით ბავშვს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მოსწავლეები ბევრად უკეთესად იგებენ საკითხებს და ჩვენს გულწრფელ მზაობას უფრო ადექვატურად აღიქვამენ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

mshoblebi

- კლასში ჩატოვება, ე.წ. საშემოდგომოს გამოყოლება რამდენად გამართლებული პრაქტიკაა და როდის მიმართავს ამ გზას სკოლა?

- საშემოდგომო ტიპური გამოცდაა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი კლასში აუცილებლად ჩარჩება. თუ სასწავლო წლის განმავლობაში, სასწავლო წლის ბოლოს გარკვეულმა ძალისხმევამ არ გაამართლა და დამატებითი აქტივობების შედეგად დამაკმაყოფილებელი შეფასება ვერ მივიღეთ, მოსწავლეს კიდევ ვაძლევთ დროს, რომ თემები უკეთესად მოამზადოს და უკეთესი შედეგი აჩვენოს. ამიტომ, საშემოდგომო გამოცდის დაშვება მიზანშეწონილია, თუ იქამდე სხვადასხვა აქტივობამ და ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საშემოდგომო ძალიან იშვიათად, მხოლოდ ერთეულ მოსწავლეებთან გვაქვს ხოლმე და ისიც ძირითადად საბაზო და საშუალო საფეხურზე. თუ მოსწავლემ საშემოდგომო გამოცდასაც თავი ვერ გაართვა, მოსწავლის კლასში დატოვება შესაძლებელია. ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგრამ ეს საამაყო და პრესტიჟული შედეგი არ არის არც სკოლისთვის და არც ბავშვისთვის. ყოველთვის მსგავს საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგანაც ქმედება ბავშვებში კიდევ უფრო დიდ გაღიზიანებას, გულგრილობას იწვევს და ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღნიშნულ შედეგამდე არ მივიდეთ. განსაკუთრებით, 9 კლასის ჩათვლით, სკოლამ ყველა ღონისძიება უნდა გაატაროს, რომ მოსწავლე კლასში არ დარჩეს. ასეთი პრაქტიკა უახლოესი წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულ მოსწავლეებთან გვქონია და ძირითადად საშუალო საფეხურზე, მე-10 კლასს ზემოთ.

mshoblebi

- თუ არის განსაზღვრული, რამდენჯერ შეიძლება ჩარჩეს ბავშვი ერთსა და იმავე კლასში?

- ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. კანონმდებლობაში ცალკე გაწერილად ეს საკითხი არ შემხვედრია, მაგრამ ბავშვი თუ სამჯერ ჩავტოვეთ ერთსა და იმავე კლასში, ეს მიუღებელია და ესე იგი სკოლა არაა მოწოდების სიმაღლეზე. განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე. საშუალო საფეხურზე ბევრი მოსწავლე შეიძლება ისედაც გავიდეს სკოლიდან და პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა.

- როდის შეუძლია სკოლას, რომ მოსწავლე სკოლიდან გარიცხოს?

- მოსწავლის სკოლიდან გაშვება საბაზო საფეხურზე, მე-9 კლასის ჩათვლით დაუშვებელია. მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა დასაშვებია საშუალო საფეხურიდან, მე-10 კლასიდან, თუ იგი რეგურალურად არ ცხადდება სკოლაში, გარდა ამისა, თუ არის დაუმორჩილებელი, ეწევა რაიმე ტიპის კრიმინალურ საქმიანობას და ასე შემდეგ.

- დირექტორს თუ აქვს უფლება, რომ თვითნებურად დანიშნოს გამოცები და თუ მოსწავლე არადამაკმაყოფილებელ შეფასებას მიიღებს, სკოლიდან გარიცხოს?

- დირექტორს ერთპიროვნულად გამოცდების დანიშვნის უფლება არ აქვს. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლოა კონკრეტულ კლასში ე.წ. წლიური გამოცდა დაინიშნოს. წლიური გამოცდაც ვერ იქნება ისეთი, რომლის დროსაც შედეგი ცალსახად საბოლოო გარიცხვას ან კიდევ კლასში დატოვებას განსაზღვრავდეს. სულ ორი სემესტრი გვაქვს. თუ კონკრეტულ კლასსა და საგანში წლიური გამოცდაა დანიშნული და პედაგოგიური საბჭოს მიერ განსაზღვრულია, რომ წლიური გამოცდის შედეგიც მოსწავლის წლიურ შეფასებაზე უნდა აისახოს, მაშინ პირველი და მეორე სემესტრის საშუალო ქულას ემატება გამოცდის შეფასება, 3-ზე იყოფა და მიღებული ნიშანი ბავშვის წლიურ შეფასებას განსაზღვრავს. პირობითად, თუ წლიური გამოცდის ნიშანი არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ პირველ და მეორე სემესტრში დაგროვილი ქულებით მოსწავლე მაინც ახერხებს დადებითი შეფასების მიღებას, გამოცდა ცასახად არ განსაზღვრავს სკოლიდან გარიცხვას ან კლასში ჩატოვებას. მაგრამ, თუ არადამაკმაყოფილებელ შედეგს იღებს სამივე კომპონენტში, საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს. სკოლიდან მოსწავლის გარიცხვა კრიტიკულზე კრიტიკული შემთხვევაა, რომელიც არც ერთი სკოლისთვის არ არის სასურველი პრაქტიკა.

- კლასში ჩარჩენა ან ე.წ. საშემოდგომო გამოცდის გამოყოლება რომელი საფეხურიდანაა დასაშვები?

- ძირითადად მსგავსი მიდგომა საბაზო საფეხურს უკავშირდება, როდესაც მოსწავლეების განმსაზღვრელი შეფასება იწყება. პირველი კლასიდან მეხუთე კლასის პირველ სემესტრამდე მოსწავლეები მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით ფასდებიან და კონკრეტული ნიშანი არ იწერება. განმავითარებელი შეფასებაც შეფასებაა და თეორიულად, შესაძლებელია იმდენად უარყოფითი და კრიტიკული იყოს, კლასშიც დარჩეს, მაგრამ იმის გამო, რომ ამ საფეხურზე ბავშვები ზრდასრული ადამიანების გადაწყვეტილებებზე, მზრუნველობასა და ყურადღებაზე არიან დამოკიდებულნი, სკოლა უფრო მობილიზებულია, რომ ამ ასაკის ბავშვებთან მსგავსი კრიტიკული შედეგი არ დადგეს. თუ ეს შეუძლებელია, ოჯახიდან არ გვაქვს ადექვატური უკუკავშირი, მშობელი არ თანამშრომლობს და არ ერთვება პროცესში, მაშინ ვალდებულები ვართ, რომ სოციალურ სამსახურს მივმართოთ, შეისწავლონ კონკრეტული მოსწავლის ოჯახური მდგომარეობა, რომ მისი ფუნდამენტური უფლება, მიიღოს განათლება, მშობლის უყურადღებობის გამო არ დაირღვეს.

- რამდენი "არა" უნდა ეწეროს მოსწავლეს, რომ სტატუსი შეუჩერდეს?

- ბოლო ცვლილების მიხედვით, მოსწავლეს ზედიზედ 45 სასწავლო დღე უნდა ჰქონდეს გაცდენილი, რომ მას მოსწავლის სტატუსი შეუჩერდეს. თუმცა, იქამდე, რა თქმა უნდა, სკოლა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს, რატომ აცდენს გაკვეთილებს. კლასის დამრიგებელმა უნდა იცოდეს, რატომ არ ცხადდება ბავშვი სკოლაში. 45 დღის ბოლოს კი არ უნდა მოვიკითხოთ, პერიოდულად უნდა დავინტერესდეთ, რატომ არ დადის. თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მშობელი სამედიცინო დოკუმენტს წარმოადგენს, სადაც გაწერილია, რომ 1 თვეზე მეტი სამედიცინო რეაბილიტაციისთვის და მკურნალობისთვის, მოსწავლე შინ სწავლებაზე გადაგვყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლები დისტანციურად მუშაობენ, გარკვეულ დავალებებს აძლევენ და ეს პერიოდი მოსწავლეს გაკვეთილზე დასწრებად ეთვლებათ.

- მშობელს თუ აქვს გასაჩივრების უფლება არადამაკმაყოფილებელი ნიშნის, საშემოდგომო გამოცდის დანიშვნის ან კლასში დარჩენის შემთხვევაში?

- რა თქმა უნდა, მშობელს აღნიშნული უფლება აქვს. თუ მშობელი ფიქრობს, რომ სემესტრული შეფასება არაობიექტური იყო, მოგვმართავს განცხადებით და სემესტრულ გამოცდებს ვნიშნავთ. სემესტრული გამოცდის შემთხვევაში, იქმნება კომისია, რომელიც სკოლის დირექტორის ბრძანებით რეგულირდება. ის მასწავლებელი, რომელმაც საწყის ეტაპზე ბავშვი შეაფასა, კომისიაში მონაწილეობას აღარ იღებს. პროცესში სხვა მასწავლებლები ერთვებიან და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, მშობელს ყოველთვის შეუძლია გააპროტესტოს, თუ მიაჩნია, რომ მისი შვილის უფლება ირღვევა ან კიდევ სკოლის მხრიდან არასამართლიანი დამოკიდებულებაა.

თამარ იაკობაშვილი